სამთვიანი პაუზის შემდეგ იტალიაში სეზონი განახლდა და თან რა მატჩით განახლდა! ტურინში უმაყურებლო "ალიანც სტადიუმზე" თასის განმეორებით ნახევარფინალში "იუვენტუსი" 74 წუთის განმავლობაში კაცნაკლულ "მილანთან" უგოლო ფრეს დასჯერდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, პირველ მატჩშიც მსაჯმა "მილანის" ფეხბურთელი გააძევა (თეო ერნანდესი), პენალტი მაშინაც დონარუმას კარში ვიდეოგამეორების შემდეგ დაინიშნა (ბურთი ხელზე კალაბრიას მოხვდა) და კომპენსირებულ დროში რონალდომ თავის გუნდს ფრე მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ "მილანს" 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თეო ერნანდესი და სამუ კასტილეხო.
უკვე მე-16 წუთზე მსაჯმა დანიელე ორსატომ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ "როსონერის" კარში პენალტი დანიშნა (ბურთი საჯარიმოში ხელზე ანდრეა კონტის მოხვდა), მაგრამ რონალდოს გოლის გატანა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ არ დაანება - მის მიერ მოგერიებული ბურთი ძელს მოხვდა. სხვათა შორის, 2017 წლიდან მოყოლებული კრიშტიანო ყოველ სეზონში თითო თერთმეტმეტრიანს ვერ იყენებს.
ასევე, მე-16-ე წუთზე კი არბიტრმა სტუმართა თავდამსხმელი ანტე რებიჩი მასპინძელთა გუნდის მცველ დანილოზე უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათით სამართლიანად გააძევა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი "მილანი" თავს უნარიანად და ორგანიზებულად იცავდა, იშვიათად კონტრშეტევებითაც პასუხობდა, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.
ცნობისათვის, "მილანს" ტურინში "იუვენტუსი" 2011 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია - 9 წაგება, 1 ფრე.
"ბიანკონერი" მეცხრამეტედ გავიდა ფინალში, რაც რეკორდია - "რომამ" ფინალში თექვსმეტჯერ ითამაშა.
ფინალი 17 ივნისს რომში ჩატარდება - "იუვე" "ნაპოლისა" და "ინტერს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნეაპოლელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგეს. საპასუხო მატჩი 13 ივნისს გაიმართება.