Milan News-ის ინფორმაციით, დიდი შანსია იმისა, რომ 74 წლის იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო "მილანში" დაბრუნდეს.
როგორც გამოცემა წერს, გუშინ, 3 აგვისტოს, კაპელომ "მილანის" ოფისში 2 საათზე მეტი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი თვლის, ეს მხოლოდ "მეგობრული" ვიზიტი იყო, წყარო აცხადებს, კლუბმა კაპელოს "მილანის" ელჩობა შესთავაზა და მასთან მოლაპარაკებებიც გამართა.
გარდა იმისა, რომ კაპელო "მილანს" სამჯერ წვრთნიდა, ფეხბურთელობის დროსაც 3 სეზონი გაატარა "როსონერის" რიგებში. 1976-79 წლებში "შავ-წითლების" რიგებში ფაბიომ 65 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გუნდს კი 1987 წელს, 1991-96
პერიოდსა და 1997/98 სეზონში წვრთნიდა. მასთან ერთად გუნდმა 4-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.