შაკო კარგი რესპონდენტია - sportall.ge მას 2021 წლის 15 დეკემბერს ესაუბრა და ახლა ამ ინტერვიუს კიდევ ერთხელ გთავაზობთ. მაშინ "კვარას" "ნაპოლიში" ხილვაზე ჭორებიც კი არ ყოფილა. საინტერესოა, რაზე ვსაუბრობდით იმ დროს, რა ოცნებები ჰქონდა. მარიო რუის თემა მაშინაც აქტუალური იყო...
-
- ჩემი და "კალჩოს" ურთიერთობა 2000-იანებიდან იწყება - სამწუხაროდ, 90-იან წლებს ვერ მოვესწარი. ის, რაც ჩანაწერებში მინახავს, ჩემთვის საკმარისია იმის სათქმელად, რომ ამ პერიოდის იტალიის ჩემპიონატი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.
2005 წლამდე სერია "ა"-ს მაინც ჰქონდა 90-იანების ხიბლი გამოყოლილი და მოხარული ვარ, რომ ამ მატჩებს თვალს ვადევნებდი.
- რატომ "უყვარს" და ეხერხება "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ფინალებში წაგება?
- მე, როგორც "ნაპოლის" ქომაგს, "იუვენტუსთან" არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება მაქვს. ფინალში საერთოდ როგორ გადის ეს გუნდი, ჩემთვის ესეც რთულად ასახსნელია. გადამწყვეტ მატჩებში ამდენ მარცხთან უიღბლობა არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ მათი მაქსიმუმია.
- მარადონა ნეაპოლში არგენტინელებზე მეტად უყვარდათ?
- მარადონა ნეაპოლელებისთვის ღმერთია, რომელმაც კლუბი იმ მწვერვალებზე აიყვანა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ მას არ ღირსებია. კარგად გვახსოვს, "სან პაოლოზე" შეკრებილი პუბლიკა მხარს მარადონასა და არგენტინის ნაკრებს უჭერდა. ეს იმ სიყვარულს ასახავს, რომელიც კლუბს და ფეხბურთელს შორის იყო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი საქციელი იყო.
- რა მისცა იტალიის ჩემპიონატს კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერმა?
- კრიშტიანოს ტრანსფერმა "კალჩოს" მისცა ის, რომ საშუალო და მათზე ოდნავ მაღალი დონის მოთამაშეებმა იტალიას მიაშურეს. გაძლიერდა "ინტერი" და "მილანი" - მრისხანე "იუვენტუსის" წინააღმდეგ თავის გამოჩენა ყველას სურდა. რთულია, არ მოგწონდეს იქ თამაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გამოდის.
- მარადონას ფასი მაშინ სულ რაღაც 5 მილიონი იყო. ვინ ღირს დღეს ამდენი სერია "ა"-ში?
- მთლიანად "იუვენტუსი".
- კახა კალაძის ფაქტორი რამდენად დიდია იმაში, რომ საქართველოში სერია "ა" და "მილანი" უყვართ, "ინტერს" კი ცოტა გულშემატკივარი ჰყავს?
- "კალჩოს" სიყვარულში მთლად კახა კალაძის წვლილის გამოკვეთა ცოტა უხერხულია, იმიტომ, რომ იმდროინდელ სერია "ა"-ს უამრავი ვარსკვლავი ამშვენებდა და რომ არა ჩვენი თანამემამულე, მაინც ბევრ ადამიანს ეყვარებოდა, თუმცა წვლილი იმაში, რომ "მილანი" უფრო უყვართ, ვიდრე "ინტერი", კალაძეს ნამდვილად დიდი აქვს.
- გიორგი შაშიაშვილის გოლი ტიფოზებს დღესაც ახსოვთ?
- დიახ, თუმცა მახსოვს, როგორც საქართველოს ნაკრების ქომაგს და არა იტალიური ფეხბურთის ტიფოზს. ჩემთვის სამშობლო ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას.
- იტალიის ნაკრებს საქართველოსთან საკმაოდ უჭირს - ერთხელ ფრეც გავახერხეთ. რას უკავშირებთ?
- ალბათ, ჩვენ მიმართ გარკვეული პატივისცემა აქვთ.
- ტოლდო ბუფონთან ჭიდილში უსამართლოდ დაიჩაგრა?
- როდესაც ვსაუბრობთ ბუფონზე, იქ უსამართლობა არ უნდა ვახსენოთ - ჯიჯი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა და არ არსებობს ვინმე, თუნდაც ეს ტოლდო იყოს, რომელზეც ვიტყვით, რომ მასთან მიმართებით უსამართლოდ დაიჩაგრა. ფრანჩესკოს არ გაუმართლა, რომ თამაში ბუფონის ეპოქაში მოუწია - ეს არის და ეს.
- რომელია თქვენი თაობის ყველაზე დიდი იტალიელი ფეხბურთელი?
- ჩემი თაობის, ანუ 1995 წლიდან დღემდე, ალბათ, მაინც პაოლო მალდინი. მინდოდა ის ჩემი ინსპირაცია გამხდარიყო, მეც მარცხენა მცველად ვთამაშობდი, მაგრამ ვერაფრით დავემსგავსე.
- ვიცით, რომ საფეხბურთო ტურნირს ატარებთ. მასზე ცოტა მეტი რომ გვითხრათ...
- საფეხბურთო ტურნირების ჩატარება თავდაპირველად ფან-კლუბებს შორის დავიწყე და პირველად სულ 4 გუნდი იყო წარმოდგენილი. ბოლოს 16-გუნდიანი გახდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი გარდაიცვალა და გათამაშებაც მისი სახელობის გახდა. მას შემდეგ ვიკრიბებით ხოლმე ახლობლები, მეგობრები (ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება) და წელიწადში 2-ჯერ "ბესოს თასს" ვატარებთ, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და თავს ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას უყრის.
სამწუხაროდ, სათანადო ფინანსები არ გვაქვს...
- მარიო რუის მიმართ განსაკუთრებული "სიყვარული" როდიდან გაქვთ?
- მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" წევრი გახდა. საოცარი კაცია. ახლა ცოტათი ისწავლა თამაში. გუნდის ყველა თამაშს თვალს ვადევნებდი - მას არაფერი გამოსდიოდა. რაც "ენფილდზე", "ლივერპულთან" სალაჰის წინააღმდეგ მოხდა, მაგას დღემდე ვერ ვხსნი - ადამიანი ასე როგორ უნდა დავარდეს... ის, რომ ჩემი გვერდი დღეს პოპულარულია, სწორედ მისი დამსახურებაა - მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" წევრი გახდა.
- რა სურვილები გაქვთ?
- სურვილებს ჩემს გამომწერებთან ერთად რეალობად ვაქცევ და ეს მე ძალიან მახარებს - გაჭირვებულებს ვეხმარებით. მინდა, რომ იტალიაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბოს, მას კი თვალს სტადიონიდან ვადევნებდე. კიდევ რა სურვილი მაქვს? - ჩემი შვილი "ბარსელონას" გულშემატკივარი არ იყოს.
კვარაცხელიასა და ოსიმენის ჩვეული თამაშის მოლოდინში... - სკუდეტო, რომელზედაც ისინი გაახსენდებათ...
"ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...