"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გუნდში უნდა დარჩეს და მხოლოდ ისეთ წინადადებას განიხილავენ, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისი ნიგერიელში 150 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა კი "პარიზიენი" იტყობინება, რომ 30 მილიონით გააძვირა.
გამოცემის ცნობით, ოსიმენის სამსახურით პსჟ-ია დაინტერესებული, მაგრამ მოთხოვნილმა თანხამ, 180-მა მილიონმა პარიზული კლუბი აიძულა, მის შეძენაზე უარი ეთქვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით სატრანსფერო ბიუჯეტი გაეზარდა.
გასულ სეზონში ოსიმენმა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე
39 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermark-ის მიხედვით კი, მისი ფასი 120 მილიონია.