ხვიჩა რჩება! - რა ხდება იტალიის ჩემპიონატში და რა შანსი აქვს "ნაპოლის"?

AutoSharing Option
"ნაპოლი" ევროტურნირებზე რომ ვერ გავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას სხვა გუნდში გადასვლა კიდევ უფრო სასურველი გახდა. ამავდროულად, ანტონიო კონტეს აქ მწვრთნელად მოსვლა და სხვა ფაქტორები გვაფიქრებინებდა, რომ ქართველ გარემარბს ასე იოლად არ შეელეოდნენ.

ნეაპოლური კლუბი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება, საინტერესო ტრანსფერებს აკეთებს და ამბიცია ნამდვილად ექნება. ბორჯორნოს, მარინისა და სპინაცოლას შეძენა იმას ნიშნავს, რომ სამმცველიან ტაქტიკაში ცენტრსა და ფლანგებზე ბევრი რამ უნდა დალაგდეს. ახლა რასაც ველოდებით, ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლა და რომელუ ლუკაკუს მოსვლაა...

გრანდები

გასულმა სეზონმა კარგად გამოაჩინა, სიმონე ინძაგის "ინტერი"
იდეალურად რომ იყო დაკომპლექტებული. ჯერჯერობით, გუნდიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ წასულა, გაძლიერება კი ხდება.

მილანელებმა "ჯენოას" 26 წლის მშვენიერი ესპანელი მეკარე ჯოზეფ მარტინესი შეიძინეს, რომელიც იან ზომერის მნიშვნელოვანი კონკურენტი იქნება; გუნდმა ტალანტების კუთხითაც იმუშავა და 18 წლის სლოვენიელი ნახევარმცველი ლუკა ტოპალოვიჩი დაიმატა. პიოტრ ზელინსკის შესახებ დიდი ხანია ვიცოდით; ინძაგის გუნდმა იჯარის შემდეგ კონტრაქტები გაუფორმა კარლოს აუგუსტოსა და მარკო არნაუტოვიჩს, ამ უკანასკნელის გაფორმების მიუხედავად კი, კიდევ ერთი ძლიერი ფორვარდი, 32 წლის ირანელი მეჰდი ტარემი გააოფიციალურა. მართალია, მას "პორტუში" გასული სეზონი ნაკლებად შედეგიანი ჰქონდა, თუმცა ვიცით, რომ ბევრი შეუძლია. აქვე შეგახსენებთ, "ინტერის" წინა ხაზში ლაუტარო, ტურამი და კორეა არიან.

ტურინის "იუვენტუსი" ტიაგო მოტასთან ერთად ახალ ეპოქას იწყებს და ყველაფერს გააკეთებს, უკვე მართლაც მონატრებული სკუდეტო დაიბრუნოს.

Sportall.Ge

მოიზე კინი, რომელიც ამ გუნდს სრულყოფილად ვერაფრით მოერგო, "ფიორენტინაში" ითამაშებს. "იუვემ" ფელიშ კორეიაც საბოლოოდ გაასხვისა. რაც შეეხება გაძლიერებას - გასული სეზონის გამორჩეული მეკარე მიკელე დე გრიგორიო ("მონცა") შეიძინეს, რომელსაც ამბიცია ექნება, შჩესნის აჯობოს. დაცვაში 23 წლის კოლუმბიელი ხოან კაბალი "ვერონადან" გადაიბირეს; "ადმირადან" 19 წლის დავიდ პუჩკა დაიმატეს.

მოტამ ნახევარდაცვაში საკმაოდ ბევრი დახარჯა - 20 მილიონი "ნიცას" 23 წლის კეფრენ ტურამში გადაუხადეს. მოგეხსენებათ, ისიც ლეგენდარული ლილიანის შვილია და "ინტერელი" მარკუსის ძმაა; "ასტონ ვილას" ბიუჯეტი ბრაზილიელ დუგლას ლუისის გამო 50 მილიონი ევროთი გაამდიდრეს...

რაც შეეხება "მილანს", პაულო ფონესკას გუნდმა თავის დროზე დიდი იმედებით შეძენილი დე კეტელაარი და კრუნიჩი საბოლოოდ გაასხვისა, ოლივიე ჟირუ კი აშშ-ში წავიდა. ფრანგს აშკარად შესაბამისი შემცვლელი მოუძებნეს - ალვარო მორატა. "მილანის" სხვა ტრანსფერებს ველით.

პასიური რომაული კლუბები

ახალი მწვრთნელი იტალიაში ბევრ გუნდს ჰყავს და ერთ-ერთი "ლაციოა". ჩირო იმობილეს თურქეთში წასვლის შემდეგ იგორ ტუდორის გუნდს შეტევაში გაძლიერება სჭირდება და ამას რამდენად გააკეთებს "ვერონადან" ნაყიდი ნიდერლანდელი, 25 წლის ნოლსინ ტიჯანი, რთული სათქმელია.

პასიურია "რომაც". მათ გამოცდილი ავსტრალიელი მეკარე მეტიუ რაიანი შეიძინეს, რომელიც სერბი სვილარის დუბლიორი იქნება. ნახევარმცველ ენცო ლე ფის სანაცვლოდ რომაელებმა "რენს" 23 მილიონი გადაუხადეს.

Sportall.Ge

დაბრუნებები

შვეიცარიელი რემო ფროილერი, რომელიც "ატალანტაში" კარგად გამოიყურებოდა, ინგლისში ერთწლიანი თამაშის შემდეგ იტალიას დაუბრუნდა და "ბოლონიას" შეუერთდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო დაბრუნებას, ნიკოლო ძანიოლო "რომადან" "გალათასარაიში" გადასვლის შემდეგ, ამჯერად "ატალანტაში" ითამაშებს.

და კომო...

სესკ ფაბრეგასი ძალიან გემოვნებიანი და შემოქმედებითი ფეხბურთელი იყო. ის ახლა სერია "ა"-ში აღზევებულ "კომოში" დანიშნეს, ეს გუნდი კი სერიოზულ ტრანსფერებს ახორციელებს.

Sportall.Ge

გუნდში 41 წლის ლეგენდარული მეკარე პეპე რეინა მივიდა. დაცვაში "ვილიარეალიდან" კიდევ ერთი ესპანელი და ერთ დროს "ლივერპულელი", 32 წლის მარცხენაფლანგელი, ალბერტო მორენო შეიძინეს. ფორვარდ ანდრეა ბელოტიში "რომას" 4.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. 8 მილიონი ევრო გამოცდილი იტალიელი ალბერტო დოსენას ფასი იყო. ახლოსაა რაფაელ ვარანის ტრანსფერიც...

ფაბრეგასის გუნდს ამხანაგური მატჩი საუდის არაბეთის ჩემპიონ "ალ ჰილალთან" აქვს დაგეგმილი, 11 აგვისტოს თასზე "სამპდორიას" შეხვდება, 19 აგვისტოს კი ჩემპიონატს "იუვენტუსთან" სტუმრობით დაიწყებს. კარგია, რომ ელიტაში "პარმა" დაბრუნდა.

დაველოდოთ სერია "ა"-ს, რომელიც ბოლო ორი სეზონია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო და თუკი დარჩენილ დროში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი არ ვიხილეთ, ასეც დარჩება. იმედი ვიქონიოთ, "ნაპოლი" წელს ძალიან ამბიციური იქნება!..

სხვა ქართველები სერია "ა"-ში: საზონოვი ("ტორინო"), გოგლიჩიძე ("ემპოლი").

altსიტუაცია მძიმეა - დე ლაურენტისს და კონტეს ოსიმენი ხელში შერჩათ?

altდრის მერტენსი: მოპოვებული სკუდეტო დიდწილად კვარაცხელიას დამსახურებაა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიчა საკართველოს საამაყო шვილია
მერაბი გარახა
14:39 23-07-2024
3
ხვიჩას მაგინებლების კომენტარს ვერ ვხედავ. არადა, დე კეტელაარი 100 მილიონადაა ნაყიდი და არ გამოადგა მილანს, ამან მეორე სეზონიც მაღალ დონეზე ითამაშა
ზვიადი
13:59 23-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული