ადვოკაატი: სად ჩვენ და სად საფრანგეთი?!

AutoSharing Option
როგორც იქნა, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ბანაკში შედარებით გამოიდარა. დიკ ადვოკაატის გაწვრთნილმა გუნდმა საშინაო შეხვედრაში 3:1 მოუგო ბულგარეთს და მუნდიალზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ამ გამარჯვების მიუხედავად, ჰოლანდიის ნაკრების გამოცდილი თავკაცი დიკ ადვოკაატი ეიფორიას არ ეძლევა. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდის შედარება არ შეიძლება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამ ნაკრებთა შეხვედრა ჰოლანდიელთა განადგურებით (0:4) დასრულდა.

"ჩვენ არ უნდა შეგვადარონ საფრანგეთს. ჩემი აზრით, ეს არ არის რეალური შე
დარება. რა თქმა უნდა, შეიძლება შეგვადარონ შვედეთს, ბელორუსს, ბულგარეთს და ლუქსემბურგს, მაგრამ არა - საფრანგეთს. რაც შეეხება ბულგარეთთან შეხვედრას, ეს იყო ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის მატჩი.

მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ. გაცილებით მეტი გოლიც შეგვეძლო გაგვეტანა, მაგრამ სამი გავიტანეთ და გულშემატკივარი ამითიც კმაყოფილია. ვაგრძელებთ ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად", - თქვა ადვოკაატმა.

ამასობაში, არიენ რობენმა, ვინც ბულგარეთს გაუტანა, ეროვნულ ნაკრებში გოლების მიხედვით ჰოლანდიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, იოჰან კრუიფს (33 გოლი) გადაასწრო. რობენის სანაკრებო მონაგარი 94 მატჩი და 34 გოლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დონეზეა ჰოლანდიური ფეხბურთი ლუქსემბურგს შეგვადარონო ლუქსემბურგსო:)რინუს მიხელსი გადაბრუნდებოდა საფლავში.
ლაშა
20:07 08-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული