"კოსმოს არენაზე" დანიას შეუძლია "კოსმოსში გაფრინდეს", თუ ავსტრალიას დაამარცხებს. კრისტიან ერიკსენსა და მის თანაგუნდელებს კარგად არ უთამაშიათ, თუმცა პირველ ტურში პერუს, რომელსაც საოცრად არ უმართლებდა, დამარცხება მაინც შეძლეს.
მატჩის შემდეგ დანიელთა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ აღიარა, რომ დროდადრო სასოწარკვეთილება იპყრობდა და ეგონა, რომ მისი გუნდი აუცილებლად დამარცხდებოდა ამ შეხვედრაში. მაგრამ კრისტიან ერიკსენისთვის ერთი ჩვეულებრივი პასი და იუსუფ პოულსენის დარტყმა გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
თავის მხრივ, "სოკერუსმა" დიდი ბრძოლა გაუმართა საფრანგეთის ნაკრებს და ბოლოს დრამატულად დამარცხდა - 1:2. ავსტრალიელებს ყველაზე
დანიას ისევ ერიკსენის იმედი აქვს. "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში ბოლო 14 მატჩში 12 გოლი (!) და 5 საგოლე პასი მიითვალა. ავსტრალიელებს თავიანთი "ერიკსენი" ჰყავთ - მაილ იედინაკმა საფრანგეთს გაუტანა. ეს მისი მე-19 გოლია 52 სანაკრებო მატჩში.
დანიელებს არ ეყოლებათ 33 წლის ნახევარმცველი უილიამ კვისტი, რომელმაც პერუსთან შეხვედრის პირველ ტაიმში ნეკნები დაიზიანა. ანდრეას კრისტენსენმა კი, წესით, უნდა მოასწროს გამოჯანმრთელება.
საინტერესოა, ახლა თუ მაინც მიეცემა შანსი 38 წლის ტიმ კეჰილს. თუ ავსტრალიელი ამ მუნდიალზე გატანას შეძლებს, მხოლოდ მე-4 ფეხბურთელი გახდება, ვისაც 4 მუნდიალზე აქვს გოლები გატანილი პელეს, უვე ზეელერისა და მიროსლავ კლოზეს შემდეგ. შესაშური კომპანიაა.
ბერტ ვან მარვეიკი კეჰილს სასტარტოში არც ახლა ათამაშებს. ჰოლანდიელი მხოლოდ ერთ ცვლილებას აპირებს - წინ ტომი იურიჩი ითამაშებს და არა ენდრიუ ნაბუ.
ფაქტები
- 2007 წლიდან მოყოლებული, გუნდები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. დანიამ 2-ჯერ მოიგო, ავსტრალიამ - ერთხელ.
- დანიელების ბოლო მატჩებში ძალიან ცოტა გოლი გადის - ხუთიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა, აქედან 4-ში - 1.5 გოლზე ნაკლები, ხოლო 2 სულაც 0:0 დასრულდა.
- ავსტრალიის ნაკრებმა მუნდიალებზე მხოლოდ 2 მატჩი მოიგო (3 ფრე, 9 წაგება).
- დანიას მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) 10 თამაშია, რაც არ წაუგია.
- კასპერ შმეიხელმა მამის, პეტერ შმეიხელის მშრალი სერია გააუმჯობესა ნაკრებში - 534 წუთი (470-ის წინააღმდეგ).
C ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. სამარა. კოსმოს არენა
დანია-ავსტრალია 16:00
სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-2-3-1): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - დელეინი, შიონე - ი. პოულსენი, ერიკსენი, სისტო - იორგენსენი
ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი - რისდონი, სეინსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსი - როგიჩი - იურიჩი
არბიტრი: მ. ლაოსი (ესპანეთი)
იღბლიანი და უიღბლო
პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებმა პოლ პოგბას გადამწყვეტი გოლით, რომელიც გოლის ტექნოლოგიის წყალობით ჩაითვალა, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა ავსტრალიის ნაკრები.
შეჩერდით, არასწორად გცოდნიათ! აი, რა მოხდა...
ფიფამ პოლ პოგბას ეს გამარჯვების გოლი წაართვა და ავსტრალიელთა მარცხენა მცველ ბეჰიჩს გადაულოცა, როგორც ავტოგოლი. არა გვგონია, ამ ამბავს ან პოგბა გაეხარებინოს, ან ბეჰიჩი.
დიდიე დეშამს პირველი თამაშის მერე ბევრი აკრიტიკებს. მწვრთნელი პერუსთან მატჩში ცვლილებებს გეგმავს. დიდი ალბათობით, ოლივიე ჟირუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, უსმან დემბელე კი ამ სტატუსს დაკარგავს. მარჯვენა ფლანგი კვლავ სუსტი წერტილია, სიდიბე ისევ ტრავმირებულია, თუმცა თამაშის მეტი შანსი აქვს. მარცხენა ფრთაზე მენდის ლუკა ერნანდესის შეცვლის შანსი აქვს.
რიკარდო გარეკა სასტარტოში კაპიტანსა და ლიდერ პაოლო გერეროს დააბრუნებს, ხოლო გუნდის მეორე ლიდერი ჯეფერსონ ფარფანი შეტევის მარცხენა ფლანგზე გადაიწევს. ვნახოთ, რას მოიტანს ეს ჩანაფიქრი.
ფაქტები
- საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო.
- აღნიშნულ ტურნირზე პერუს ბოლო 5 მატჩიდან ყველაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
- საფრანგეთმა მსოფლიოს თასის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში 1-ბურთიანი სხვაობით იმარჯვა.
- 40 წელია, რაც საფრანგეთს მუნდიალზე სამხრეთ ამერიკის ნაკრებთან არ წაუგია.
- პერუელებს მუნდიალზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.
- პერუს ნაკრებმა ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (10 მოგება).
C ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ეკატერინბურგი. ცენტრალური
საფრანგეთი-პერუ 19:00
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ლუკა ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ
პერუ (4-2-3-1): გალიესე - ადვინკულა, ა. როდრიგესი, კ. რამოსი, ტრაუკო - იოტუნი, ტაპია - კარილიო, კუევა, ფარფანი - გერერო
არბიტრი: მ. მოჰამედი (საამიროები)
ლეოს გამოცდა
ლეო მესის ერთ-ერთი უდიდესი ტესტი ბოლო დროს - არგენტინელმა გენიოსმა უნდა გაარღვიოს მოდრიჩი-რაკიტიჩის ტანდემით შეკრული ხორვატიის ნაკრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო შანსი სიდიადემდე შეიძლება ძალიან შემცირდეს.
არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ეს ქულა გუნდმა მუნდიალის დებიუტანტ ისლანდიასთან აიღო, მას მერე, რაც მათმა ლიდერმა პენალტი ვერ გაიტანა. არგენტინის და მესის თავზე კრიზისის ღრუბლებმა მოიყარეს თავი.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხორვატიას ფრეზე თამაში აწყობს. გუნდს აღარ ჰყავს ნიკოლა კალინიჩი, რომელმაც ნიგერიასთან 2:0 მოგებულ მატჩში შეცვლაზე შესვლა იუარა და დასჯილია.
ხორხე სამპაოლი სამკაციან დაცვით ხაზზე გადაერთვება. ამის წყალობით შემადგენლობაში ადგილი შესაძლოა, 4-მა ფეხბურთელმა დაკარგოს და მათგან მხოლოდ როხოა მცველი. წინა მატჩში კრისტიან პავონი აქტიურად ჩაერთო თამაშში და მას სასტარტოში ველით. ხორვატთა შემადგენლობაში შეიძლება ერთი ცვლილება ვიხილოთ - მარსელო ბროზოვიჩმა სასტარტოში თამაში დაიმსახურა.
ფაქტები
ბოლო ექვსი მატჩი ორივე ნაკრებისთვის - 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.
აქედან 3-3 მატჩში ორივე გუნდმა კარი მშრალად შეინახა.
არგენტინა და ხორვატია ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. არგენტინელებმა 2 შეხვედრა მოიგეს, ხორვატებმა - ერთი.
ბოლო 10 მატჩში ხორვატიის ნაკრებმა 8 გოლი გაუშვა, არგენტინამ კი - 13.
მსოფლიოს თასის ეგიდით ხორვატების ბოლო 11 თამაშიდან 10-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
D ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. ნიჟნი სტედიუმი
არგენტინა-ხორვატია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
არგენტინა (3-4-1-2): კაბალიერო - მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო - სალვიო, მასკერანო, პერესი, აკუნია - მესი - პავონი, აგუერო
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი - რაკიტიჩი, ბროზოვიჩი - პერიშიჩი, მოდრიჩი, რებიჩი - მანჯუკიჩი
არბიტრი: რ. ირმატოვი (უზბეკეთი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"