საფრანგეთი VS ხორვატია - მუნდიალი გამარჯვებულს ელის

AutoSharing Option
"ლუჟნიკი" მუნდიალის ფინალურ მატჩს ელის, რომელშიც ერთმანეთს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი და ფინალში პირველად გასული ხორვატია ხვდებიან. ფავორიტი "ლე ბლოა", მაგრამ "ვატრენი" უბრძოლველად არაფრის დამთმობია.

გზა ფინალამდე საფრანგეთი
ჯგუფურ ეტაპზე დიდიე დეშამის გუნდმა მძიმედ დაიწყო, მაგრამ მოგებით - ავსტრალია 2:1 დაამარცხა. საფრანგეთი მე-2 ტაიმში ანტუან გრიზმანის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ავსტრალიელებმა მალევე გაათანაბრეს, სანამ 81-ე წუთზე პოლ პოგბამ არ იყოჩაღა. მოგვიანებით ფიფამ პოგბას გოლი "ჩამოართვა" და ის ბეჰიჩის ავტოგოლად აქცია.

ამის შემდეგ "ლე ბლომ" პერუს კილიან მბაპეს გოლით მინიმალური სხვაობით
აჯობა - 1:0. ჯგუფის ბოლო მატჩში დეშამის გუნდი დანიას 0:0 დაუზავდა და C ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ამ უსახურ მატჩს მერვედფინალში ფანტასტიკური დაპირისპირება მოჰყვა არგენტინის ნაკრებთან - მბაპემ და კომპანიამ ლეო მესის მუნდიალის მოგების იმედი გადაუწურა - 4:3. 57-ე წუთამდე საფრანგეთი 1:2-ს აგებდა (ფრანგების გოლი ისევ გრიზმანის პენალტით გავიდა). სწორედ აქ ბენჟამენ პავარმა მუნდიალის ერთ-ერთი ულამაზესი და ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. საფრანგეთმა თამაში შემოატრიალა, მბაპემ დუბლი მიითვალა და აგუეროს პასუხი უკვე დაგვიანებული იყო.

მეოთხედფინალში საფრანგეთი ედინსონ კავანის გარეშე დარჩენილ ურუგვაის გაუსწორდა - 2:0. ეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საფრანგეთმა მეტოქეს ერთ გოლზე მეტი სხვაობით მოუგო. გოლები რაფაელ ვარანმა და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.

ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა სამუელ უმტიტის გოლით დაამარცხა დიდებული ბელგია - 1:0.

ხორვატია
D ჯგუფში მოთამაშე ხორვატიამ ჩემპიონატი ნიგერიის დამარცხებით გახსნა - 2:0. ავტოგოლს, ლუკა მოდრიჩის პენალტი მოჰყვა. შემდეგ ხორვატებმა მიწასთან გაასწორეს არგენტინელები, მესისა და კომპანიას ულაპარაკოდ აჯობეს - 3:0. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ანტე რებიჩმა, მოდრიჩმა და ივან რაკიტიჩმა გაიტანეს. ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ხორვატიამ ისლანდიასაც მოუგო - 2:1. გოლები მილან ბადელიმ და ივან პერიშიჩმა გაიტანეს. ხორვატიამ ჯგუფი მაქსიმუმით, 9 ქულით მოიგო.

აი, ამის შემდეგ ხორვატიის ნაკრებს ძირითად დროში აღარ მოუგია და სამი 120 წუთი ითამაშა, ორჯერ პენალტის სერიით.

მერვედფინალში გუნდი დანიას 1:1 დაუზავდა (გოლი მარიო მანჯუკიჩის ანგაიშზეა). ამ შეხვედრაში მოდრიჩმა პენალტი ვერ გაიტანა 116-ე წუთზე. პენალტების სერიაში დანიელ სუბაშიჩმა 3 დარტყმა მოიგერია და სერია ხორვატიამ 3:2 მოიგო.

მეოთხედფინალში ხორვატია რუსეთს 1:1 დაუზავდა, რუსების პირველ გოლს პირველივე ტაიმში ანდრეი კრამარიჩმა უპასუხა. 101-ე წუთზე დომაგოი ვიდამ ხორვატია წინ გაიყვანა, მაგრამ თამაში მაინც პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც ხორვატებმა 4:3 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე სერიაში ბოლო, გადამწყვეტი დარტყმები რაკიტიჩმა შეასრულა.

ხორვატიას ნახევარფინალშიც 120 წუთი დასჭირდა, მაგრამ ფეხბურთის სამშობლო ინგლისთან პენალტების სერიამდე საქმე აღარ მისულა, ივან რაკიტიჩმა მეორე ტაიმში გაათანაბრა, ხოლო მარიო მანჯუკიჩმა იმავე რაკიტიჩის პასით 109-ე წუთზე ხორვატიას გამარჯვება მოუტანა - 2:1.

გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან
დიდიე დეშამი გამარჯვებულ შემადგენლობას არ გამოცვლის. ჯიბრილ სიდიბე კვლავ ტრავმას უჩივის და შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ მას მერე, რაც ბენჟამენ პავარმა ამ მუნდიალზე ყველა გააკვირვა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე საფრანგეთს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

ბლეზ მატუიდი ედენ აზართან შეჯახებისას დაშავდა, მაგრამ ის, წესით, მწყობრში უნდა იყოს და ფინალი სასტარტოში დაიწყოს, თუ არა და, კორენტენ ტოლისო მზად იქნება მის შესაცვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ოლივიე ჟირუ ვერ ბრწყინავს, არც მის ადგილს ემუქრება რამე სასტარტო შემადგენლობაში.

ხორვატიაც სავარაუდოდ, იმ 11-ეულით ითამაშებს, რომლითაც ფონს ნახევარფინალში გავიდა. ინგლისთან მატჩის გმირს, მარიო მანჯუკიჩს მცირე ტრავმა აქვს, თუმცა ის ალბათ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. იმავეს ვიტყვით მარცხენა მცველ სტრინიჩზე.

შიმე ვრსალკომ ინგლისთან კარგად ითამაშა, მას ტრავმის ნასახიც არ ეტყობოდა, ასე რომ, "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველსაც ველით სასტარტოში. პერიშიჩმა ინგლისთან მატჩის მერე სულაც საავადმყოფოს მიმართა, მაგრამ "ინტერის" ვარსკვლავიც მწყობრში უნდა იყოს მოსკოვური მატჩისთვის.

ფაქტები
  • ხორვატიამ ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა და სამივეში 120 წუთი ითამაშა, პლუს 2 პენალტების სერია.
  • საფრანგეთმა მსოფლიოს თასის ეგიდით გამართული ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო.
  • ხორვატების ბოლო 3 თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი არენა
საფრანგეთი-ხორვატია 19:00
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ
ხორვატია (4-1-4-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი - ბროზოვიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
არბიტრი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ევრპაც უნდა მოეგოთ მამლებს.
1234
17:48 15-07-2018
2
თამაშობს აფრიკის ნაკრები და ხორვატია...
status quo
17:26 15-07-2018
3

სიახლეები პოპულარული