გასულ კვირას "ვალენსიას" მცველი ხოსე გაია დაშავდა და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მის ნაცვლად ალექს ბალდე (ბარსელონა) შეიყვანა.
კლუბში გაიას დაბრუნებისას მედპერსონალმა დაასკვნა, რომ ტრავმა უმნიშვნელოა და პირველივე ტურში შეეძლო თამაში. ლუის ენრიკემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ უნდოდა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაერისკა.
თუმცა "ვალენსია" "ფურია როხას" თავკაცის მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა. ცნობისათვის, როდესაც გაია თამაშობდა, ნაკრები არასოდეს არ დამარცხებულა - 12 მატჩში 9 მოგება და 3 ფრე.