„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.
მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.
ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.
ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)