ერთი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...

AutoSharing Option
ერთი წლის წინ (18 დეკემბერს), კატარის 2022 წლის მუნდიალი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ ამბავს მიეძღვნა...

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოველთვის ემოციებისგან დაცლილები ვართ და მცირე პერიოდი მოწყენილობაც კი ისადგურებს. ახლა ყველაფერს ისიც ემატება, რომ კატარის მუნდიალზე ბევრი ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც მომდევნო ჩემპიონატებზე ვეღარ ვიხილავთ და ის გვაფიქრებს, ვნახავთ კი მათ ღირსეულ შემცვლელებს, ამ ტაქტიკურ ჭიდილსა და პრაგმატიზმზე გადართულ თანამედროვე ფეხბურთში? დასასრული ისეთი იყო, როგორიც ამ სევდის საბაბს შეშვენის - ლიონელ
მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა...

Sportall.Ge

მსოფლიო ფეხბურთს არაერთი დიდი მოთამაშე ახსოვს და მათი გარკვეული დახარისხება იქნებ კარგი საქმე არც იყოს. ზოგიერთი ნაკლებად ტიტულოვანია, ვიღაც არასათანადოდ დაფასებული, თუმცა ვერ გავექცევით იმას, რომ საერთო შეთანხმებაც არსებობს. აქამდე ასეთი ორზეა - პელე და მარადონა. სიტუაცია მესამის დასახელებას მოითხოვს, თორემ ეს შეუძლებელია თვითმიზანი იყოს. ვინ არ მოუაზრებიათ მანდ - იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო, ბრაზილიელი თუ პორტუგალიელი რონალდო, თუმცა ყველაზე დიდი შანსი ყოველთვის მაინც ლიონელ მესის ჰქონდა. არგენტინელი "ათიანი" მთელი კარიერის განმავლობაში სხვა პლანეტაზეა. შესაძლოა, გაცვეთილი ფრაზაა, თუმცა ის გენიოსია, რომელსაც შეუძლია ისეთი რამ მოიფიქროს, უსწრაფესი გადაწყვეტილება მიიღოს და შეასრულოს, რომლის გააზრება ჩვეულებრივი ადამიანისთვის რთულია და ვერც ერთი მწვრთნელიც მოიძებნება, რომელმაც შეიძლება ეს "ტვინში ჩაგიდოს". რა აკლდა მესის იქამდე, რომ პელესა და მარადონას გვერდით თამამად მოეხსენიებინათ? - მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა. საკლუბო დონეზე, მან "ბარსელონას" ისტორიას ახალი სიცოცხლე შთაბერა - ჩემპიონთა ლიგაზე მისი უპირობო ლიდერობით სამჯერ გაიმარჯვა, მადრიდის "რეალთან" შთამბეჭდავი შედეგები დააფიქსირა, გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა საოცარ ნიშნულზე აიყვანა. რაც შეეხება სანაკრებო ამბებს, კოპა ამერიკა კი მოიგო, თუმცა მთავარი მიზანი ახლა კატარში შეასრულა.

Sportall.Ge

მესი მსოფლიო ჩემპიონობის გარეშეც გენიოსია, ამ ტიტულის შემდეგაც იქნება ბევრი საუბარი იმაზე, არის თუ არა თუნდაც თავის თანამედროვე კრიშტიანო რონალდოზე მეტი ან კილიან მბაპე უფრო დიდი ხომ არ გახდება, თუმცა ყველაზე დიდები რაღაც ზებუნებრივი ენერგიით დაჯილდოებულნი არიან, რაც მესის შემთხვევაში, ობიექტურად ყველაზე მეტი დოზითაა.

ლიონელ მესი კატარში იმაზე ემოციური იყო, ვიდრე გვინახავს. არადა, ის ამ სიდიადის მიუხედავად, მუდამ თავმდაბალია, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც აფასებენ. არავის უნახავს ლეოს სკანდალები, არც პაპარაცების ობიექტი ყოფილა. მესის ძალიან აქტიური გულშემატკივარი მეუღლე ჰყავს, რომელიც მის ყოველ მატჩს ესწრება, 3 შვილი; არგენტინელთა "ათიანის" ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იძებნება, თუ რამდენად დიდ დროს უთმობს ოჯახს, შვილებს, მათი ინტერესების გათვალისწინებას...

Sportall.Ge

მესის გაჩემპიონებას "ბარსელონამ" განსაკუთრებული პოსტები მიუძღვნა. ის მათი სიმბოლოა, მიუხედავად იმისა, რომ კარიერას ახლა სხვაგან აგრძელებს. ვისი ბრალიც უნდა იყოს ეს ამბავი, არასასიამოვნოა. მესის თითქოს მხოლოდ ორ გუნდში უნდა ეთამაშა, "ბარსელონა" მისთვის მეორე სამშობლო იყო, სადაც ყველაფერი გააკეთეს, ლეოს საკუთარი უნარები სრულად გამოემჟღავნებინა...

მესი ძალიან მებრძოლ და ძლიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ ნაკრებში რჩება. მან შესაძლო წასვლა მოტივაციისთვის გამოიყენა, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონის რანგში თამაში მისთვის სხვა პატივია. აქამდეც, რამდენჯერმე განაწყენდა, უფრო საკუთარ თავს გაუბრაზდა, წავიდა, საბოლოოდ კი დიდებული სანაკრებო პერიოდი დაუდგა, რასაც საკლუბოზე ვერ ვიტყვით.

შევხვდებით 2026 წელს, იმედია, საქართველოს ნაკრებთან ერთად!

altმესი დიდების მწვერვალზე - არგენტინა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

altასე აღნიშნეს ჩემპიონობა ბუენოს-აირესში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
რა თქმა უნდა მესის სრულფასოვნად შეუძლია პელეს და მარადონას გვერდით დგომა. აქ ორი აზრი არ არსებობს.
სხვა საკითხია მესი თუ მარადონა, და ჩემი მოკრძალებული აზრით მესი, რატომ? იმიტომ რომ:
1. თუ ტიტულებით ვიმსჯელებთ მესის ერთადერთი მოსფლიო ჩემპიონობით ჩამოუვარდებოდა მარადონას და ახლა ესეც არ არის. საკლუბო ტიტულებით კი მარადონა ახლოს ვერ მივა მესისთან;
2. მესის კარიერის ხანგრძლივობა, გოლები, თამაშის სტილი,მე ვფიქრობ შესამჩნევად აღემატება მარადონისას;
3. ფეხბურთი პირველ რიგში მაინც სპორტია, და როგორც სამაგალითო სპორცმენი, მისაბაძი მაგალითი ახალი თაობისათვის მარადონა მესისთან ახლოსაც ვერ მოვა;
4. მესი - თავმდაბალი ადამიანი, კარგი მეოჯახე, არასდროს გახვეულა სკანდალებში, ღირესეულად იღებდა დამარცხებასად და გამარჯვებასაც, რისგანაც სამწუხაროდ მარადონა მეტისმეტად შორს იყო.
კიდევ შეიძლება გაგრძლება, ხოდა რა თქმა უნდა მესი!
Irakli
15:54 19-12-2022
13
სიმართლე გითხრათ მეც არგენტინის და ჩემი საყვარელი ფეხბურთელის მესის ქომაგობით, ისე ვარ დაცლილი ემოციებისგან, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზზე თუ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა. გუშინ სულ დამამშვიდებელი წამლებით ვუყურებდი ფინალს (გადარეულ ფანებს რა დაგვამშვიდებს?) და არ მეგონა ბოლო წუთებზე თუ გადავრჩებოდი ისე მიცემდა გული. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფრი მშვიდობით დამთავრდა!
გია
14:25 19-12-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული