502 000 000 ევრო 5 წელიწადში - შეიხთა ახირების დრო

AutoSharing Option
1,2 ევრო წამში - ასეთი იქნება ნეიმარ ჯუნიორის ხელფასი "პარი სენ-ჟერმენში"! ეს კი ხუთ წელიწადში 502 მილიონ ევროს შეადგენს. ზუსტად ასეთ კონტრაქტზე შეუთანხმდა ბრაზილიელი პარიზულ კლუბს მას მერე, რაც "ბარსელონამ" ოფიციალურად აღიარა, რომ ნეიმარი მიდის...

2 აგვისტო ნეიმარის საგის დასასრულის დასაწყისია - უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიოს სპორტული გამოცემების მთავარი თემა ნეიმარის სავარაუდო ტრანსფერია "პარი სენ-ჟერმენში". გუშინ გადაწყდა, რომ ნეიმარი ნამდვილად მიდის "ბარსელონადან" და ის პსჟ-ის ფეხბურთელი ხდება.

წინა ღამით ნეიმარი, რომელსაც მედიასაშუალებები ჩინეთიდან ყატარში "შევლას" უწინასწარმეტყველებდნენ, ბარსელონაში გამოჩნდა და დილით
ვარჯიშზეც გამოცხადდა, ხოლო ესპანურმა ლიგამ დაიმუქრა, რომ ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერს დაბლოკავდა, მაგრამ აქ დასრულდა "ბარსას" ფანების იმედები... 25 წლის ფეხბურთელმა ბარსელონელ თანაგუნდელებს უთხრა, რომ გუნდიდან მიდის. შემდეგ ერნესტო ვალვერდემ ის საერთოდ გაათავისუფლა ვარჯიშიდან.

სულ მალე კი "ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნეიმარი გუნდიდან მიდის - "დღეს ნეიმარმა, მისმა მამამ და აგენტმა კლუბს შეატყობინეს ფეხბურთელის წასვლის სურვილის შესახებ. კლუბი აცხადებს, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 1-ლი ივლისიდან 222 მილიონ ევროს შეადგენს", - წერია ოფიციალურ კომუნიკეში.

ნეიმარის აგენტმა ვაგნერ რებეირომ "მარკას" განუცხადა, რომ უკვე ამ კვირაში ნეიმარი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება. სამეული (ნეიმარი, მისი მამა და აგენტი) ლონდონში გაემგზავრა.

* * *
"ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ბოლო წლების შენთან ერთად გატარება, ჩემო მეგობარო. წარმატებას გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს", - ეს სიტყვები ლეო მესიმ საკუთარ "ინსტაგრამზე" დაწერა და ნეიმარს მიუძღვნა. ბრაზილიელი მესის თანაგუნდელი 2013 წელს გახდა.

კატალონიელებს, საერთო ჯამში, მისი ტრანსფერი 88 მილიონი ევრო (ოფიციალურად 57 მილიონი) დაუჯდათ, ახლა კი მას 222 მილიონად ყიდიან - ფინანსური თვალსაზრისით, მოგება არნახულია. მესის მალე გამოეხმაურა ამ ტრანსფერის მთავარი გმირი სიტყვებით: "მადლობა ძმაო, უშენოდ მოვიწყენ".

* * *
"სქაი სპორტსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ხნის განმავლობაში 502 მილიონ ევროს მიიღებს. კვირაში ბრაზილიელი 575 ათას ევროს მიიღებს და ეს გადასახადების გადახდის შემდეგ!

* * *
"სპორტი" წერს, რომ "ბარსელონა" მაინც მწარედ იკბინება. მართალია, ფეხბურთელს ვარჯიშიდან წასვლის უფლება მისცეს, მაგრამ არა რაიმე სხვა ღონისძიების გამართვის უფლება სხვა კლუბთან. არადა, ამტკიცებენ, რომ 3 ან 4 აგვისტოს ნეიმარმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს პსჟ-ში. ამის უფლება კი "ბარსას" მისთვის არ მიუცია.

* * *
პსჟ-ის არგენტინელმა ლეგიონერმა ხავიერ პასტორემ განაცხადა, რომ პატივისცემის ნიშნად მზად არის, ნეიმარს თავისი 10-ნომრიანი მაისურა დაუთმოს გუნდში. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" იგი 11 ნომრით თამაშობდა, რადგან მისი საყვარელი "ათიანი" ლეო მესის საკუთრებაა.

სწორედ მესის ჩრდილში ყოფნამ (პლუს, დიდმა ფინანსურმა სარგებელმა) გადააწყვეტინა ნეიმარს კატალონიიდან აბარგება და ახალი თავგადასავლის ძებნა საფრანგეთში. "ეს იქნება ჩემი შესაგებებელი საჩუქარი ნეიმარისადმი. მინდა, რომ მან პირველივე დღიდან კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ გუნდში, რომ ერთად მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა", - ამბობს პასტორე.

* * *
"ბარსელონას" ბაზასა და "კამპ ნოუზე" კი უცნაური აქტივობებია - სპეციალურად გამოყოფილი მუშები ბანერებიდან ხსნიან ნეიმარის პლაკატებს. მალე მისი კვალიც აღარ უნდა დარჩეს "ბარსელონაში" და ძველი პლაკატების ადგილზე ახლებს აკრავენ, რომლებზეც ნეიმარი აღარ არის გამოსახული.

* * *
ისე როგორ იქნებოდა, რომ ნეიმარის ტრანსფერს "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა არ გამოხმაურებოდა. ის ორიგინალური აღმოჩნდა: "ნეიმარის კლუბიდან წასვლა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობაში არაკომპეტენტური ხალხია. "ბარსას" ფინანსური პრობლემები აქვს. ეს ტრანსფერი უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ამით კი "ბარსა" პრობლემებს დამალავს", - განაცხადა ლაპორტამ.

* * *
როგორც აღმოჩნდა, ნეიმარის უკანასკნელი მატჩი "ბარსელონას" მაისურით მაიამიში მოგებული კლასიკო იყო, როცა "ბარსამ" 3:2 დაამარცხა "რეალი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე. ამ შეხვედრაში ნეიმარს გოლი არ გაუტანია, თუმცა ორი საგოლე პასი მიითვალა და ტურნირის ბომბარდირიც გახდა 3 გოლით.

თუმცა ამბობენ, რომ ნეიმარს კიდევ ერთხელ სურს "ბლაუგრანას" მორგება - 7 აგვისტოს "ბარსა" ამხანაგურ მატჩში ეთამაშება ბრაზილიურ "შაპეკოენსეს". რამდენად მოხერხდება ეს, ძნელი სათქმელია. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში "შაპეკოენსეს" თითქმის მთელი შემადგენლობა ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

"ბარსას" მაისურით ნეიმარმა 186 თამაშში 105 გოლი გაიტანა. მან 7 საკლუბო ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
"1,2 ევრო წამში ასეთი იქნება ნეიმარ ჯუნიორის ხელფასი "პარი სენ-ჟერმენში"! ეს კი ხუთ წელიწადში 502 მილიონ ევროს შეადგენს". შევამოწმოთ: 1,2 ევრო წამში. წუთში 1,2*60=72 ევრო. საათში 72*60=4320 ევრო. დღეში 4320*24=103 680 ევრო. წელიწადში 103 680 * 365=37 843 200 ეცრო. ხუთ წელიწადში 37 843 200 * 5= 189 216 000. პასუხი: ნეიმარი 5 წელიწადში მიიღებს დაახლოებით 190 მილიონ ევროს.
გთხოვთ, თუ თქვენთვის 312 მილიონი ასეთი უმნიშვნელო თანხაა, მითითებულ ანგარიშის ნომერზე (GE32VT1000001618054506) მცირეოდენი თანხა მაინც ჩამირიცხოთ, რათა შევძლო დასასვენებლად წასვლა და ასეთ არაფრისმომცემ გამოთვლებში არ დავკარგო ზაფხულის ცხელი დღეები და თქვენი მოთმინება )))
პითაგორა
11:08 03-08-2017
0
მაგარი უაზრო დიზაინია ვინ მოიწონა რომ შეცვალეთ ძველი როგორ ავირჩიო?
კახა
11:33 03-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული