ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ინტერვიუში "ბარსელონასა" და იმდროინდელ ვითარებაში არსებულ რეალობაზე ისაუბრა. გასულ თვეში "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ხუმრობით თქვა, რომ ეგონა, მესი შეთავაზებას გააკეთებდა, რათა უფასოდ ეთამაშა.
"მე დასარჩენად ყველაფერი გავაკეთე. არ მოუთხოვიათ ჩემთვის, რომ უფასოდ მეთამაშა და ეს არც მე მითქვამს. მაშინ შევთავაზე, რომ ხელფასის 50%-ს უპრობლემოდ დავიკლებდი, რათა კლუბს ფინანსური კრიზისის დაძლევაში დავხმარებოდი.
სიმართლე გითხრათ, მეც და ჩემს ოჯახსაც ბარსელონაში დარჩენა გვინდოდა. არავის უთხოვია ჩემთვის, რომ უფასოდ მეთამაშა. ამიტომ პრეზიდენტის საუბარი შეუსაბამოა. მით უმეტეს, წამოსვლის შემდეგ ჩვენ არანაირი
კონტაქტი არ გვქონია. გული ძალიან მტკივა, რადგან მას ეს არ უნდა ეთქვა. ეს ყველაფერი ხალხს ილუზიას უქმნის, რომ გულშემატკივრებმა ჩემზე ცუდად ისაუბრონ, თუმცა მე ამას არ ვიმსახურებ" - ციტირებს მესის სიტყვებს Sport-ი.
"ალბისელესტეს" კაპიტანმა პარიზულ კლუბში გატარებულ 1-ელ თვეზეც ილაპარაკა და ინტერვიუში განმარტა, თუ რა იყო მისი მოტივაცია, რის გამოც საფრანგეთში გადმობარგება არჩია.
"როდესაც პსჟ-ში თამაში გადავწყვიტე, მთავარი მიზეზი ძლიერი გუნდი გახლდათ, რადგან მათ იმის ამბიცია ჰქონდათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ეასპარეზათ. თუმცა პარიზი ბარსელონისგან განსხვავდება. იქ ყველაფერი ახლოს გვქონდა და მარტივად ვასწრებდი დროის თანაბრად გადანაწილებას. მაგალითად, ახლა ბავშვებს სკოლასა და საბავშვო ბაღში ვეღარ ვაკითხავ, რადგან ვარჯიშზე წასასვლელად დრო არ დამრჩება, ბაზა არც ისე ახლოსაა".
ლეომ "ბლაუგრანას" ექსტრიოსა და პსჟ-ის ამჟამინდელ შემტევ სამეულზე კომენტარი გააკეთა:
"არ ვფიქრობ, რომ მათი შედარება შეიძლება, რადგან განსხავებულ ფეხბურთელებთან ერთად განსხვავებული სათამაშო სტილიც გვქონდა. ლუისი სხვა ტიპის 9-იანია, ასე რომ ვთქვათ, სუარესი ძველი სკოლის ფორვარდია, სუფთა სტილის ბომბარდირი, რომელიც შანსის მიცემისთანავე მომენტებს იყენებს. მბაპე სპექტაკლში მონაწილეობას იღებს, როგორც კი თავისუფალ სივრცეს დაინახავს, მეტოქის დაცვას ელვისებური სისწრაფით ანადგურებს.
ნეიმართან, რა თქმა უნდა, მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, მაშინაც კი, როცა ის ჩემთან ერთად აღარ თამაშობდა. კილიანთან თავიდან ყველაფერი უცნაურად დაიწყო, რადგან არ ვიცოდით, ვინ მოვიდოდა, ვინ წავიდოდა. ახლა ერთმანეთს მოედანსა და მოედნის გარეთ მშვენივრად ვუგებთ... ასევე მშვენიერი ვითარებაა გასახდელშიც".
მესიმ კარიერის დასრულებაზე რამდენიმე წინადადებით ისაუბრა:
"ახლა მე თითოეული დღით ვცხოვრობ. არ ვიცი, რა იქნება მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ამაზე ფიქრს თავს ვარიდებ. ასევე ვიქცევი შესაძლო მე-7 "ოქროს ბურთთან" დაკავშირებითაც. ჩემთვის ყველაზე დიდი პრიზი საკუთარი ქვეყნისთვის მოპოვებული პირველი ტიტული გახლდათ, მე ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოდი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, თუ ეს შრომა და წარმატება კიდევ ერთხელ დამიფასდება, თუმცა, თუ ვერ მოვიგებ, არც ეგ იქნება პრობლემა, რადგან ჩემი მისია უკვე შევასრულე".
შეგახსენებთ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას 4 ნოემბერს, "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამართავს. 3 ტურის თავზე პარიზული კლუბი A ჯგუფში 7 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით