ჩერნიგოვის "დესნა" უკრაინის პირველ ლიგაში მე-5 ადგილზეა, მის ღირსებას სამი ქართველი ფეხბურთელი იცავს: მცველი თემურ ფარცვანია და ნახევარმცველები ლევან არველაძე და ლუკა კობერიძე. ამათგან მხოლოდ ლუკაა საქართველოს მოქალაქე.
"დესნა" თასის მეოთხედფინალში სახლში კიევის "დინამოს" შეხვდა. მატჩის წინ და მატჩისასაც ჩერნიგოვში (ეს ქალაქი უკრაინის ჩრდილოეთში მდებარეობს) თოვდა, ვერაფრით ვერ გაწმინდეს მოედანი, მაგრამ თამაში მაინც ჩატარდა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, შეხვედრის ბოლოს მასპინძლები ანგარიშის გასათანაბრებლად წინ დიდი ძალებით წავიდნენ, ზურგი მოუშიშვლდათ, 90+4-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ 0:2.
ფარცვანიამ, რომელიც "დინამოს" აღზრდილია,
მისი და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახლდათ, განაცხადა, რომ თავის მშობლიურ გუნდთან თამაში სასიამოვნო იყო, საინტერესო მატჩი გამოვიდა, ავდარში ურიგოდ არ უასპარეზიათ, 2-3 მომენტი ვერ გამოიყენეს და გამოეთიშნენ გათამაშებას.