შედეგი მართლაც გამაოგნებელი გახლდათ და უფრო მეტად კატალონიური გუნდის ყოვლად უილაჯო თამაში, მესისა და სუარესის გასაოცარი პასიურობა, პიკეს თითქოს განზრახ აკიდებული თერთმეტმეტრიანი, ალბას შეტევაში ჩაურთველობა და ა.შ. თუმცა, უეჭველია, ტოტალიზატორები გუშინ (უფრო სწორად, დღეს) გვარიანად იხეირებდნენ.
▶ როგორ მოიქცა ლიონელ მესი "რომასთან" მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ [VIDEO]
ახლა ბევრი შემეკამათება "ჯალოროსის" საშუალოევროპული კლასის გუნდად მოხსენიებაზე, მაგრამ ფაქტია, "რომა", მიუხედავად "ბარსას" განადგურებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლისა, სადაც
"კამპ ნოუზე" 4:1 მოგების შემდეგ "ასულგრანას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ შემდეგ ეტაპზე ჯერ გასულები არ იყვნენ და "ოლიმპიკოზე" საბრძოლველად სათანადოდ მომზადება მართებდათ. ვერ მოემზადნენ, რადგან დროზე ადრე ირწმუნეს გამარჯვება და თავი ქუდში დაიგულეს. როგორც წესი, "ბლაუგრანას" ჩავარდნა თებერვალში ეწყება, რაც ამჯერად არ მოხდა, ახლა კი უკვე ლამის შუა აპრილია. შესაძლოა, მას იგივე დაემართა, რაც "მანჩესტერ სიტის", რომელიც პრემიერლიგას უპრობლემოდ იგებს და ამან გამოიწვია ატროფირება - საკუთარ შესაძლებლობებსა და უძლეველობაში ზედმეტად დარწმუნება. ვინ იცის.
ფულით გარყვნილ საფეხბურთო ევროპაში ძნელია, იპოვო საკუთარი კლუბის ემბლემისთვის მებრძოლი "რომას" დარი გუნდი. დი ფრანჩესკოს გლადიატორებს მართლა სჯეროდათ დაუჯერებლის მიღწევა. აკი მიაღწიეს კიდეც და 34 წლის შემდეგ ისევ გავიდნენ კონტინენტის უპრესტიჟულესი ტურნირის ნახევარფინალში.
ბრძანა კიდეც შეხვედრის წინ დი ფრანჩესკომ, "ჩელსის" 3:0 მოვუგეთ და ეს ანგარიში გვაწყობსო. სტრატეგიაც ავანტიურული აირჩია, რამეთუ კატალონიურ გუნდთან პირველ ნომრად თამაშს რისკიც აღარ ეთქმის. ვერაფერს იტყვი, მოულოდნელობის ეფექტმა იმოქმედა და თავისი საქმე გააკეთა.
ნამატჩევს ეუსებიომ თქვა, რომ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა მეტოქის კარზე იერიშების უფრო ფართო ფრონტით მისატანად აირჩია, სწრაფი კონტრშეტევების საწარმოებლად, სისწრაფისთვის. კიდევ, სწორად გათვალა, რომ მეორე სართულზე დაჯაბნიდა ვიზავის და მართლაც, რომაელებმა საჰაერო დუელების 75% მოიგეს, რაც ამ სეზონში მისი რეკორდია. მეტოქის ნახევარზე პრესინგიცაა აღსანიშნავი, რის გამოც "ბარსელონამ" საკუთარ ნახევარზე 24-ჯერ დაკარგა ბურთი - ეს კი ტურნირზე მისი ანტირეკორდია.
ნამატჩევს ვალვერდემ დაიჩივლა, რომ მჭიდრო მეურვეობის გამო თავიანთ სტილში ვერ იბურთავეს, მოკლე გადაცემები არ გამოუვიდათ და გრძელით ცდილობდნენ შეტევებს. მხოლოდ ცდილობდნენ. სხვათა შორის, დი ფრანჩესკოს ადრეც გაუნადგურებია ვალვერდე - ევროპა ლიგაზე, როდესაც ის "სასუოლოს" ედგა სათავეში, ვალვერდე კი - "ატლეტიკს"...
0:1-ის შემდეგ, ნაანტრაქტევს "ბარსამ", როგორც იქნა, დაალაგა თამაში, ბურთზე კონტროლი დაამყარა და მაშინ "ჩაიდინა პიკემ საუკუნის გმირობა" და ჯეკო საკუთარ საჯარიმოში მოცელა. ფრანგმა მსაჯმა ტურპინმა თავიდან ვერ გაბედა პენალტის დანიშვნა, მაგრამ ლაინსმენმა ანიშნა და მორცხვად მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ.
82-ე წუთზე კი "რომას" გამარჯვება მანოლასმა მოუპოვა, რომელიც ამ სეზონში თავის გუნდში, ალბათ, ყველაზე სუსტი რგოლია, ამჯერად კი მართლაც იფრინა. ესეც ნიშანდობლივი ფაქტია უსაზღვრო თავდადებისა.
კოსტას მანოლასი
- საჰაერო ორთაბრძოლები: 3-დან 3
- საერთო ორთაბრძოლები: მოგებული 89%
- გადაცემების სიზუსტე: 92%
ასეა, როცა საბრძოლველად ვერ განეწყობი და მოწინააღმდეგეს არად ჩააგდებ, მწარე ალიყურსაც მიიღებ. დამსახურებულ ალიყურს, რამეთუ ინდეფერენტულად მყოფისთვის შუა მატჩისას უკვე ძნელია, თუ შეიძლება ასე ითქვას, თამაშის იშტაზე მოსვლა, მისი ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.
"მანჩესტერ სიტისთან" მოგებული შეხვედრის მერე "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, როდესაც "ბარსელონას" დამარცხების ამბავი შეიტყო. ბუსკეტსმა აღიარა, რომ კარიერაში ყველაზე უარესი მარცხი განიცადა. ინიესტამ კი გუნდის გამოცვლის სურვილზე მიანიშნა. ერთი სიტყვით, "ასულგრანა" ზედიზედ მესამედ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან. ლა ლიგის მოგება კარგი კი არა, დიდებულია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც სულ სხვაა, სულ სხვა ხიბლი აქვს და ვალვერდეს გუნდი ნოკაუტშია თუ ნოკდაუნში, ამასაც მალე ვნახავთ.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]