პოგბა, რონალდო და სხვა 10 ფეხბურთელი, ვისაც მოურინიოსთან კონფლიქტი ჰქონდათ

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო, სპორტული მიღწევების გარდა, უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან კონფლიქტებითაც ცნობილია.

მისი ხასიათის ამ თვისებას მის წინააღმდეგაც უმოქმედია, როცა მადრიდის "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი მოუვიდა და კლუბის დატოვება მოუწია.

დიდი ფეხბურთელების გარდა, მას ისეთ დამწყებ ფეხბურთელებზეც უთქვამს უარი, რომლებიც დღეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების რიგს მიეკუთვნებიან.

პოლ პოგბა - "მანჩესტერ იუნაიტედი"

Sportall.Ge

"განსაკუთრებულის", როგორც ხშირად მოიხსენიებენ პორტუგალიელ სპეციალისტს, ბოლო "მსხვერპლი" მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პოლ პოგბაა. ფრანგი ნახევარმცველის "წითელი ეშმაკებიდან" აბარგების შესახებ დიდი ხანია იწერება, თუმცა მოურინიოსა და პოგბას შორის კონფლიქტი ბოლო პერიოდში კიდევ
უფრო გამწვავდა.

ფრანგი ნახევარმცველი არ ერიდება მწვრთნელის მედიის წინაშე გაკრიტიკებას. მისი თქმით, მწვრთნელი შემტევ ფეხბურთს არ ათამაშებთ, რაც დიდი პრობლემაა.

თავის მხრივ, მოურინიომ პოგბას ვიცე-კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და ფეხბურთელებთან განაცხადა, რომ ფრანგი აღარასდროს უკაპიტნებს "იუნაიტედს".

მოჰამედ სალაჰი - "ჩელსი"

Sportall.Ge

ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ლონდონის "ჩელსიში" მოურინიოს მოწონება ვერ დაიმსახურა, თუმცა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

სალაჰმა ლონდონელთა რიგებში ორი სეზონის განმავლობაში 13 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიელს თავი ვერაფრით მოაწონა.

დღესდღეობით კი სალაჰი "ლივერპულში" შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს, გასულ სეზონში კი რამდენიმე რეკორდი მოხსნა, მათ შორის, პრემიერლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლებისაც (32 გოლი).

რომელუ ლუკაკუ - "ჩელსი"

Sportall.Ge

ჟოზე მოურინიო არასდროს გამოირჩეოდა ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მან 19 წლის ბელგიელ შემტევს ბევრი შანსი არ მისცა. არადა, ის იმ პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ ამომავალ ტალანტად ითვლებოდა.

რომელუ ლუკაკუ სწორედ ის ფეხბურთელია, ვინც თავის დროზე ჟოზე მოურინიომ დაიწუნა, თუმცა დღეს მის მიერ გაწვრთნილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

კევინ დე ბრუინი - "ჩელსი"

Sportall.Ge

კევინ დე ბრუინი ჟოზე მოურინიოს "დაკარგული" კიდევ ერთი ტალანტია. ბელგიელმა ნახევარმცველმა მოურინიოს "ჩელსიში" მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და საბოლოოდ "ვოლფსბურგში" გადავიდა.

ის სწორედ გერმანულ კლუბში გაიხსნა ბოლომდე, ერთ წლის შემდეგ კი პრემიერლიგაში, ამჯერად "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნდა.

კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტის" ლიდერად ითვლება და ის დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

იკერ კასილასი - მადრიდის "რეალი"

Sportall.Ge

ესპანელი მეკარე და მადრიდის "რეალის" მაშინდელი კაპიტანი, ალბათ, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მას გუნდიდან უცერემონიოდ გაუშვებდნენ.

სწორედ ჟოზე მოურინიო იყო ის, ვინც იკერ კასილასი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მას შემდეგ ესპანელი ლგენდარული მეკარე ძირითადში ხეირიანად აღარც დაბრუნებულა. საბოლოოდ, ორ წელიწადში მან მადრიდი საერთოდ დატოვა და სათამაშოდ მოურინიოს სამშობლოში გადაბარგდა.

სწორედ კასილასის გამო დაკარგა ჟოზე მოურინიომ გულშემატკივართა მხარდაჭერა, საბოლოოდ კი, 2013 წლის სეზონის შემდეგ "განსაკუთრებულმა" მადრიდი დატოვა.

ბასტიან შვაინშტაიგერი - "მანჩესტერ იუნაიტედი"

Sportall.Ge

2015 წელს, როცა ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წავიდა და მის მაგივრად ჟოზე მოურინიო დაინიშნა, პორტუგალიელმა თავიდანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანელი ნახევარმცველი მის გეგმებში არ შედიოდა.

შვაინშტაიგერი ვეღარ ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში, საბოლოოდ კი თავი "მანჩესტერის" 23-წლამდელთა გუნდში ამოჰყო.

მოურინიო მკაცრად გააკრიტიკეს ასეთი ქცევის გამო, რის შემდეგაც გერმანელი ძირითად გუნდს დაუბრუნდა, თუმცა "წითლები" მაინც დატოვა და კარიერა აშშ-ში გააგრძელა.

პედრო ლეონი - მადრიდის "რეალი"

Sportall.Ge

მაშინ, როცა პედრო ლეონი მადრიდის "რეალში" მივიდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მწვრთნელის მიერ მის მიმართ დამოკიდებულების გამო ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდული გრანდი მალევე დატოვა და თანაქალაქელ "ხეტაფეში" გადაბარგდა.

"გარდიანთან" ინტერვიუში პედრო ლეონმა მოურინიოს სიტყვები გაიხსენა.

პორტუგალიელის თქმით, იგი იმ შემთხვევაშიც არ ათამაშებდა პედრო ლეონს, თუკი მთელი გუნდი ავიაკატასტროფაში დაიღუპებოდა და მხოლოდ ის დარჩებოდა ცოცხალი. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დატოვა ესპანელმა "სამეფო კლუბი".

კრიშტიანო რონალდო - მადრიდის "რეალი"

Sportall.Ge

თანამემამულეებს, კრიშტიანო რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ.

ცნობილია, რომ ერთხელ მოურინიომ რონალდოს "ზედმეტად თავდაჯერებული" უწოდა და მასთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდა, მათ შორის კომუნიკატორის როლს ჟოზეს თანაშემწე რუი ფარია ასრულებდა.

სერ ბობი რობსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში პორტუგალიელი მენეჯერი ასეთ ფრაზას ამბობს: "რონალდო ნაზარიო - საუკეთესო რონალდო".

ხუან მატა - "ჩელსი"

Sportall.Ge

ხუან მატას ისტორია რაღაცით ლუკაკუს ამბავს ჰგავს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ესპანელი ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერს" საკუთარი სურვილით მიჰყიდა, თუმცა 2,5 წელში ისევ ერთად მუშაობა მოუწიათ.

დღეს ხუან მატა მოურინიოს ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა ერთი საინტერესო ფაქტი მათი ურთიერთობის "მანჩესტერულ" პერიოდშიც დაფიქსირდა, როცა სათასო შეხვედრაში ესპანელი ფეხბურთელი მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე შეუშვა, თუმცა რამდენიმე წუთში შეცვალა.

ლუკ შოუ - "მანჩესტერ იუნაიტედი"

Sportall.Ge

ლუკ შოუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" ადგილი გასულ სეზონში მძიმე ტრავმის შემდეგ დაკარგა.

მას შემდეგ, რაც 23 წლის ფეხბურთელი დაბრუნდა, იგი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა ან აუცილებლად იცვლებოდა მეორე ტაიმში. მოურინიომ რამდენჯერმე აღნიშნა კიდეც, რომ შოუ ძალიან სუსტად თამაშობდა.

თუმცა, ინგლისელისთვის საბედნიეროდ, მან მოახერხა მოურინიოს გეგმებში ჩაჯდომა და დღესდღეობით ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება.

რიკარდო კვარეჟმა - "ინტერი"

Sportall.Ge

მაშინ, როცა რიკარდო კვარეჟმა ჟოზე მოურინიოს "ინტერში" გადავიდა, ახალგაზრდა ტალანტად ითვლებოდა.

თუმცა მილანურ კლუბში მან თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და მალევე დატოვა.

"ყველაზე მეტად "ინტერში" გადასვლას ვნანობ. როცა ვიღვიძებდი და მახსენდებოდა, რომ უნდა მევარჯიშა, ტირილს ვიწყებდი" - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კვარეჟმამ.

სამუელ ეტო'ო - "ინტერი"

Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ სამუელ ეტო'ომ და ჟოზე მოურინიომ მილანის "ინტერში" ერთად დიდ წარმატებას მიაღწიეს და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, კამერუნელი ფორვარდი პორტუგალიელით დიდად აღფრთოვანებული არ არის.

მათ მცირე ხნით ლონდონის "ჩელსიშიც" იმუშავეს ერთად, სადაც ჟოზე მოურინიომ სამუელის ასაკზე იხუმრა.

"დიახ, მე მყავს ეტო'ო, მაგრამ ის 32 წლისაა, ან 35-ის, ვინ იცის?" - განაცხადა მოურინიომ და არ იცოდა, რომ მისი ხუმრობა საჯარო იყო, რის გამოც ეტო'ომ მას სულელი უწოდა.

altSky Sports-მა პოგბასა და მოურინიოს კამათის მომენტი გადაიღო [VIDEO]

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული