პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ

AutoSharing Option
ფოტოზე: ვინი ჯონსი

  • პოლიციელები, ავტომრბოლელები, პორნომსახიობები... როგორ იცვლიან ფეხბურთის გუშინდელი ვარსკვლავები კვალიფიკაციას სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ

ფეხბურთელების წინაშე დილემა ჩნდება, რით დაკავდნენ და რაში გამოიყენონ უეცრად გაჩენილი უამრავი დრო..

ჩვეულებრივად, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობიდან ცივილურ ცხოვრებაზე გადასვლა საკმაოდ რთულია - იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ამისათვის წინასწარ ემზადება.

საბოლოო ჯამში ვიღაც ბავშვების მწრთვნელად მუშაობს, ზოგიერთები კი - შედარებით ცოტა - უფროსი ასაკის გუნდებთან. არიან ისეთებიც, რომლებიც საფეხბურთო აგენტები ხდებიან, ზოგი არასპორტულ ბიზნესსაც იწყებს ან უბრალოდ, დროს კარგად ატარებს მატჩებით მიღებული შემოსავლებით, სანამ
საბანკო ანგარიში არ გაუნულდება, ან "მუთაქა-ლეიბში შენახული ფული" არ გამოელევა. ვიღაცამ შეიძლება მათხოვრობაც დაიწყოს, არის ასეთი ფაქტებიც. მაგრამ ჩვენ ახლა იმ ფეხბურთელებზე გიამბობთ, რომლებმაც კარდინალურად შეიცვალეს საქმიანობა და ცდილობენ წარმატებას ახალ სარბიელზე მიაღწიონ.

პოლიციელები
კლუბ "ვორსკლას" (პოლტავა, უკრაინა) ამჟამინდელი მწრთვნელი ვასილ საჩკო, სანამ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა, მილიციის უბნის რწმუნებულად მუშაობდა, შემდეგ კი წესრიგის დამცველის სამხრეები ფეხბურთის ბუცებზე გაცვალა.

გერმანელ ფაბიან ბოლს მსოფლიო მასშატაბის ცნობილ სახეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მას გერმანელი ფეხბურთის მოყვარულები მაინც კარგად იცნობენ: 2002 წლიდან 2014 წლამდე ფაბიან ბოლმა 300 მატჩი ითამაშა ჰამბურგის "სანკტ-პაულის" კლუბში და გუნდთან ერთად, რომელსაც კაპიტნობდა, გზა რეგიონლიგიდან პირველ ბუნდესლიგამდე გაიარა.

თამაშობდა რა "სანკტ-პაულელ" "მეკობრეებთან" ერთად (მათი გულშემატკივრები მეკობრეთა დროშას აფრიალებენ ხოლმე და ამიტომ მეტსახელად გუნდსაც "მეკობრეები" დაარქვეს), ფაბიან ბოლი შეთავსებით ჰამბურგის საპოლიციო უბანშიც მუშაობდა.

Sportall.Ge

ხდებოდა ხოლმე ისე, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავების ან დაკითხვის დროს მას კლუბში ეძახდნენ სავარჯიშოდ, შემდეგ კი ისევ წესრიგის დაცვას უბრუნდებოდა (და ეს იმის მიუხედავად, რომ მისი სამუშაო დრო კვირაში 20 საათით იყო განსაზღვრული).

სხვათა შორის, ჰამბურგელი ულტრაგულშემატკივრები ფაბიანს ძალიან მაგარ პატივს სცემდნენ - მათ ფანატურ წრეებში ცნობილ აბრევიატურას «A.C.A.B» ("ყველა პოლიციელი ნაბიჭვარია") ორი ასო დაამატეს («A.C.A.B.AB»), რაც ნიშნავდა "ბოლის გარდა". ფაბიან ბოლმა მოთამაშის კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა და პოლიციაში სამსახური გააგრძელა, ახლახან ჰამბურგის "კონდორის" გუნდში დაიწყო მუშაობა მწრთვნელის თანაშემწედ.

ასევე ცნობილია უკრაინელი დიმიტრი კუშნიროვის - ევროპის 2009 წლის ჩემპიონის მაგალითიც, რომელიც ფეხბურთზე უარი ნაადრევად განაცხადა და 2015 წელს პოლიციაში სამსახური დაიწყო.

მოჭიდავეები და მოკრივეები
ბიკსენტ ლიზარაზუ პირველი უცხოელი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ნება დართეს ბილბაოს "ატელეტიკოში" (ბასკეთი, ესპანეთი) ეთამაშა - მის საგვარეულოში ბასკური ფესვები იპოვეს.

მოგვიანებით იგი "ბავარიაში" გადავიდა, ვარსკვლავი გახდა, ყველანაირი ტურნირები მოიგო, რომლებშიც კი მიუნხენელები მონაწილეობდნენ. ბიკსენტმა საფრანგეთის ნაკრებშიც მოასწრო თამაში და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. იგი ფეხბურთს 2006 წელს დაემშვიდობა, თუმცა აქტიური ცხოვრების წესი შეინარჩუნა - ჯერ დაკავებული იყო სკელეტონით (ზამთრის სპორტის სახეობით), სერფინგით, შემდეგ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუთი გაერთო და ჭიდაობის ამ სახეობაში, თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებებსაც კი მიაღწია - სულ რაღაც ერთი წლის ვარჯიშით 40 წლის ბიკსენტ ლიზარაზუ ევროპის ჩემპიონი გახდა თავის ასაკობრივ კატეგორიაში, შემდეგ კი მან "მეწამული ქამარიც" მიიღო (რაც მესამეს ნიშნავს შვიდდონიან რეიტინგში) და ევროპის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.

Sportall.Ge

გერმანიის ნაკრებისა და "ვერდერის" ექს-მეკარე ტიმ ვიზე დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ჯერ რესტლერი (რესლინგის - ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობის მიმდევარი) გახდა, წონაში 129 კილოგრამამდე მოიმატა და აცხადებდა - "ჩემს სხეულში ერთი გრამი ცხიმიც კი არ არის, სულ კუნთებად ვარ ქცეულიო". 2016 წელს იგი პირველად გამოვიდა რინგზე და ჰყვებოდა - "300 კილოგრამიან [შტანგასაც] მაღლა ბუმბულივით ვწევო". ერთი წლის შემდეგ ისევ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა და ამბობდა - "ბუნდესლიგისთვის ჯერ კიდევ ვივარგებო".

Sportall.Ge

"კრიტალ პელასის", "ნორვიჩის", "კოვენტრისა" და "ჩარლტონის" ყოფილმა ფორვარდმა ლეონ მაკენზიმ კი თავისი ძალები კრივში გამოსცადა. პროფესიულ რინგზე გამოსვლამდე იგი ჯერ დეპრესიაში იყო ჩავარდნილი, კინაღამ თავი მოიკლა, შემდეგ კი აფიორაში მონაწილეობის გამო ექვსი თვით ციხეშიც კი აღმოჩნდა. პირველ 9 ორთაბრძოლაში ლეონ მაკენზის არცერთი არ წაუგია (8 გამარჯვება, მათ შორის ორი ნოკდაუნი და ერთი ფრე). თუმცა მან ინგლისის ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა მაინც წააგო და მოკრივის კარიერა ამით დაასრულა.

მრბოლელები
არის შემთხვევები, როცა ადამიანები ფეხბურთიდან მიდიოდნენ და სარბოლი ავტომობილის საჭეს უსხდებოდნენ, თანაც მათგან ყველაზე მაგარი მრბოლელები ყოფილი მეკარეები არიან.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში (საფრანგეთის ნაკრებში) ფაბიენ ბარტეზი 2013 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა GT კლასის ("გრან-ტურიზმო") ავტორბოლებში.

Sportall.Ge

"ვალენსიის" საუკეთესო გოლკიპერი (მეკარე) სანტიაგო კანისარესი კი არაერთხელ მონაწილეობდა ესპანეთის ავტორალში.

2014 წელს ავტორბოლაში მოსინჯა შესაძლებლობები 2004/2005 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა, პოლონეთის ნაკრების მეკარემ ეჟი დუდეკმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო Volkswagen Castrol Cup-ის გათამაშებაში.

მსახიობები
თავიანთი სპორტული პოპულარობა ფრანგმა ფეხბურთელებმა ერიკ კანტონამ და ფრენკ ლებეფმა ფილმის მსახიობების რანგშიც გააგრძელეს: ლეგენდარული კანტონა უკვე 32 ფილმშია გადაღებული, თანაც სრულფასოვანი როლების შესრულებით.

Sportall.Ge

ფრენკ ლებეფმა მსახიობობა ჯერ თეატრის სცენაზე სცადა, შემდეგ კი კინოსერიალებსა და ფილმებში, რომელთაგან ერთ-ერთმა... თქვენ წარმოიდგინეთ და "ოსკარიც" კი მიიღო - ფილმმა "სტივენ ჰოკინგის სამყარო". ისე, ფრენკის კინოკარიერას ერთი "ჩრდილოვანი მხარე" აქვს: ყველა გმირი, ვის როლსაც კი იგი თამაშობს, საბოლოოდ კვდებიან.

"მე ხშირად მეკითხებიან, რატომ გაქვს ასეთი მოწყენილი სახეო. ვპასუხობ - ასეთი სახე მაქვს ყოველთვის, ბედნიერიც კი რომ ვარ-მეთქი. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი გმირების ბედი".

თუმცა, ყველაზე მაგარი მსახიობი, როგორც ჩანს, ბრიტანელი ვინი ჯონსი გამოდგა, რომელიც თითქმის 70 ფილმში გადაიღეს, მათგან საკამოდ ბევრი ჰოლივუდის ნაწარმოებია. შეგვიძლია გირჩიოთ ზამთრის გრძელი ღამეებისათვის ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით - სერიალი "ილუზია", რომელშიც ყოფილი ნახევარმცველი ილუზიონისტის ბრუტალური თანაშემწის როლს ასრულებს.

პორნომსახიობები
ქრისტიან კარემბე და ემანუელ ფრიმპონგი ამბობდნენ, რომ ფეხბურთს რომ არ თამაშობდნენ, ისინი უფროსებისთვის განკუთვნილ "ფილმების" გადაღებაში მიიღებდნენ მონაწილეობას, ანტონიო კასანომ კი შეთავაზებაც მიიღო ამ ჟანრის მქონე ფილმების პროდიუსერისაგან.

ინგლისელი დენი მაუნტინი, რომელიც "საუთჰემპტონის" ვარსკვლავი ვერ გახდა ტრამვის გამო, 34 წლის ასაკში რამდენიმე ასეულ პორნოფილმში იქნა გადაღებული და ორი მილიონი დოლარის ანაზრაურებაც მიიღო. მისი თანატოლი, ბელგიელი ჯონათან დეფალკო კი ჰომოსექსუალთა ფილმების მსახიობი გახდა.

დიჯეები
ესპანელი გაისკა მენდიეტას "ვალენსიიდან" "ლაციოში" გადასვლის ტრანსფერი საფეხბურთო ისტორიაში ერთ დროს ყველაზე ძვირადღირებული ტრასფერების სიაში შედიოდა. შემდეგ მან "ბარსელონაშიც" მოასწრო თამაში, მოგვიანებით კი - ინგლისის "მიდლსბოროში".

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ქერათმიანი ჰავბეკი საცხოვრებლად ინგლისში დარჩა და დიჯეის მაგიდას მიუჯდა. იგი სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობს, იწვევენ ჩემპიონთა ლიგის ფინალების დასასწრებადაც, როგორც ლეგენდარულ და საპატიო ფეხბურთელს.

Sportall.Ge

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ დიჯეის გზა აირჩია არანაკლებ ლეგენდარულმა ფორვარდმა ქრისტიან ვიერიმ, ხოლო მუდმივად რეზერვში მყოფმა "ბარსას" გოლკიპერი ხოსე მანუელ პინტო უფრო შორს წავიდა და საკუთარი მუსიკალური ბრენდი - Wahin Makinaciones შექმნა. გასულ წელს მან ლათინურამერიკული "გრემიც" კი მიიღო ფლამენკოს საუკეთესო ალბომისთვის და მოამზადა მუსიკალური კომპოზიცია ჰოლივუდის ფილმისათვის "მისია მაიამში".

არქიტექტორები
გორან გავრანჩიჩი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა კიევის "დინამოში" თამაშობდა, არასოდეს მალავდა თავის გატაცებას არქიტექტურით და ამბობდა - ფეხბურთი რომ არა, შენობების დაპროექტებით ვიქნებოდი დაკავებულიო. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ გორანი სწორედ ამ სფეროში წავიდა სამუშაოდ და ბელგრადში (სერბეთი) უძრავი ქონების დიზაინ-პროექტებს ქმნის.

პოლიტიკა
ამ სფეროში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელები მოღვაწეობენ. შორს, რომ არ წავიდეთ კახა კალაძის მაგალითი ავიღოთ, რომელიც ამჟამად თბილისის მერია. კალაძე კიევის "დინამოდან" 16 მლნ ევროდ "მილანმა" შეიძინა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. კიევის "დინამოში" კი კალაძე თბილისის "დინამოდან" გადავიდა. "მილანში" კალაძემ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ კი 2010 წელს "ჯენოაში" გადავიდა, სადაც 53 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2012 კარიერა დაასრულა.

კიდევ ერთი მაღალი თანამდებობა პოლიტიკაში ლეგენდარულ რომარიოს უკავია. 1994 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული რომარიო, რომელმაც იმავე წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2010 წელს სოციალისტური პარტიიდან ეროვნული კონგრესის წევრი გახდა. 2015 წლიდან კი ბრაზილიის ფედერალური სენატორია.

Sportall.Ge

ბონუსი
ესპანელი სესარ ნოვალი ფეხბურთელი არ არის, ის ლაინსმენია (მსაჯის თანაშემწე), თანაც მოქმედი. იგი თავის მოვალეობას "ეიბარისა" და "რეალის" თამაშების დროს ასრულებდა, უფრო ადრე კი ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ტოპ-მატჩებში - "ბარსელონასა" და "სევილიას", "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის. საერთოდ, სესარ ნოვაკი პლასტიკური ქირურგია და საკმაოდ ცნობილია ესპანურ მაღალ წრეებში. იგი მედიცინის ისტორიასიც კი შევიდა: სქესის შეცვლის ოპერაცია 17 საათში გააკეთა, როცა ჩვეულებრივად ეს მრავალდონიანი პროცესია და წლების განმავლობაში გრძელდება.

altხელსახოცზე დაწერილი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტის ისტორია

alt "ვარსკვლავური ომები": ფეხბურთელები, რომლებიც ერთად თამაშობდნენ, თუმცა ერთმანეთი სძულდათ

ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული