ფოტოზე: კარლოს ალბერტო პერეირა
კარგი მწრთვნელი რომ გახდე, სულაც არ არის სავალდებულო, რომ ცხოვრებაში გარკვეული დროის მანძილზე ფეხბურთი ითამაშო. საკმარისია, მხრებზე თავი გქონდეს და თამაშის სპეციფიკას ჩაწვდე.
ევროპაში (და სხვა კონტინენტებზეც) ყოველთვის ბევრი იყო და ახლაც არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებსაც ბურთისთვის მხოლოდ რამდენჯერმე თუ დაურტყამთ ფეხი - ან სამოყვარულო დონეზე, ან თავიანთი გუნდების სასწავლო ვარჯიშებზე.
4. გრეგორი მანსანო (ესპანეთი)
ამჟამად ესპანელი სპეციალისტი 62 წლისაა. არსად არ მუშაობს და შეთავაზებებს ელოდება. მისი მწვრთნელობის კარიერა მდიდარია რიგ ცნობილ და სახელოვან გუნდებთან მუშაობით. გრეგორი
მანსანო საფეხბურთო სკოლებს ახლოს არ ეკარებოდა და ფიზკულტურის მასწავლებელი გახლდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, 27 წლის ასაკში დათანხმდა, ეხელმძღვანელა სამოყვარულო გუნდისათვის, სახელწოდებით "სანტისტებანი".
გრეგორს ძალიან სურდა, ფსიქოლოგია ესწავლა. მიზანს მიაღწია და როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორმა შეასრულა საკვანძო როლი მისი, როგორც მწვრთნელის ჩამოყალიბებაში. იგი დაკვირვებული სპეციალისტია, რომელსაც მთელი სიგრძე-სიგანით აქვს შესწავლილი ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტი და სიტუაციას აცნობიერებს როგორც არა მარტო მწვრთნელი, არამედ როგორც გუნდის ფსიქოლოგი.
გრეგორ მანსანომ პირველი პროფესიული გამოცდილება "რეალ ჰაენეში" მიიღო, რომელმაც კონტრაქტი დაუდო იმ დროისთვის 34 წლის სპეციალისტს მხოლოდ ერთ სეზონზე.
საინტერესოა, რომ გრეგორი, თავისი ცოდნის გასაფართოებლად, სულ წიგნებს და სპეციალურ ლიტერატურას კითხულობდა, რისთვისაც მას მეტსახელად "პროფესორი" შეარქვეს. იგი ლა ლიგაში პირველად 1999 წელს აღმოჩნდა, როცა სამუშაოდ "ვალიადოლიდში" გადავიდა. ამის შემდეგ გრეგორი სამჯერ იყო მთავარი მწვრთნელი "მალიორკაში" და ორჯერ - "ატლეტიკოში". გასული საფეხბურთო სეზონი გრეგორმა ჩინეთში გაატარა, სადაც "გუიჯოუ ჩიჯენის" დამრიგებლად მუშაობდა.
3. ხულიო ველასკესი (ესპანეთი)
37 წლის მწვრთნელი, რომელმაც ამ ზაფხულს იტალიურ "უდინეზესთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, თავის სხვა კოლეგებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მშობლიურ ესპანეთში გუნდების გაწვრთნა ჯერ კიდევ 15 წლისამ (!) დაიწყო.
1997 წელს ხულიო მშობლიური სალამანკის ახალგაზრდულ გუნდს, "სან-ნიკოლასს" ჩაუდგა სათავეში, კეთილსინდისიერად იმუშავა მწვრთნელად და შემდეგ საქმიანობა სხვადასხვა სამოყვარულო და ახალგაზრდულ გუნდთანაც გააგრძელა, მათ შორის, პოეტური სახელწოდების მქონე კლუბ "ლაგუნასთან".
მოგვიანებით კონტრაქტი გააფორმა "პენა რესპუელთან". 2011 წელს ხულიო "ვილიარეალის" სისტემაში მიიწვიეს და კლუბის მესამე გუნდის (ანუ ძირითადისა და B კატეგორიის გარდა) მთავარი მწვრთნელი გახდა.
ახალგაზრდა სპეციალისტის წარმატებებმა ბიძგი მისცა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მისთვის მეორე გუნდში მუშაობის ნება მიეცათ, რაც იმავე წლის დეკემბერში მოხდა, როცა ხულიომ 30 წლის ასაკს გადააბიჯა.
2012 წელს ხულიო ველასკესი კიდევ ერთხელ დააწინაურეს. არა, იგი დივიზიონიდან არ წასულა, მაგრამ "ვილიარეალის" ძირითადმა გუნდმა "პრიმერის" შემადგენლობა დატოვა და გუნდს რომ ელიტისკენ გზა გაეკვლია, მწვრთნელობა ხულიოს მიანდეს - მან ხომ კარგად იცოდა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ("ვილიარეალის" მეტსახელი) მოთამაშეთა სუსტი და ძლიერი მხარეები.
მოგვიანებით ხულიო ველასკესმა "უდინეზეს" წვრთნა დაიწყო, მანამდე კი ერთი წელი პორტუგალიაში გაატარა, "ბელენენსეშთან". უდინეში ხულიოს არაფერი გამოუვიდა, ამიტომაც გასულ თვეში მან ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო - მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.
2. ლეონარდო ჟარდიმი (პორტუგალია)
ძნელია, წარმოიდგინო, მაგრამ "მონაკოს" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელიც არასდროს არ ყოფილა ფეხბურთელი. 22 წლის რომ გახდა, წარმოშობით ვენესუელელი ლეონარდო ჟარდიმი სამუშაოდ "სანტაკრუზენსეში" გადავიდა, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენებს ამზადებდა. ამის შემდეგ ორი წელი წაიმუშავა ნაკლებად ცნობილ გუნდებში მთავარი მწვრთნელების ასისტენტად, მოგვიანებით კი, 26 წლის ასაკში, მთავარი მწვრთნელის თანაშემწის (ანუ "მარჯვენა ხელის") თანამდებობა დაიკავა პორტუგალიის კლუბ "კამაჩაში".
საერთოდ კი, ლეონარდო ჟარდიმის პირველ სერიოზულ კლუბად უნდა ჩაითვალოს "ბრაგა", რომელშიც იგი 2011 წელს გადავიდა. მას იქ იმ წარმატების გამო დაუძახეს, რომელსაც ბრწყინვალე მუშაობით პორტუგალიის მეორე დივიზიონის კლუბ "ბეირა-მარაში" მიაღწია. თუმცა ლეონარდოს "ბრაგაში", რომლის სტადიონი ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, დიდხანს არ უმუშავია: მის მიმართ სერიოზული ინტერესი გამოამჟღავნა ბერძნული ფეხბურთის გრანდმა "ოლიმპიაკოსმა", რომელმაც, შეიძლება ითქვას, მწვრთნელი პირდაპირ მოსტაცა პორტუგალიელებს და თავის მესაჭედ წაიყვანა.
საბერძნეთში ჩატარებული სეზონით ლეონარდომ დაამტკიცა, რომ ძალზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება - ამის დადასტურებაა "ოლიმპიაკოსის" გამარჯვებები ქვეყნის ჩემპიონატსა და თასის მატჩებში.
ბერძნულ კლუბთან კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ლეონარდო მისთვის უკვე სამშობლოდ ქცეულ პორტუგალიაში დაბრუნდა და "სპორტინგის" მწვრთნელის ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ, შესამჩნევ წარმატებებს რატომღაც ვერ მიაღწია და ამიტომ 2014 წლის ზაფხულის დასაწყისში იგი "მონაკოს" შეთავაზებას დათანხმდა. "მონეგასკელი" ფეხბურთელები ("მონეგასკები", ანუ მონაკოს ავტოხთონური მოსახლეობა) ლეონარდო ჟარდიმის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მატჩებშიც მონაწილეობდნენ, მოიგეს საფრანგეთის ჩემპიონატი და გარკვეული დროის განმავლობაში "პარი სენ-ჟერმენის" ჰეგემონიაც დაარღვიეს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ლეონარდო ჟარდიმმა მწვრთნელის უფლებამოსილება მოიხსნა იმ მიზეზით, რომ "მონაკომ" სეზონის დასაწყისში მატჩები კატასტროფულად წააგო.
1. კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილია)
კარლოსს არასოდეს უფიქრია, ფეხბურთი ეთამაშა სამოყვარულო დონეზეც კი - მისი ყურადღება აბსოლუტურად იყო მიმართული უმაღლესი განათლების მიღებისაკენ, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა: უნივერსიტეტში საკურსო ნაშრომის თემა ისეთი შეხვდა, რომელიც ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც სტუდენტმა დეტალურად დაიწყო ფეხბურთის თამაშის წესების შესწავლა.
საერთოდ კი, კარლოსი სამედიცინო ფაკულტეტზე ფიზიოთერაპევტის სპეციალობას ეუფლებოდა - ეს პროფესია უფრო მეტად ფეხბურთთანაა ინტეგრირებული, მაგრამ ფიზიოთერაპევტები სპორტის სხვა სახეობებისთვისაც საჭიროა.
24 წლის ასაკში, ბრაზილიელისთვის სრულიად მოულოდნელად, კარლოსს განის (აფრიკის სახელმწიფოს) ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს - მანამდე მას მწვრთნელის გამოცდილება არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, კარლოსი წინ მიდიოდა და შორეულ 1994-ში, როცა იგი "პენტაკამპეონების" (ბრაზილიელი ფეხბურთელების) მწვრთნელი იყო, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
მისი ბოლო გამოჩენა მუნდიალზე მწვრთნელის რანგში 2010 წლით არის დათარიღებული, როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდს ხელმძღვანელობდა. კარლოს ალბერტო პარეირა ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომლის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატში 6-ჯერ მიიღო მონაწილეობა: მისი ალღოიანი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბრაზილიის (ორჯერ), საუდის არაბეთის და სამხრეთ აფრიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გუნდები.
ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია soccernews-ის მიხედვით