ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლის ავტორი არგენტინულ ფეხბურთში რევოლუციას ახდენს

AutoSharing Option
ეს ისტორია მენეჯმენტსა და მარკეტინგზეა და იმაზეც, თუ როგორ ხედავენ განსხვავებას ჭკვიანი ადამიანები გამარჯვებასა და დამარცხებას შორის.

როცა 1960-იანი წლების ბოლოს არგენტინის საფეხბურთო კლუბი "რასინგი", ორიოდე წელიწადში საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი კლუბიდან უიმედო საშუალო გუნდად იქცა, აველიანედეში - კლუბის მშობლიურ ქალაქში - ჩათვალეს, რომ "რასინგი" დაწყევლილია.

წარუმატებლობა "რასინგის" მუდმივ მოწინააღმდეგეს, "ინდეპენდიენტეს" გადააბრალეს, რომელმაც "ელ სილინდროს" სტადიონზე 7 შავი კატა დამარხა. ეს ლეგენდა იმდენად შეისისხლხორცა ქალაქის მილოფოგიამ, რომ ეს ამბავი თავად "რასინგშიც"
დაიჯერეს.

პრობლემას კლუბი 30 წლის განმავლობაში წყვეტდა - აურას ასუფთავებდა და ბოროტ სულებს დევნიდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, შავი კატების ძებნაში სტადიონის მინდორიც გადახნეს. 1990-იან წლებში შემთხვევით ტრიბუნების ქვეშ, როგორც იქნა, ის უბედური შავი კატებიც იპოვეს, მაგრამ წარმატება კლუბს მხოლოდ 2001 წელს დაუბრუნდა, როცა გუნდში თამაში ახალგაზრდა თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ დაიწყო. გამოდის, რომ პირველყოფილი რიტუალების შესრულება ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორც გუნდის შემადგენლობაში ნამდვილი ლიდერის გამოჩენა.

დიეგო მილიტო იმ ყველაფრის განსახიერება იყო, რასაც თანამედროვე საფეხბურთო ვარსკვლავებისგან ითხოვენ. ჭკვიანი და გონიერი, რაინდულად ამაყი, ცოტას ლაპარაკობდა, ბევრს აკეთებდა. გარდა ამისა, თავისუფალ დროს იგი ოჯახში ატარებდა, შვილებს ეთამაშებოდა და ცოლს ეხმარებოდა. ყველაზე "ყვითელი" გაზეთებიც კი მასზე მხოლოდ "თეთრად" წერდნენ.

Sportall.Ge

არგენტინელის თითქმის მთელმა სპორტულმა კარიერამ ევროთასებისა და ჰიტური მატჩებისაგან შორს გაიარა, მაგრამ სადაც კი უთამაშია, იგი მუდამ ლიდერი და ბომბარდირი იყო: "რასინგში", "სარაგოსაში", "ჯენოაში"...

ფორმის პიკში მან საკუთარი ტოპ-კლუბიც იპოვა და "ინტერის" ტრებლის სიმბოლო გახდა: 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ყოველ რაუნდში გოლი გაჰქონდა, ფინალში კი "ბაიერნის" კარი ორჯერ აიღო. 2014-ში კი "რასინგში" დაბრუნდა, რომელიც ტიტულებს ვერ იგებდა და იმავე წელსვე გუნდმა არგენტინის ჩემპიონატი მოიგო.

ამჟამად დიეგო მილიტო "რასინგის" ტექნიკური მდივანია (იგივეა, რაც სპორტული დირექტორი), გუნდი კი ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ. დიეგოს მუშაობის შედეგები საოცარია - თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ ასეთი რამ არგენტინაში არავის გაუკეთებია.

შეცვალა მუშაობის მეთოდები, მოიფიქრა სტრატეგია და მიიყვანა აქციონერები
დიეგომ კარიერა 2016 წელს დაასრულა და მაშინვე უარი თქვა სპორტული დირექტორის თანამდებობაზე: კლუბის პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდებოდა და გულშემატკივართა გმირს არ სურდა, პოლიტიკური კამპანიის იარაღი გამხდარიყო.

პრინცმა (ასე ეძახიან დიეგოს, რადგან იგი გარეგნულად ენცო ფრანჩესკოლის ჰგავს) პოსტი 2017 წლის დეკემბერში დაიკავა, მანამდე კი თავისუფალი დრო საბავშვო სპორტის ფონდის შექმნას დაუთმო.

"მე კონფორმისტი არ ვარ, ჩემი ცხოვრების სტილი საკუთარი თავისა და სხვებისადმი მომთხოვნელობაა", - ასე დაიხასიათა საკუთარი თავი დიეგომ.

"სოსიოს" რამდენიმე ლიდერმა (გულშემატკივარ-აქციონერების საზოგადოება) პრეზიდენტის არჩევნებში მხარი ვიქტორ ბლანკოს დაუჭირა და ბუნებრივია, მისი გამარჯვების შემდეგ ის აქციონერები უფრო გავლენიანი პირები გახდნენ. ჟურნალისტებისა და გულშემატკივართა დიდი ნაწილი აცნობიერებდა, რომ მილიტოს გეგმებსა და პიროვნებას დიდი ძალაუფლება სჭირდებოდა და გავლენის სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებით შიდა ბრძოლებს ელოდნენ, მაგრამ მოტყუვდნენ.

იმ დროს "რასინგი" არსახარბიელო სიტუაციაში ჩავარდა ცუდი შედეგების, ზეწოლისა და უნდობლობის გამო. კლუბის პრეზიდენტს, ვიქტორ ბლანკოს დიეგო მილიტოს საკულტო ფიგურა ჰაერივით სჭირდებოდა, რომელიც გუნდს, გულშემატკივრებსა და სამწვრთნელო შტაბს გააერთიანებდა. დიეგო ამ ყველაფერს ხედავდა და დანიშვნამდე თავის ბოსს პირობები წაუყენა:

  • მაქსიმალურად ფართო უფლებამოსილება - ისეთი, როგორიც ევროკლუბების გენერალურ დირექტორებს აქვთ
  • ახალი მწვრთნელის დამოუკიდებელი არჩევის უფლება, რომელიც აუცილებლად ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო
  • "სოსიოს" ლიდერები მის გადაწყვეტილებებში არ უნდა ჩარეულიყვნენ

დიეგო მილიტომ იმით დაიწყო, რასაც არგენტინაში თვით ტოპ-კლუბებიც კი არ აკეთებენ: მან სტრატეგია შეიმუშავა. დიეგომ გეგმები მიმდინარე, საშუალოვადიანად და გრძელვადიანად დაყო და კლუბის განვითარების ათწლიანი გეგმა მოიფიქრა. მას აქვს 20-წლიანიც, მაგრამ ის უფრო "საოცნებოა" და ძირითად ამოცანად არ ითვლება.

Sportall.Ge

"მთავარი მიზანი - კლუბში ყველაფერი პროფესიონალური უნდა გახდეს, - განმარტავს დიეგო მილიტო, - მე ამას გავაკეთებ, თუმცა ახლავე ვიცი, რომ დიდი სირთულეები მექნება. ეს ბუნებრივიცაა - მე ხომ არგენტინულ ფეხბურთს "თავს ვახვევ" ახალ სისტემას. საქმე ეხება მუშაობის მეთოდიკას, რომელიც შეცდომებს ამცირებს და წარმატების შანსებს ზრდის".

ისევე, როგორც სხვა ლათინოამერიკული კლუბების, "რასინგის" ბიუჯეტიც ტრანსფერების, აბონემენტების გაყიდვით და "სოსიოსების" რაოდენობით განისაზღვრება. ახალმა დირექტორმა გუნდში ახალბედების პრეზენტაციების ტრადიცია დანერგა "ინტერის" სტილში და სარეკლამო კამპანიაც გაუშვა სახელწოდებით - "მე მილიტო ვარ, მე "სოსიოსი" ვარ", რომლის შედეგად კლუბში ერთ წელიწადში 13 ათასი აქციონერი მიიყვანა.

"როგორც პეპ გვარდიოლა, იდეებს მეც ვიპარავ: მუშაობის წარმატებულ მოდელებს ვაკოპირებ, ბევრს ვკითხულობ, ვმოგზაურობ, ვხვდები სხვა კლუბების სპორტულ დირექტორებს. ევროპაში რამდენიმე მეთოდიკას გავეცანი. მათგან "სევილიაში" მონჩის (რამონ ვენდეხას) მუშაობას გამოვარჩევ, - ჰყვება დიეგო, - "რასინგმა" ფეხბურთელები უნდა გაყიდოს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რადგან აუცილებელია ბიუჯეტის ჩამოყალიბება და იმ ყველაფრის მხარდაჭერა, რაც შევქმენით".

დიეგო მილიტომ ახალი "რასინგის" საპროგრამო დებულებები გამოჰყო, რომლებიც საკლუბო საქმიანობას აწესრიგებს და ნათელ და ლოგიკურ მიზნებს ექვემდებარება.

  • კლუბი - უპირველეს ყოვლისა, კლუბის პრესტიჟი ცალკეულ მოთამაშეებზე მაღლა დგას: მიდიან ერთნი, მოდიან მეორენი"
  • მოთამაშეები უფრო მომგებიანად უნდა გავყიდოთ, ვიდრე მათ ვყიდულობთ. ამისათვის ფეხბურთელების განვითარებაა აუცილებელი
  • არასდროს იყიდო მოთამაშე, თუ მისი ღირსეული ანალოგი აკადემიაშია ან ქვედა დივიზიონში
  • უნდა მოამზადო მცველები - ეს უფრო მომგებიანია, რადგან ევროპაში მათზე დიდი მოთხოვნაა.

სკაუტების სამსახური შექმნა
დანიშვნიდან მალევე მილიტო აქტიურად შეუდგა სატრანსფერო საქმიანობას. მისმა წინამორბედებმა ლიდერები მომგებიანად გაყიდეს: ოსკარ რომერო, მარკოს აკუნიო, ლუსიანო ლოლო და გუსტავო ბოუ, მაგრამ ფული უჭკუოდ ათობით უსარგებლო ტრანსფერში გაფლანგეს.

ახალმა მწვრთნელმა ედუარდო კუდემ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, ორი მცველი და საყრდენი ნახევარმცველი მოითხოვა.

მილიტომ რამდენიმე მილიონად ლეონარდო სიგალი მოიყვანა, რომელმაც დაცვა "ჩააბეტონა". ასევე იყიდა ჩილეს ნაკრების მცველი მარსელო დიასიც.

დიეგომ პირადად დაითანხმა ვარსკვლავი ფეხბურთელი რიკარდო სენტურიონი, რომელმაც "ბოკასთან" კონტრაქტს თითქმის მოაწერა ხელი. უფასოდ მიიყვანა "რასინგში" ხუთი ხარისხიანი მოთამაშე როტაციისათვის. აკადემიიდან ნიჭიერი ფედერიკო სარაჩო "ამოსწია" - იგი უკვე ძირითად შემადგენლობაშია და ორიოდე წლის შემდეგ ევროპაში მომგებიანად გადავა. მოუნახა შემცვლელი ლაუტერო მარტინესს, რომელიც წარმატებით მიჰყიდა "ინტერს", ხოლო "უდინეზეს" - ხუან მუსო. ორივე - 27 მილიონ ევროდ.

"ბევრი მონაცემის შეკრება და რისკების მინიმალიზება მომიწია, რადგან დრო ცოტა მქონდა - ჩვენ სულ მალე ლიბერტადორესის თასზე უნდა გვეთამაშა", - ჰყვება დიეგო, თუმცა მიმდინარე წარმატებული ტრანსფერები წვრილმანია იმ ფუნდამენტთან შედარებით, რასაც დირექტორი კლუბისთვის ამზადებს:

"ჩვენ სკაუტების სამსახური დავაარსეთ, რათა მთელი სამხრეთამერიკული ბაზრის მონიტორინგი მოვახდინოთ, თავისი ყველა ლიგით. არის იმის ათასობით შესაძლებლობა, რომ წარუმატებელი ტრანსფერი თავიდან იქნას აცილებული. ჩვენ ტრანსფერების ანალიზს ვახდენთ: ვიკვლევთ მოთამაშის პოზიციებსა და მომზადების დონეს, ხასიათს, სპორტულ ფორმას, ტრავმების ისტორიას და ასე შემდეგ. 2018 წლის იანვარში ჩვენ 157 ფეხბურთელის ბაზა გვქონდა, ზაფხულისათვის კი ეს ბაზა 437-მდე გავზარდეთ. უფროსი და ახალგაზრდული გუნდების 347 მატჩს დავესწარით".

"რასინგს" სულ ოთხი სკაუტი ჰყავს, მაგრამ არგენტინისათვის ეს რევოლუციას ნიშნავს: უმეტეს კლუბებში ტრანსფერებით პრეზიდენტი და მწვრთნელები არიან დაკავებულნი. დიეგო მილიტოს წამოწყებას მომხრეები თითქმის არ ჰყავს: ცოტა ვინმეს თუ ესმის, რისთვისაა საჭირო სკაუტები ისეთ ჩემპიონატში, რომელიც ფეხბურთელთა გაყიდვაზეა ორიენტირებული.

დიეგოს კოლეგები გრანდებიდან გაოცებას ვერ მალავენ, როცა "რასინგის" წარმომადგენლები დაბალი ლიგების მოთამაშეებს ყურადღებით აკვირდებიან... მაგრამ ამით დირექტორი ევროპულ გამოცდილებას იყენებს: მოყვარულ ფეხბურთელებს შორისაც არიან ბრილიანტები. მთავარია, ეძებო.

სკაუტებს ოფისი სტადიონის მიწისქვეშა ავტოსადგომთან მისცეს - კლუბის ახალი ისტორიაც იქ დაიწყო. სკაუტ-ანალიტიკოსებმა პასუხისმგებლობის ზონები გაიყვეს და ახლა ვენესუელის დაბალი ლიგის მოთამაშეებსაც კი აკვირდებიან, კითხულობენ და სწავლობენ ჟურნალისტთა საფეხბურთო სტატიებს და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ შეტყობინებებს პოტენციურ ახალწვეულებზე. დიეგო მილიტომ დაიქირავა თავის მსგავსი პროფესიონალები, მაგალითად, ჰავიერ ვაინერი, რომელიც ადრე "ლევერკუზენთან" და "უდინეზესთან" თანამშრომლობდა.

Sportall.Ge

დიეგი გაყიდვების პროცესსაც აკონტროლებს და ევროპელ სკაუტებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. "ერთ-ერთი მატჩის დროს ორი მაღალი ქერა კაცი შევნიშნე, - იხსენებს ვაინერი, - ისინი "კოპენჰაგენის" წარმომადგენლები იყვნენ. მათ არავინ დაეხმარა ბილეთებთან დაკავშირებით და ფეხბურთელს კარების უკანა ტრიბუნებიდან აკვირდებოდნენ. ახლა ყველაფერს სხვანაირად ვაკეთებთ".

უნდა ითქვას, რომ ტრანსფერების საკითხმა "რასინგის" დირექტორი დიეგო მილიტო და არგენტინის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი ედუარდო კუდე  ერთმანეთს დაუპირისპირა. მწვრთნელს ლაუტარო მარტინესის გაყიდვა ეწყინა და გადაწყვიტა, ტრანსფერების საკითხი საკუთარ ხელში აეღო. ის დირექტორის გვერდის ავლით, საჭირო ფეხბურთელების შესახებ კლუბის პრეზიდენტს მიმართავდა.

ეს ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა დირექტორისა და მწვრთნელის დასაპირისპირებლად, მაგრამ საქმე უფრო ცუდად განვითარდა - ქრისტიან ბრაგარნიკის გამო, რომელიც ტრანსფერების უმეტესობასთან იყო დაკავშირებული.

ბრაგარნიკი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი საფეხბურთო აგენტია და მას ისეთი ადამიანის რეპუტაცია აქვს, რომელშიც შეიძლება მინო რაიოლა, დონ კინგი და ეშმაკი ერთდროულად გაერთიანდნენ. პლუს ამ ყველაფერს - იგი ედუარდ კუდეს წარმომადგენელიც იყო.

ეს აგენტი დიეგო მილიტოს არასდროს მოსწონდა, მაგრამ სარგებელი მოუტანა: მილიტომ მწვრთნელს შეუტია აგენტთან კავშირის გამო და ტრანსფერებზე მისი გავლენა შეასუსტა. ახლა "რასინგი" მილიტოს ნებართვის გარეშე არავის ყიდულობს.

ედუარდ კუდე, თავის მხრივ, ალბათ, არ მოისვენებს და გავლენიან მენეჯერს შეუტევს: ისინი ძალიან სხვადასხვანაირად უყურებენ ფეხბურთს და ხასიათებითაც განსხვავდებიან - ფეთქებადი, ტრაბახა მწვრთნელი, საეჭვოა, რომ ტრანსფერების საკითხში უფლებამოსილების შემცირებას შეურიგდეს, როცა მისი კოლეგები სხვა ლათინოამერიკული კლუბებიდან ამ უფლებამოსილებას უსიტყვოდ იღებენ.

აკადემიის განვითარება, ტრანსფერებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით
"რასინგს" ტყუილად კი არ უწოდეს "ლა აკადემია" - გუნდი ყოველთვის ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდების ხარისხიან აღზრდას. რასაკვირველია, დიეგო მილიტოს ტრადიცია არ დაურღვევია და აკადემიაზე უარი არ უთქვამს: სკოლა მის პროექტში ცენტრალურ ადგილს იკავებს - ვარსკვლავები უფასოდ ხომ იდეალური ბიზნესია.

დიეგო ამ საკითხშიც სხვა არგენტინულ კლუბებზე უფრო შორს წავიდა. "რასინგი" თავის აკადემიაში არა მარტო არგენტინელებს იწვევს, არამედ უცხოელებსაც: სკაუტები საზღვარგარეთის საერთაშორისო ტურნირებს ესწრებიან და ჭაბუკი მოთამაშეები პერუდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან არგენტინაში მიჰყავთ.

იმავდროულად, დიეგო მილიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელების სწავლების სისტემაც შეცვალა: ახლა სკოლა განსაკუთრებით გულმოდგინედ ამზადებს დაცვის მოთამაშეებს, ყურადღებას აქცევს კონცეპტუალურ პოზიციებს საყრდენი მოთამაშეების აღზრდის საკითხში, რადგან ევროპის კლუბები ასეთებს უფრო ყიდულობენ. მაგალითად, ევროპაში გაყიდული "რასინგის" ექვსი ფეხბურთელიდან მეკარეები, მცველები და ცენტრალური ნახევარმცველები არიან.

Sportall.Ge

სკოლის წარმატება უკვე აღარაა მიბმული ბავშვთა ტურნირებში დაფიქსირებულ შედეგებზე, მხოლოდ აღსაზრდელების ინდივიდუალურ პროგრესზე.

"შვეიცარიელებმა საათების გაკეთება იციან, ჩვენ კი ფეხბურთელების, - ამბობს აკადემიის დირექტორი მიგელ გომისი, - მაგრამ ბევრი რამ შეიძლება ეფექტურად განხორციელდეს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხშირად შიგნიდან შეცდომების დანახვა გვიჭირს. ახლა ისეთ დონეზე ვართ, როგორც უნდა ცუდად ვიმუშაოთ, ტალანტები მაინც იზრდებიან".

* * *
სამუელ ეტო'ომ ჯერ კიდევ "ინტერში" ყოფნისას ახსნა დიეგო მილიტოს პიროვნების მასშტაბები:

"დიეგო, როგორც მოთამაშე - ათს უდრის, როგორც ადამიანი კი - თხუთმეტს".

"რასინგში" მიღწეული წარმატებით პრინცი მთელ არგენტინულ ფეხბურთს ცვლის. იგი ამას სპეციალურად არ აკეთებს, მაგრამ რას იზამ, ასეთია პროგრესის კანონები: კონკურენტები იძულებულნი არიან, მას დაედევნონ და გაიმეორონ, თორემ უკან ჩამორჩებიან.

ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიჭო როგორ სულს და გულს დებენ თავის ქვეყნებში, თავის საქმეში, გაუმარჯოს ღმერთმა
ზაზა
18:18 22-02-2019
0
კარგი სტატიაა მადლობა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული