ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-11 ტურში "აიაქსმა" ამსტერდამში 4:0 გაანადგურა "ფეიენოორდი", რასაც როტერდამელი გულშემატკივრების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ქომაგებმა გუნდის ავტობუსს სხვადასხვა საგანი და პეტარდები დაუშინეს. მათი მთავარი მოთხოვნა მწვრთნელ იაპ სტამის გადადგომაა.
ზოგიერთი ფეხბურთელი ავტობუსიდან გადმოვიდა და ფანებს დაელაპარაკა. მაგალითად, ლეროის ფერმა უთხრა, რომ მათზე არანაკლებ იმედგაცრუებულნი არიან. სტამი ავტობუსიდან არ ჩამოსულა.
"ფეიენოორდი" 14 ქულით მე-12 ადგილზეა და ფანების გულისწყრომაც ბუნებრივია.
შეგახსენებთ, "ფეიენოორდმა" ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" დაამარცხა.