მარადონა საუკეთესო არგენტინელს უწოდებდა, ნაკრებში თევზაობის გამო არ წავიდა და ველოსიპედების მძარცველებმა მოკლეს [VIDEO]

AutoSharing Option
74 წლის ასაკში ტომას კარლოვიჩი ყოველდღე ველოსიპედით დადიოდა, რა თქმა უნდა, თუ თავი არ სტკიოდა ან არ წვიმდა. ჩაიცვამდა საყვარელ სპორტულ კოსტიუმს, მოსახერხებელ კედებს და დასეირნობდა როსარიოში - ჩე გევარას, ლეო მესისა და მარსელო ბიელსას ქალაქში.

კარლოვიჩს ველოსიპედები ძალიან უყვარდა, თუმცა მათთან დაკავშირებით სულ პრობლემები ჰქონდა. უსინდისოებმა 4-ჯერ მოჰპარეს, ტომასი კი ყოველ ჯერზე ბრაზდებოდა, თუმცა არ უკვირდა; თან შვილი, ბრუნო ეხმარებოდა ხოლმე და ახალს ყიდულობდა. მხოლოდ 2020 წლის 8 მაისს არ უცდიათ ტომასის ველოსიპედის მალულად მოპარვა, არამედ პირდაპირ სეირნობისას ორმა
მძარცველმა რაღაც ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში. ინსულტი, ხელოვნური კომა და ტომასის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მისი სიკვდილის დღეს მსოფლიომ გაიგო, რომ როსარიო არა მხოლოდ ჩე გევარას, მესისა და ბიელსას ქალაქია, არამედ ტომას კარლოვიჩისაც. არგენტინელი ლეგენდის გარდაცვალების შესახებ დაწერეს კარლოს ტევესმა და ხავიერ მასკერანომ. სოციალურ ქსელებში უამრავი ემოციური კომენტარი გამოჩნდა. მედიამ გაიხსენა, თუ როგორ უწოდა მარადონამ კარლოვიჩს ისტორიაში საუკეთესო.

ქვევით კი ტომას El Trinche კარლოვიჩის ცხოვრებიდან 10 ისტორიას მოგითხრობთ, კაცის, რომელმაც არგენტინის სუპერვარსკვლავობასა და ევროპის ტოპ-ლიგაში თამაშზე უარი თქვა.


პირველი ეპიზოდი. ერთადერთი ვიდეო, რომელშიც კარლოვიჩი ფეხბურთს თამაშობს


კარლოვიჩი როსარიოში 1946 წელს დაიბადა და ბელგრანოს რაიონში გაიზარდა, სადაც ევროპელი მიგრანტები ცხოვრობდნენ. როსარიოელ ბიჭებს ორი ოცნება აქვთ: ან "როსარიო ცენტრალში" მოხვდნენ, ან "ნიუელს ოლდ ბოისში". ტომასი ადგილობრივი მოედნების ვარსკვლავი იყო. ამბობდა, რომ პროფესიონალი არასდროს გახდებოდა, თუმცა "როსარიოში" სინჯებზე აღმოჩნდა და კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა. დიდ კლუბში ეგრევე თამაშის დაწყება არ გამოუვიდა, მეორე და მესამე ლიგაში გაანათხოვრეს: "ფლანდრია", "ინტეპენდიენტე რივადავია" და "სენტრალ კორდოვა" - ბოლო ორ გუნდს კი ტომასი ცხოვრების სიყვარულს ეძახდა.

1970-იანი წლების შუა პერიოდი იდგა, როცა კარლოვიჩზე ლეგენდები შეიქმნა, ამის მიზეზი კი მისი სტილი იყო - მოედანზე ტომასი მოუწესრიგებლად გამოიყურებოდა - მაისური ისე ჰქონდა გახეული, რომ მკერდი მოუჩანდა, წინდები ბოლომდე ჩაეწია და თუ გრძელმკლავიანი ფორმა ეცვა, სახელოები სულ აკეცილი ჰქონდა.

ეს ყველაფერი კი მისი თამაშის მანერას ჰგავდა: კარლოვიჩი მოედნის ცენტრში საყდენად ან გამთამაშებლად მოქმედებდა, უბურთოდ თითქმის არ მოძრაობდა, თუმცა ბურთთან ერთად გრაციოზული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფე აკლდა. ჟურნალი El Grafico წერდა, რომ ტომასს მარცხენა ფეხით ბურთი იდიალურად ეჭირა, ზუსტ გადაცემებს ნებისმიერ მანძილზე აკეთებდა და დრიბლინგით მარადონასავით ეფექტური იყო, თუმცა დიეგოზე მაღალი, იმდენად, რომ პატარა შორტებში მისი ფეხები უსასრულოდ გრძელი ჩანდა.


მეორე ეპიზოდი. კარლოვიჩი მატჩიდან გარბის


პრიმერაში მალე გაიგეს ბიჭის შესახებ, რომელიც მოედანზე დაფრინავს, თუმცა მისი ინფანტილიზმის ყოველთვის ეშინოდათ. "ინდეპენდიენტე რივადავიას" (როსარიოდან 800 კმ-ით დაშორებულ ქალაქ მენდოსაში) რიგებში თამაშისას იმდენად მოენატრა სახლი, რომ სულ როსარიოში ბრუნდებოდა, მნიშვნელოვანი მატჩების დროსაც კი.

მისი ყოფილი თანაგუნდელი უგო მემოლი იხსენებს:

"სან მარტინის" წინააღმდეგ ვთამაშობდით. ტომასს როსარიოში დღისით წასვლა სურდა. 90 წუთი რომ ეთამაშა, ავტობუსზე დააგვიანებდა. ამიტომაც პირველ ტაიმში გააძევეს მოედნიდან. თითქოს ეს შემთხვევით მოხდა. აბაზანაში შევიდა და სტადიონიდან გაიქცა. კარლოვიჩი არასდროს არაფრის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას არ იჩენდა".

"არ მომწონდა ჩემი რაიონიდან, მშობლების სახლიდან, საყვარელი ბარიდან, მეგობრებისა და ელ ვასკო არტოლისაგან (ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი) შორს ყოფნა. ისე კი, არტოლიმ მასწავლა ბურთის გორება, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი", - ხსნიდა კარლოვიჩი.

2000-იან წლებში არგენტინული მედია კარლოვიჩის სტილს ასე ახასიათებდა: რედონდოსა და რიკელმეს დიდებული შერწყმა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ვიდეო გვაქვს, რომელშიც მისი თამაშის ნახვა შეგვიძლია.


მესამე ეპიზოდი. კარლოვიჩს სითავხედის გამო გადაუხადეს


კარლოვიჩმა შორს ვერ გაძლო და 1973 წელს როსარიოში დაბრუნდა, თუმცა არა ელიტურ, არამედ მესამე ლიგაში, კლუბ "სენტრალ კორდოვას" შემადგენლობაში. ეს მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო. სწორედ იქ თამაშის შემდეგ ალაპარაკდა არგენტინა მასზე. მასთან ერთად გუნდი იმ წელსვე გადავიდა მეორე დივიზიონში, ხოლო "ანდრეს ტალერესთან" გამართულ მატჩში კარლოვიჩმა კონცერტი დადგა. არსებობს ლეგენდა, რომ გულშემატკივარმა ტომასს ერთ-ერთი მეტოქისათვის ბურთის ფეხებშუა ორჯერ გაძვრენა სთხოვა, ჯერ წინიდან და მერე ეგრევე უკნიდან, კარლოვიჩმა კი ეს გააკეთა და ტრიბუნები აღაფრთოვანა. ფინტმა საფირმო სტატუსი მიიღო და "ორმაგი გვირაბი" დაარქვეს.

"კორდოვაში" ტომასმა კიდევ ერთი გასართობი მოიგონა: პირდაპირ მატჩის მიმდინარეობისას დაჯდა ბურთზე. ამ ორი წარმოდგენის სანაცვლოდ კლუბის ხელმძღვანელობამ ბონუსებით დააჯილდოვა, თუმცა ფული მისთვის მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა:

"ორმაგი გვირაბი" გავაკეთე, რათა თავი ბედნიერად მეგრძნო. დიახ, ზოგჯერ ბურთზეც ვჯდებოდი, მაგრამ ამას მხოლოდ შესასვენებლად ვაკეთებდი და არა მეტოქის დასაცინად. ჩემი თამაშის სტილი, ცხოვრების მსგავსად, ძალიან მოკრძალებული გახლდათ, იმ შეცდომების გარდა, რომლებიც ახალგაზრდობაში დავუშვი."


მეოთხე ეპიზოდი. კარლოვიჩმა არგენტინის ნაკრები დააწვინა


1974 წლის 17 აპრილს მთელი როსარიო ელოდა. არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადებოდა და როსარიოს ნაკრებთან დაგეგმეს შეხვედრა. ძირითად შემადგენლობაში "როსარიო ცენტრალისა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" 5-5 მოთამაშე შევიდა - ხოლო მე-11 კი კარლოვიჩი იყო, მეორე ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი. როსარიომ ძლიერი გუნდი შეკრა, მარიო კემპესიც იქ თამაშობდა, თუმცა გაზეთმა La Tribuna-მ მატჩისადმი მიძღვნილი ნომრის პირველ გვერდზე კარლოვიჩის ფოტო განათავსა.

"ნიუელს ოლდ ბოისის" სტადიონზე, რომელსაც ახლა მარსელო ბიელსას საპატივცემულო სახელი ჰქვია, როსარიომ 3:1 მოიგო. ის შეხვედრა ქალაქის ისტორიაში შევიდა და დოკუმენტური ფილმებიც კი მიუძღვნეს.

შეხვედრის გმირი კი კარლოვიჩი გახდა, რომელმაც არგენტინის ნაკრები საყვარელი ფინტით 45 წუთის განმავლობაში აიკლო. პუბლიკა ფეხზე დამდგარი უკრავდა ტომასს ტაშს. პირველი ტაიმის შემდეგ როსარიო 2:0-ს იგებდა. არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადისლაო კაპმა კოლეგას ტომასის შეცვლა მოსთხოვა, რათა ნაკრების ფეხბურთელების დაცინვა შეეწყვიტა, რომლებსაც 2 თვეში საკუთარი ქვეყანა მსოფლიო თასზე უნდა წარედგინათ.

30 წლის შემდეგ კარლოვიჩმა ეს შეხვედრა ასე გაიხსენა: "სტადიონზე 35 000 გულშემატკივარი მოვიდა. ეს კარგი და სასიამოვნო იყო."


მეხუთე ეპიზოდი. კარლოვიჩს "ნიუ იორკ კოსმოსში" თავად პელე უხმობს, თუმცა ტომასს წასვლა არ სურს


1975 წელს პელე აშშ-ში გადადის და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება, ჩემპიონატის მატჩებზე დასწრების მაჩვენებელს კი 10-ჯერ ზრდის. ყველაფერი ჯადოსნურად იყო, ბრაზილიელის მხოლოდ ერთი სურვილი არ შესრულდა: ძალიან უნდოდა, კარლოვიჩი მთელი მსოფლიოსთვის ენახებინა. ნიუ-იორკში მიიწვია, მაგრამ აბა, ტომასი როსარიოდან წამსვლელი იყო?!

"პელე წერილებს მიგზავნიდა, სხვადასხვა ნიშანს მაძლევდა, თუმცა არაფერი მოხდა", - შეაჯამა ტომასმა.

კარლოვიჩი არც ევროპულ გრანდებს გამოჰპარვიათ, მისი წაყვანა პსჟ-სა და "ინტერს" სურდათ, თუმცა კლუბებთან კონტრაქტზე არასდროს გადიოდა.

"შესაძლოა, საფრანგეთში ან ნიუ-იორკში წასვლას ჩემი ცხოვრება შეეცვალა. თუმცა, ჩემთვის "სენტრალ კორდოვაში" თამაში მადრიდის "რეალში" თამაშივით იყო. სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ, ფეხბურთის თამაშის გარდა, სხვა ამბიცია არც არასდროს მქონია."მე მარტოსული ადამიანი ვარ. "კორდოვაში" თამაშის დროს იმ ოთახში ვიცვლიდი, სადაც ეკიპირება ელაგა და არა გასახდელში. მე სიმშვიდე და სიჩუმე მიყვარს, ცვლილებები კი ამქვეყნიური ამაოებაა", - იხსენებდა კარლოვიჩი.


მეექვსე ეპიზოდი. კარლოვიჩი არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა ისევ უარს ამბობს


1976 წელს ლუის სესარ მენტოიმ კარლოვიჩი ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელის ნაცვლად უარის უცნაური წერილი მიიღო.

"მისი თამაშისთვის თვალის მიდევნება ძალიან სასიამოვნო იყო, ისე ფლობდა ბურთს... ნაკრებში მივიწვიე, მოუთმენლად ველოდი, თუმცა არ მოვიდა. ზუსტად არ მახსოვს, სად იყო, რომელიღაც კუნძული გახლდათ, სათევზაოდ იყო წასული. თავი იმით იმართლა, რომ იმ ადგილას წყლის დონე ძალიან მაღალი აღმოჩნდა", - გაიხსენა მწვრთნელმა.

კარლოვიჩი ნაკრების მწვრთნელებს სულ მოსწონდათ. გაზეთი Ole წერდა, რომ ახალგაზრდა მარსელო ბიელსამ ტომასის თამაშის სტილი გადაიღო და როცა გაიგო, რომ ფეხბურთელის კარიერამ ფრთები არ გაშალა, მისი თამაშის სანახავად დაბალი დივიზიონის მატჩებს ესწრებოდა, უბრალოდ, შთაგონების წყაროდ. ხოსე პეკერმანმა კარლოვიჩი "არგენტინის ოცნების გუნდში" შეიყვანა და თქვა, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ვინც ოდესმე ენახა.


მეშვიდე ეპიზოდი. კარლოვიჩი "მილანს" აბაიბურებს

1979 წელს ტომასი ქალაქ მენდოსის კლუბ "დეპორტივო მაიპუს" რიგებში თამაშობდა, თუმცა იმ პერიოდის მთავარი მატჩი მეორე ადგილობრივი გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა. ამ კლუბს "ანდეს ტელერესი" ერქვა, რომელიც "მილანს" სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში შეხვდა და ამ თამაშისთვის რამდენიმე ფეხბურთელი იჯარით აიყვანა.

ყველაფერი სერიოზულად იყო, "მილანის" რიგებში ჯანი რივერა, ფაბიო კაპელო, ახალგაზრდა ფრანკო ბარეზი თამაშობდნენ, თუმცა არგენტინელები ამას არ შეუშინებია და "ანდეს ტალერესმა" 3:2 მოიგო. კარლოვიჩს არ გაუტანია, საგოლე გადაცემა გააკეთა და როგორც სჩვეოდა, მატჩის გმირი გახდა. აი, მისი მოგონებებიც:

"იმას ვაკეთებდი, რაც მომწონდა: ვატყუებდი, ფეხებშორის ვუძვრენდი და თამაშიდან სიამოვნებას ვიღებდი. რაღაც მომენტებში ერთ ადგილას ვიდექით და ისე ვთამაშობდით, მხოლოდ ბურთი მოძრაობდა - ამან იმუშავა. გამარჯვებით კმაყოფილი ვარ და იმითაც, რომ ისტორიული მატჩის მონაწილე გავხდი. გოლი არ გამიტანია, მაგრამ კი ვისიამოვნე."


მერვე ეპიზოდი. ოპერაციისათვის კარლოვიჩს ფულს უგროვებენ


ტომასმა არგენტინის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა (ზოგიერთი გამოცემის მიხედვით - 2), თუმცა ის ნაკრების არცერთ ვარსკვლავზე ნაკლებად არ დაამახსოვრდათ. 2002 წელს 56 წლის ტომასი საავადმყოფოში მოხვდა - 20 000 დოლარის ღირებულების ოპერაცია სჭირდებოდა. კარლოვიჩს, რომელიც მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა, შემოსავალი მხოლოდ პენსია გააჩნდა - 150 პესო. თუმცა, როცა ამ შემთხვევის შესახებ ჟურნალისტებმა დაწერეს, ტომასს ხელისუფლება, გულშემატკივრები და ყოფილი თანაგუნდელები დაეხმარნენ, საჭირო თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო მატჩი გამართეს.

კარლოვიჩმა იმ მატჩს ცხოვრების საჩუქარი უწოდა და ოპერაციის შემდეგ ველოსიპედიდან არ ჩამოსულა.

მეცხრე ეპიზოდი. მარადონა კარლოვიჩს მსოფლიოში საუკეთესოდ მოიხსენიებს


1993 წელს 33 წლის მარადონა, რომელმაც ბარსელონაში მდებარე ყველა ღამის კლუბი შეისწავლა, "სანტიაგო ბერნაბეუს" აპლოდისმენტები მოჰპარა, "ნაპოლის" კერპი გახდა - არგენტინაში დაბრუნდა და "ნიუელს ოლდ ბოისში" ჩაირიცხა. პირველ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე დიეგო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

რას ნიშნავს, იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?
- საუკეთესო ფეხბურთელი როსარიოში უკვე თამაშობდა. მას ტომას კარლოვიჩი ჰქვია.


მეათე ეპიზოდი. მარადონასა და კარლოვიჩის შეხვედრა


2019 წლის თებერვალში მარადონა "ხიმნასია ლა პლატას" მწვრთნელის რანგში როსარიოში გაემგზავრა და ერთი მნიშვნელოვანი რამ არ გამორჩენია - კარლოვიჩთან შეხვედრა. ისინი სწრაფად, თუმცა ძალიან თბილად გაესაუბრნენ ერთმანეთს. დიეგომ ტომასს ავტოგრაფიანი მაისური გადასცა და უთხრა:

"ტრინჩე, შენ ჩემზე მაგარი იყავი".

ვალში არც კარლოვიჩი დარჩა:

"დიეგო, ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე. შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადამიანი იყავი".

1 წლის შემდეგ კარლოვიჩი გარდაიცვალა.

დიახ, ჩვენ მისი თამაშის მხოლოდ ერთი ჩანაწერი გვაქვს, თუმცა მოწმეები დარწმუნებულნი არიან: ის საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი იყო, რომლისთვისაც სულერთი იყო, სად ითამაშებდა: მესამე ლიგაში თუ მსოფლიო ჩემპიონატზე.


მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან საინტერესო სტატიაა, მადლობა ავტორს და მსგავსს თუ უფრო მეტს შემოგვთავაზებს სპორტალი უფრო მადლობელი დაგრჩები(თ)
დიმიტრი
18:51 15-10-2020
0
რა მაგარი სტატიაა, კარლოვიჩზე კი სამწუხაროდ აქამდე არაფერი ვიცოდი.
შაკო
17:29 15-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული