ქაბულის სტადიონი საჯარო დასჯის ადგილია, მატჩის წინ სიკვდილით სჯიდნენ, სხეულის ნაწილებს კი კარებზე ჰკიდებდნენ

AutoSharing Option
აგვისტოს შუა რიცხვებში თალიბანმა ხელში ავღანეთის დედაქალაქი ქაბული ჩაიგდო, რის შემდეგაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის სათავეშიც მოგვევლინენ.

როგორც თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, თალიბები ქვეყანას ისე აღარ მართავენ, როგორც ამას 20 წლის წინ აკეთებდნენ (შეგახსენებთ, წინათ ისინი 1996-2001 წლებში იყვნენ). მაგალითად, ისინი ახლა შურისძიებაზე აღარ ფიქრობენ, რადგან მათ ყველას შეუნდეს, სინამდვილეში კი სურვილი რამდენიმეა - მშვიდობა, სტაბილურობა, ქალების დაცვა და დამოუკიდებელი მედია.

თუმცა, რა თქმა უნდა, წარმოთქმული სიტყვები სინამდვილისგან ძალიან განსხვავდება. ახალმა მმართველობამ ახალი წესები შემოიტანა, რის მიხედვითაც დადგინდა,
რომ სახალხოდ ხმამაღალი სიმღერების მოსმენა დაუშვებელია; ქალბატონებს მოუწოდებდნენ, რომ სახლები არ დაეტოვებინათ; TOLO News-ის ჟურნალისტის მტკიცებით კი, 4 სამხედრო მოხელე, რომლებიც წინა მთავრობის მომხრენი იყვნენ საჯაროდ, კანდაჰარის მოედანზე სახალხოდ დახვრიტეს.

თალიბებისთვის სპორტულ არენაზე ძალადობა ან ადამიანის მოკვლა დიდ ვნებასთანაა დაკავშირებული. მათი ბოლო მმართველობის დროს მკვლელობისა და წამების ადგილი "გაზის" არენა გახლდათ, რომელიც ქაბულში მდებარეობს. ფეხბურთის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ათასობით გულშემატკივარი ადამიანის წამებით მოკვლას ფეხზე წამომდგარი უყურებდა.

გთავაზობთ ავღანეთში მდებარე ერთ-ერთი მთავარი მოედნის სისხლიან ისტორიას.

"სპარტაკის" ერთ დროს დიდებული შემტევი და სტეფანოს ციციპასის ბაბუა სერგეი სალნიკოვი "გაზის" ეროვნულ მოედანზე მუშაობდა. ქაბულის ჩემპიონატიც აქ იმართებოდა. სხვა ვერც ერთ ტურნირს ავღანეთში ვერ შეხვდებოდით.

Sportall.Ge

ეროვნული მოედანი 1923 წელს, ქაბულში აშენდა, სახელი კი მეფე ამანულა ხანისა გახლდათ, რომელსაც ინგლის-ავღანეთში გამარჯების შემდეგ "გაზი", ანუ გამარჯვებული უწოდეს, მოგებული ომის შემდეგ კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

თავისუფალმა სახელმწიფომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა უმალ დაამყარა - სსრკ პირველი ქვეყანა გახლდათ, რომელიც დიპლომატიური ვიზიტით ქაბულში ჩაფრინდა. 1921 წელს ავღანეთსა და სსრკ-ს შორის მეგობრობის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რის შემდეგაც სსრკ-ის ხელმძღვანელობა ავღანელებს სამხედრო შეიარაღებასა და ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა.

წლების გასვლის შემდეგ დახმარება იზრდებოდა. 1954-78 წლებში საბჭოთა კავშირმა მეზობელ ქვეყანას 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გადასცა, რის საპასუხოდაც ავღანური გაზი მიიღეს. ენერგეტიკულმა წყარომ ავღანურ ეკონომიკას 23% მოუტანა.

ამავდროულად, ჭკვიანი ადამიანების ტვინიც მუშაობდა. საბჭოელებმა ინჟინრები, ოფიცრები და მუშები უცხოეთში გაგზავნეს, 1975 წელს კი ვლადიმირ სალენკომ ადგილობრივი გუნდი ჩამოაყალიბა, 1 წლის შემდეგ კი მისი ადგილი ლეგენდარულმა სერგეი სალნიკოვმა დაიკავა. სერგეი 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და საბჭოური ფეხბურთის ყველაზე ტექნიკური მოთამაშე გახლდათ.

Sportall.Ge

სალნიკოვის გარშემო უამრავი გასაოცარი ფაქტი არსებობს (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამა ნიკოლაი სტაროსტინი გახლდათ, რომელმაც "დინამო" ადრეულ წლებში დატოვა და მამინაცვალთან გაემგზავრა, რათა ცხოვრება უფრო გაემარტივებინა. ქალიშვილი საბჭოთა კავშირის ჩოგბურთის ჩემპიონი გახლდათ, მისი შვილიშვილი კი ყველასთვის ცნობილი სპორტსმენი სტეფანოს ციციპასია), თუმცა მის ავღანეთში ცხოვრებასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის ჩაბარებამდე სალნიკოვი ადგილობრივ გუნდ "მარეეფს" წვრთნიდა.

სალნიკოვი და მისი სამომავლო შემცვლელი ნიკოლაი ეფიმოვი ეროვნულ გუნდში ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გენადი სარიჩევმა, წარმოშობით სამარიდან, 10 წლის გასვლის შემდეგ ავღანეთში ორი წელი გაატარა. ამ პიროვნებას ომის პერიოდი უკვე ნანახი ჰქონდა, თუმცა სამხრეთში მიმდინარე მოვლენებს მაინც თბილად იხსენებს:

"ვიაჩესლავ ივანოვიჩ კოლოსკოვმა იქ წასვლა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მეუღლე წავიყვანე და ქაბულისკენ გავეშურე. იქაურობა იბომბებოდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვეშინოდა. საერთოდაც, ავღანეთში გატარებული 2 წელი ჩემთვის ბედნიერების მომასწავებელი გახლდათ. გვეგონა, მთელი ცხოვრება იქ გავატარეთ".

საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული მწვრთნელები დიდად თავს არ იკლავდნენ, ავღანური გუნდები აზიის თასზე ვერც ერთხელ ვერ მოხვდნენ, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა ვერ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია FIFA-ს წევრი 1948 წლიდანაა. სწორედ იმ წელს წარდგნენ ისინი ოლიმპიადაზე. ლონდონში ლუქსემბურგთან 0:6 განადგურების შემდეგ ტურნირს დაემშვიდობნენ.

საფეხბურთო დონის აღმასვლას (1970-80-იან წლებში დადებითი შედეგი 3 ფრე გახლდათ) ხელს შიდა ჩემპიონატის სუსტი გუნდები უშლიდნენ. როგორც ცნობილია, ის რეგიონალ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებისგან შედგებოდა, ყველაზე ძლიერ ლიგად კი "ქაბულის ლიგა" ითვლებოდა. ამ ტურნირის ყველა გუნდი "გაზის არენაზე" თამაშობდა, სხვები კი აქ არ ჩამოდიოდნენ. მიზეზი ფინანსური კრიზისი და სიკვდილის შიში გახლდათ...

საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებისა და ჯარის გაყვანის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო დიდ ქაოსში გადავარდა. 1988 წლიდან 2003 წლამდე მათ არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, რის გამოც FIFA-ს რეიტინგში ბოლო ადგილს დამსახურებულად იკავებდნენ.

თალიბებს სპორტი არ უყვართ, თუმცა ფეხბურთი დაშვებულია. სპორტსმენები წვერსა და განიერ შარვლებს ატარებენ. შეხვედრა ლოცვის აღსასრულებლად ჩერდება

Sportall.Ge

თალიბები ქაბულში პირველად 1996 წელს შეიჭრნენ, მთავრობა გადააყენეს და ავღანეთის ისლამური საემირო შექმნეს. მათი კანონები შემაძრწუნებელი გახლდათ. დააწესეს ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან მოქმედებდა. სავალდებულო გახადეს წვერისა და ბურკას ტარება, აკრძალეს მუსიკა, ტელევიზია, კინოთეატრი და თითქმის ყველა სახეობის სპორტი, მათ შორის, ავღანური ტრადიციული ფრანის გაშვება, ძაღლების ჩხუბი და კოკპარი (ცხენოსნები გატყავებული თხისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან).

Sportall.Ge

კოკპარი - ტრადიციული ავღანური თამაში

სპორტის სხვა სახეობები, როგორებიცაა კრიკეტი, კრივი და ფეხბურთი, განვითარდა და პოპულარული გახდა (მიუხედავად გავარდნილი ხმებისა, რომ თალიბებმა ავღანეთში ფეხბურთიც აკრძალეს).

Tolo News-ისა და ეროვნული ტელევიზიის ყოფილმა სპორტულმა ჟურნალისტმა საფი სტანეკზაიმ რადიო "თავისუფლების" ავღანურ ფილიალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს თალიბანის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრებაზე მცდარი წარმოდგენა აქვს.

"დასავლეთს ავღანეთთან ახლო ურთიერთობა იმ პერიოდში არ ჰქონდა. ამრიგად, მათ მხოლოდ ომი და თალიბები იციან. უცხოური მედია ყურადღებას მხოლოდ ნეგატიურ სიახლეებს უთმობს, პოზიტიური ამბები კი ჩვენს ქვეყანაზე, ფაქტობრივად, არ ვრცელდება. სიმართლე გითხრათ, დადებითი მხარე სპორტი გახლდათ. თალიბების დროს სპორტს უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა" - განაცხადა საფიმ.

მისი თქმით, "გაზის" სტადიონს ქაბულის ლიგის გუნდები სტუმრობდნენ (ჯამში 12).

ამ ინფორმაციას ავღანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანიც, მუჰამედ ისაკიც ადასტურებს. ხსენებულმა პიროვნებამ 1990-იან წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომის გამო დატოვა, უკან კი ძველი მთავრობის გადაყენებისა და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. თალიბებმა სპორტსმენი "საბაუნის" გუნდში მიიპატიჟეს, აღსანიშნავია, რომ დაჯგუფებამ ეს გუნდი ნულიდან შექმნა, ყოველ კვირას მათ მატჩებს კი დაახლოებით 7000 გულშემატკივარი სტუმრობდა.
Sportall.Ge

ავღანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შვილებთან ერთად

"თალიბებმა ჩვენ ხელფასი დაგვინიშნეს. ამავდროულად, ჩვენი გადასახადებიც გადაიხადეს. ჩვენ ოჯახის შენარჩუნება და ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. სამხედროები ჩვენზე ფსონს დებდნენ, ყოველი თამაშის შემდეგ კი დამქირავებლების სახლში სხვადასხვა ფილმს ერთად ვუყურებდით" - განაცხადა ისაკმა.

"შარიათის კანონების თანახმად, ფსონები და "თამაში" აკრძალული იყო. ამრიგად, ავღანეთში ტოტალიზატორი არ არსებობდა, თუმცა 90-იან წლებში ტერორისტები ფსონად მანქანებს, იარაღებსა და სახლებსაც კი დებდნენ".

Sportall.Ge

"საბავუნანის" გუნდი - 1999 წელი - ისაკი მარცხენა ზედა კუთხეში

ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც თალიბების მმართველობის პერიოდში ქაბულში ფეხბურთის შეხვედრას დაესწრო, BBC-ის კორესპონდენტი კეიტ კლარკი გახლდათ. მოედანზე დაახლოებით 20 000 მამაკაცი იმყოფებოდა, ქალბატონი კი მხოლოდ ის გახლდათ. ჟურნალისტის თქმით, ირგვლივ აურაცხელი რაოდენობის დაცვა იდგა, რომლებსაც თან "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღი ჰქონდათ; ასევე, კონკრეტული სიგრძის მათრახიც - თუმცა ჩანდა, თითქოსდა ამ უკანასკნელს ცუდი მიზნისთვის არ იყენებდნენ.

"ვფიქრობ, ბრიტანეთში შეხვედრის დაწყების წინ უფრო დიდია საფრთხე, ვიდრე აქ" - აღნიშნა BBC-ის კორესპონდენტმა.

კლარკმა განაცხადა, რომ თავდაპირველად გავრცელდა ჭორები, რომ ავღანეთში ფეხბურთი აიკრძალა, თუმცა თალიბების ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეხვედრები განახლდა: ლიგის დონე სამოყვარულო გახლდათ, თუმცა ხალხში ის პოპულარობით სარგებლობდა, არენაზე კი თავს გულშემატკივრები იყრიდნენ, რომლებიც თავიანთ რჩეულ თერთმეტეულს ქომაგობდნენ. ამრიგად, ფეხბურთი ერთ-ერთი ლეგიტიმური აქტივობა გახდა, თუმცა წესებში ავტორიტეტული წარმომადგენლები მაინც ჩაერივნენ, მაგალითად, დროის გაჩერება და ლოცვა.

"პირველი ნახევრისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი როცა გავიდოდა, საღამოს ლოცვა იწყებოდა. პოლიციის ავტომობილები გულშემატკივრებს რუპორის მეშვეობით ატყობინებდნენ, რომ მოედანზე უნდა ჩასულიყვნენ. უმეტესობა ტრიბუნაზე დარჩა, პოლიციელებმა კი სწორედ იქ გამოიყენეს ის საშინელი მათრახი. სტადიონზე დამსწრეთა უმრავლესობა სალოცავად წავიდა, დანარჩენები კი პოლიციას მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. მათი ეს საქციელი ქაბულისთვის უცნობი დაუმორჩილებლობის დემონსტრირება გახლდათ" - განაცხადა კლარკმა.

კეიტის მოედანზე ყოფნა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან წესების თანახმად, ფეხბურთის მატჩებზე დასწრება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. მათთვის დაწესებული იყო ჩაცმის სტილიც: უნდა სცმოდათ შარვალი, გრძელმკლავიანი მაისური და მაღალყელიანი წინდა, რათა მთლიანი ტანი დაფარული ჰქონოდათ.

გაეროს წარმომადგენელმა თომას რუტიგმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ტანისამოსის ქვეშ ტრადიციული პაშტუნი ეცვათ, რაც მათ ჩაცმულობას უცნაურ იერს აძლევდა. ავტორიტეტულმა პირმა მოედანზე არსებული ატმოსფერო აღგვიწერა:

"სასაცილოდ ჩაცმული ფეხბურთელები მოყავისფრო-მომწვანო მოედანზე, ომის შედეგად დაზიანებული ტრიბუნა და მოწევა სამოვარით".

რუტიგმა ასევე აღნიშნა, რომ თალიბანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მონაწილეობა საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო - მატჩი კანდაჰარში (ავღანეთის ერთ-ერთი ქალაქი). მეტოქე პაკისტანი გახლდათ.

ტური 3 მატჩისგან შედგებოდა. პირველი ორი უპრობლემოდ გაიმართა, მესამე შეხვედრაში კი მოედანზე მოულოდნელად ავღანელი პოლიცია შევარდა და ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების დარბევა დაიწყო - სპორტსმენები და დამსწრე საზოგადოება თავის შველას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. სტადიონის დატოვება პაკისტანელმა ფეხბურთელებმაც სცადეს, თუმცა 12 მათგანი პოლიციამ დააკავა. დარბევის მიზეზი სტუმარი გუნდის ფეხბურთელების მოკლე სათამაშო შორტი გახლდათ.

Sportall.Ge


მათ ღამე ციხეში გაატარეს, თავები გადაპარსეს (წესით, დამნაშავეებს თავს პარსავენ), შემდეგ კი გადაასახლეს. მოგვიანებით, კანდაჰარის გუბერნატორმა მუჰამედ ჰასანმა გულწრფელად აღიარა, რომ სასჯელი გადამეტებული იყო:

"ისინი ჩვენი სტუმრები იყვნენ, ჩვენ კი ზედმეტად შევაშინეთ".
შესახედაობაზე შეზღუდვა ავღანელებს ვერ აჩერებდათ, რომლებიც ფეხბურთს ყველგან თამაშობდნენ. კანდარში, თალიბების ციტადელთან, მულა ომარის შტაბ-ბინასთანაც კი თამაშობდნენ. იმდენად მტვრიანი მოედანი იყო, რომ შეტევის შემდეგ ჩერდებოდნენ და ელოდებოდნენ, მტვერი როდის გაქრებოდა" - იხსენებს თომას რუტიგი.

ტერორისტებმა "ქურდების" ხელები და ფეხები გასასვლელებში ჩამოკიდეს. მოედანზე, საჯარიმოს ტერიტორიაზე, დამნაშავეებს "ალაჰ-აკბარის" ყვირილის შემდეგ თავში ესროდნენ და ხოცავდნენ...

მაყურებლებს მოედანი თავდასხმის მაღალი რისკის გამო არ გადაუკეტავთ, ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. სასაკლაო გახლდათ, რომელიც სწორედ ქაბულში არსებულ სტადიონებზე საჯაროდ იმართებოდა.

"საფეხბურთო მოედნებზე სისხლი იღვრებოდა" - ამბობს აგრონომი მუჰამედ ნასიმი.

მისი თქმით, თალიბები ხალხს დაჩოქებას აიძულებდნენ, რათა დაეხოცათ... გასასვლელებში კი დასჯილი ხალხის ხელები და ფეხები ეკიდა. ეს ნაწილები, რა თქმა უნდა, შესამჩნევი და გულისამრევი გახლდათ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი წითლად შეღებილი კედლები თეთრად იღებებოდა.

ნასიმს სხვადასხვა საშინელი ამბის მოყოლა შეუძლია, თუმცა უფრო საინტერესო უშუალოდ მოწმეების საუბარი იქნება...

მუჰამედ ისაკი, რომელიც თალიბების გუნდში თამაშობდა, პირველ ვარჯიშს იხსენებს:

"ჩვენ გავხურდით, კარისკენ დარტყმაში ვვარჯიშობდით. მოედნის ცენტრში ერთი მომცრო ზომის კასრი იდგა. როდესაც გავხსენით, დავინახეთ, რომ შიგნით 6 მოკვეთილი ხელი ეგდო".

ავღანელი ჟურნალისტი ზაიბულა სტადიონზე სიკვდილით დასჯას არაერთხელ შეესწრო:

"როგორც წესი, ეს საშინელი სცენა საჯარიმოს არეალში მიმდინარეობდა. ქურდებს ხელები სწორედ იქ მოაჭრეს; ქალსა და კაცს იმის გამო სცემეს, რომ სექსი ჰქონდათ, დაქორწინებულები კი არ იყვნენ. საკუთარი თვალებით ვხედავდი, როგორ აჩოქებდნენ ადამიანებს და ხოცავდნენ".

"ახლა, თალიბანის ხელისუფლებაში მეორედ დაბრუნების შემდეგ, საღამოს მოედანზე აღარავინ მიდის" - განმარტა "გაზი არენის" დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნაბილ კარიმ.

"ყველა თვლის, რომ ამ ადგილზე სულები ბატონობენ, რადგან დახრეტილი ადამიანის სულებმა მშვიდობას ჯერ ვერ მიაღწიეს".

კარის თქმით, სამხედროები ადამიანებს არა მხოლოდ მოედნებზე, არამედ შუა ქუჩაშიც ხვრეტდნენ:

"მათ დამნაშავეები სატვირთოს მანქანით გადაჰყავდათ, უხსნიდნენ კარს, მიწაზე ყრიდნენ, ჯერ თავში ესროდნენ, შემდეგ კი - ზურგში. მათ ჩემი ორი ნათესავი მოკლეს, ერთი დახვრიტეს, მეორე კი მოედანზე იმის გამო ჩამოახრჩეს, რომ იარაღი ჰქონდა. განმარტების სახით კი ის მივიღეთ, რომ თალიბების სასამართლომ სამხედროები გაამართლა, რადგან თითქოსდა შესაძლოა ჩემი ნათესავი მათთვის საფრთხე გამხდარიყო. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ჩემი ნათესავები უდანაშაულოები იყვნენ, ისევე, როგორც დანარჩენი სხვები".

როგორც კარიმ, ასევე ამ საშინელი სასაკლაოს შემსწრე პირებმა განაცხადეს, რომ ტერორისტები ადამიანებს ელვისებური სისწრაფით ხოცავდნენ. ისინი "დამნაშავეებს" თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან რიგის მიხედვით აყენებდნენ და თავში ესროდნენ:

"სხეულიდან წამოსული სისხლი მოედანზე იღვრებოდა. მინდა გითხრათ, რომ ბალახი იმდენად გაჯერებული იყო ამით, რომ ახალი საფარის გაშენება ვცადეთ, თუმცა არ გამოგვივიდა" - განაცხადა სტადიონის დაცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

Sportall.Ge

ახალი ბალახის გასაზრდელად ძველის დაახლოებით ნახევარ მეტრზე ამოღება იყო საჭირო. მას შემდეგ, რაც ამერიკელები ავღანეთში ჩავიდნენ, ამ საქმეს ხელი მათ მიჰყვეს (50 000 ამერიკული დოლარი დაჯდა). სიმართლე ვთქვათ, თალიბებისთვის მშრალი თუ სისხლიანი ბალახი ერთი იყო, ყოველ კვირა გაზის სახელობის მოედანზე სიკვდილით დასჯა მიმდინარეობდა. 1998 წელს the Independent-ის ჟურნალისტმა ჯეისონ ბურკმა განმარტა, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს საშინელი სცენარი (ოქსფორდის დამთავრების შემდეგ ბურკი პაკისტანში გადასახლდა, რათა მეზობელ ავღანეთზე ბევრი რამ გაეგო და სხვადასხვა ნაწარმოები დაეწერა).

"სტადიონზე დაახლოებით 5000 კაცი მოვიდა. რელიგიურმა წინამძღოლმა ყურანის კითხვა დაიწყო, დამსწრე საზოგადოებამ კი ერთხმად განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე დასწრება მათთვის პატივი იყო. ორი ადამიანი მოედნის ცენტრში გაათრიეს. ჯარისკაცებმა ისინი მუცელზე დააგდეს, ერთ-ერთს ორივე ხელი მოაჭრეს, მეორეს კი - ფეხი. ამ დროს მესამე "დამნაშავე" პენალტის ნიშნულთან მიიყვანეს. თალიბების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას პირდაპირ შუბლში ესროლა, თანაც სამჯერ".

ბურკის მოხსენება შემდეგი სათაურით გამოვიდა - "ფეხბურთი სიკვდილით დასჯის აღსრულებიდან ნახევარ საათში დაიწყო".

ჯეისონი პირდაპირ აღწერს, თუ როგორ ჩამოიბანეს სისხლი სტადიონის მუშაკებმა, შემდეგ კი გასახურებლად წავიდნენ, რათა ფეხბურთი ეთამაშათ.

შარიათის კანონების თანახმად, სიკვდილით დასჯა კვირაში ერთხელ ხორციელდებოდა - პარასკევს. უმძიმესია ის ფაქტი, რომ ხშირად სიკვდილმისჯილებს მათი ნათესავები ხოცავდნენ, სასხლეტის გამოკვრამდე კი მთელი მოედანი ერთხმად (მათ შორის, ბავშვებიც) "ალაჰ-აკბარს" ყვიროდა.

მეორე ვერსიით: სტადიონზე შეკრებილი საზოგადოება ერთხმად ყვიროდა, ჩაიდინა თუ არა პირმა ისეთი დანაშაული, რომ სიკვდილით დასჯილიყო. იმ შემთხვევაში, თუ ჯალათი ვერაფერს გაიგებდა (ან თუ ვერ შეასრულებდა, რადგან უმეტესობა უარზე იყო), მაშინ პირს სიცოცხლეს ჩუქნიდნენ.

თუმცა სინამდვილეში თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავღანეთში თალიბების მმართველობასთან დაკავშირებით ბევრი ცნობა არ გვაქვს. მხოლოდ რამდენიმე ამერიკელი და ევროპელი მუშაობდა იქ, თუმცა სიკვდილით დასჯის სანახავად არც ერთი არ წასულა. გადაღებული კადრები კი მხოლოდ ავღანეთის შიგნით ტერიტორიაზე ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ის საშინელი ამბავი შეგვიძლია მხოლოდ ჩვენს გონებაში გავიაზროთ, თუ როგორი სავსე იყო მოედანი, როგორ ყვიროდა ყველა ერთად, როგორი იყო საცოდავი ადამიანისთვის უკანასკნელი ამოსუნთქვა და ცისკენ ახედვა, რის შემდეგაც იქუხებდა ავტომატი და ბოროტი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებდა.

Sportall.Ge

არ ვრცელდებოდა სიკვდილით დასჯის რიტუალის ამსახველი კადრები, გარდა ერთი შემთხვევისა - 2001 წელს იმავე "გაზის" მოედანზე (1999, 17 ნოემბერი) მკვლელი ქალი დახვრიტეს.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ქალბატონი ავღანელი ქალების წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, თუმცა იმ მომენტში მისი სახელიც კი არავინ იცოდა. 2002 წელს Daily Mirror-მა განაცხადა, რომ დახვრეტილ გოგონას ზარმინა ერქვა, სიცოცხლე კი 35 წლის ასაკში მოუსწრაფეს. სიკვდილით დასჯის ცერემონიამდე ის ტყუპ შვილებთან ერთად ციხეში იყო გამოკეტილი. როგორც მოგვიანებით დაიწერა, ზარმინა თავისი ქმრისგან გამუდმებული ძალადობითა და ცემით დაიღალა, რის გამოც ერთ საღამოსაც უფროსი ქალიშვილის დახმარებით მეუღლეს ჭიქაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ის მოკლა. თავდაპირველად ქალბატონს სასჯელის სახით სახეში 100 სილა გამოუტანეს:

"ისინი ჩემ მოკვლას არ აპირებენ, ვინ მოუვლის ჩემს 5 შვილს? მე დედა ვარ, ისინი ვერ მომკლავენ" - განაცხადა Daily Mirror-ის ჟურნალისტმა ანტონ ანტონოვიჩმა.

თალიბებმა ქალს სიკვდილით დასჯა გამოუტანეს... თავდაპირველად მოედანზე საჯარიმოს სივრცეში მუხლებზე დააგდეს და იარაღი თავში დაუმიზნეს, ესროლეს, თუმცა ჯალათს ხელი აუკანკალდა და ვერ მოარტყა... მხოლოდ ტანისამოსი გაუხია... ამ მომენტში ზარმინა მიხვდა, რომ მას სიკვდილით სჯიდნენ და პატიება ითხოვა, თუმცა მეორე ცდაზე სამხედრო პირმა აღარ ააცილა და გოგონაც მოკვდა...


Sportall.Ge

ნათესავებმა 5 შვილის დედა ქაბულის მახლობლად უსახელო საფლავში დაკრძალეს, სიკვდილის შემდეგაც კი ვერ გაბედეს და პატივი ვერ მიაგეს, რადგან შეეშინდათ, რომ მათაც მის გზას გაუყოლებდნენ... ამდენი წლის გასვლის შემდეგაც ამ ოჯახს ჯერ კიდევ მოღალატეების სახელი ჰქვია.

ამერიკელებმა ავღანეთში შემოსვლის შემდეგ "გაზის" მოედანი განაახლეს, თუმცა ამ ქვეყანაში ჩამოსვლის ფეხბურთელებს ეშინიათ.
Sportall.Ge

ამერიკელები ავღანეთში 2001 წლის 7 ოქტომბერს შეიჭრნენ. მიზეზი ოსამა ბინ ლადენის ექსტრადირებაზე უარის თქმა გახლდათ (11 სექტემბერს "ტყუპებზე" თავდასხმის ორგანიზატორი). პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკელები ტერორისტებს ჰაერიდან მომბავდნენ, შემდეგ კი თალიბები საერთოდ გააძევეს.

გაძევების შემდეგ თალიბები პარტიზანულ ომებზე გადავიდნენ. ქვეყანა ტერაქტებმა მოიცვა, თუმცა მოსახლეობამ იმარჯვა და მიიღეს თავისუფლება და კანონისმიერი უფლებები. ქალებს უფლება მიეცათ, ეთამაშათ ფეხბურთი, მამაკაცებს ჩაეცვათ შორტები და სხვა... პირველად ისტორიაში, ავღანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთო, სადაც თურქმენეთთან 0:13 დამარცხდა, თუმცა ამ მარცხის უკან, ალბათ, ხვდებით, რამხელა ბედნიერება იდგა.

Sportall.Ge

მათ მონაწილეობა 2010 და 2014 წლების მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღეს. აღსანიშნავია 2018 წლის შესარჩევ ეტაპზე მოგებული სამი შეხვედრაც!

რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში ნებისმიერი ნაკრების მასპინძლობა დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ავღანელები თამაშებს ყატარში, თეირანსა და დუშანბეში ატარებდნენ.

ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს "გაზის" მოედანზეც მართავდა, მაგალითად, პალესტინასთან. რადგანაც FIFA-ს მოედნის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული წესები აქვს მიღებული, ამერიკულმა მთავრობამ გრანტის სახით 25 მილიონი ევრო გამოჰყო და სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარა. გახსნის ცერემონიალს ამერიკის ელჩი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იქვე ორი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა (მამაკაცებისა და ქალბატონების).

2014 წელს "გაზის" მოედანი "გადაიჭედა" - განახლებულ არენაზე 40 000 ადამიანი მივიდა. ისინი თავიანთი ეროვნული ნაკრებისთვის მადლობის გადასახდელად მივიდნენ, რადგან მათ შეძლეს და სამხრეთ აზიის ჩემპიონატი მოიგეს - პატივის მისაგებად არა იმიტომ, რომ კონტინენტზე ყველაზე დიდი ტურნირი მოიგეს, არამედ იმიტომ, რომ მათ საკუთარ ქვეყანას მსგავსი მნიშვნელობის თასი შესძინეს. 7-გუნდიან ტურნირში ავღანეთი ჯგუფიდან პირველი გავიდა, შემდეგ ნახევარფინალში ნეპალს სძლია, ინდოეთი კი ფინალში დაამარცხა.

აეროპორტში სპორტსმენებს ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დახვდათ. იქვე იყვნენ მინისტრები და სხვა ცნობილი სახეებიც. ავტობუსიდან მაყურებელი აწ უკვე წარმატებული ადამიანები თვალებს ვერ უჯერებდნენ, მთელი ქვეყანა გარეთ იყო და მათთვის ყვიროდა:

"ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც ცეკვავდნენ და ვფიქრობდი, რა მაგარია, ეს ზღაპარია" - განაცხადა მანსურ ფაკირიარმა (მეკარე), რომელმაც ნახევარფინალში 2 პენალტი მოიგერია და ნეპალი სახლში გაუშვა.

ამ წელს ავღანელებმა FIFA-ს რეიტინგში 189-ე ადგილიდან 122-ზე გადაინაცვლეს (ახლა 153-ე), ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი 54 000-მდე გაიზარდა (როდესაც 2006 წელს მათი საერთო რაოდენობა 20 000-ს არ აღემატებოდა), ქაბულში ქალთა 16 საფეხბურთო გუნდი გაიხსნა. ეს ყველაფერი FIFA-ს არ გამოეპარა და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია საპატიო ჯილდოთი დააჯილდოვა, ადგილობრივი მოედნების გასაკეთებლად კი 1.5 მილიონი ამერიკული დოლარი გადასცა...

ეროვნული ნაკრები იმ პერიოდში აღზევდა, როდესაც ქვეყანაში პროფესიონალური ლიგაც კი არ არსებობდა. სხვადასხვა რეგიონიდან 8 გუნდი წარდგა. მატჩები ქაბულში გაიმართა, ჩემპიონატი განსხვავებული სტილით წარიმართა.

მანამ, სანამ გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ, გულშემატკივრებმა ფეხბურთელები გაიცნეს, ხმები მისცეს, თუ რომელი მათგანის შენარჩუნება სურდათ; ასევე ხმა მისცეს გუნდებს, სადაც მათი ფავორიტი მოთამაშის თამაში უნდოდათ. შემდეგ ტურნირიც დაიწყო, რომელიც დაახლოებით 3 თვე გაგრძელდა (2 ჯგუფი, 4 ნახევარფინალისტი, 2 ფინალისტი).

Sportall.Ge

2012 წელი - პირველი ავღანური ფეხბურთის ჩემპიონატი

ტურნირი ნახევრად პროფესიონალური გახლდათ (სპორტსმენები დღეში 10 დოლარს გამოიმუშავებდნენ). ამიტომ აზიაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღიარებული არ იყო. 2017 წელს ავღანელები საბოლოოდ წარადგინეს - "შაშინ ასმაის" გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ტაჯიკისტანთან" 0:1 დამარცხდა და გამოეთიშა.

ამის შემდეგ ფეხბურთი ავღანეთში კიდევ უფრო პოპულარული გახდა, მთავრობა ახალი მოედნების აშენებას არ წყვეტდა, ამერიკული ფონდი კი - დაფინანსებას. და საბოლოოდ, გრანტის სახით ჯამში 270 მილიონი მიიღეს.

6 წლის შემდეგ ახალი მოედნები აღარ არსებობს... ფეხბურთთან ერთად კი ყველაფერი გაქრა...

"შეტყობინებებს ვიღებ, რომ ავღანელი სპორტსმენები ტირიან, რადგან აღარ იციან, რა ეშველებათ... ისინი მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდნენ, ყოველივე ამან კი მათში დიდი შიში გამოიწვია" - განაცხადა ქალთა საფეხბურთო გუნდის კაპიტანმა ხალიდა პოპალმა.

გოგონა დანიის ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდში ასპარეზობს, თუმცა, სხვების მსგავსად, საკუთარ ქვეყანაზე ძალიან ნერვიულობს. თალიბების ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ კი მის თანამემამულეებს სთხოვა, რომ "ტვიტერის" გვერდები და სხვა სოციალური ქსელები გაეუქმებინათ, რათა თალიბებს არ გაეგოთ მათ ვინაობა და არ დაეხოცათ...

"მახსოვს, 2017 წელს, პირველ საერთაშორისო თამაშზე კაპიტანი ვიყავი, ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ ვიდექი და ვტიროდი, რადგან ეს დიდი მიღწევა იყო. ახლა ვინც ქალის უფლებებს ხმამაღლა იცავს, საფრთხე ემუქრება. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ჩვენი მოთამაშეები" - განაცხადა ხალიდამ.

25 აგვისტოს ქალბატონებისთვის სასიამოვნო სიახლე გავრცელდა: 77 ათლეტი, მათ შორის ქალთა ეროვნული ნაკრები, ავსტრალიაში გადაფრინდა. აღსანიშნავია, რომ FIFPro-მ მათი ქვეყნიდან გაყვანა და ავსტრალიაში მშვიდობიანად ჩაყვანა მოითხოვა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთო რა საშინელებაა… მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის
მესი გოათ
18:05 07-09-2021
3
ცხოველები უფრო კარგები არიან. დაიფარე ამ ბრბოსგან ყველა და ყველაფერი. რა საშინელებაა.
ცისო
09:54 08-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული