ბრაზილია ისევ უდანაკარგოა, არგენტინამ უპირატესობა გოლად ვერ აქცია [VIDEO]
AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა. არგენტინამ ქულები დაკარგა, ბრაზილიის ნაკრებმა კი პირველი გოლი გაუშვა, თუმცა გამარჯვებას მაინც მიაღწია.
პარაგვაი - არგენტინა 0:0 დასრულდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და ორმხრივ იერიშებში წარიმართა. სტუმართა კიპერმა ემილიანო მარტონესა რამდენიმე საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია, "ალბისელესტეს" მხრიდან კი ანხელ კორეას გატანა 2-ჯერ შეეძლო, თუმცა ცოტა დააკლდა. რაც შეეხება ლიონელ მესის - მას საჯარიმო დარტმა 37 წლის ენტონი სილვამ არ გაატანინა. ვეტერან მეკარეს 8 სეივი ჰქონდა - არგენტინელების უპირატესობა აშკარა იყო.
მატჩის ბოლოს დაძაბულობა და გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ. მეორეადგილოსან არგენტინას 19 ქულა აქვს და უახლოეს დღეებში 2 საშინაო მატჩს გამართავს - 11-ში ურუგვაის, 15-ში კი პერუს ნაკრებს უმასპინძლებს.
ნეიმარის გარეშე მოთამაშე ბრაზილიის ნაკრებმა ვენესულეაში 3:1 გაიმარჯვა. "სელესაო" მე-11 წუთზე უკვე აგებდა და გათანაბრება საკმაოდ გვიან, 71-ზე მოახერხა - მარკინიოსმა კუთხურის შემდეგ გაიტანა. გაბრიელ ბარბოსამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე "აიაქსის" ფორვარდმა ანტონიმ დააფიქსირა.
ბრაზილია 27 ქულით ლიდერია, უდანაკარგოდ ასპარეზობს და უახლოეს ტურებში ჯერ კოლუმბიას ესტუმრება, შემდეგ კი ურუგვაის მიიღებს. შეგახსენებთ, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა დაპირისპირება ჩაიშალა და მათ სხვებზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.