რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ლიდერმა "ზენიტმა" მოსკოვში ცსკა 2:0 დაამარცხა, უკმაყოფილო დედაქალაქელმა ფანებმა კი დებოში ატეხეს და პეტარდების სროლა დაიწყეს. პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნამატჩევს სტადიონის გასასვლელები 3 საათით ჩაკეტა და 408 გულშემატკივარი, მათ შორის, არაერთი არასრულწლოვანი განყოფილებაში ძალით გადაიყვანა. დაკავებები 01:25 საათამდე გაგრძელდა.
სტადიონზე ყინვაში მყოფებს ტუალეტშიც კი არ უშვებდნენ, შემდეგ კი მათ პოლიციაში სურათები გადაუღეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და მატჩებზე დასწრების უფლებას არ მისცემენ.
რუსული მედია მომხ
დარს განუკითხაობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანების უმიზეზოდ დაკავება არ შეიძლება და ვისაც ბრალი არ აქვს წაყენებული ან ადმინისტრაციული სასჯელი არ მიუსაჯა სასამართლომ, დაუშვებელია თითის ანაბეჭდების აღება.
"ზენიტის" დიდი ქომაგი, რუსეთის სახალხო არტისტი მიხაილ ბოიარსკი საყვარელი გუნდის გამარჯვებას გამოეხმაურა: "როგორც წესია, "ზენიტი" მთელი პლანეტის წინაა - აბსოლუტურად არაეფექტური თამაშით ასეთი საჭირო და ეფექტური ანგარიში! ახლა ნამდვილად ვერ მოიძებნება გუნდი, რომელიც "ზენიტს" ზედიზედ მეოთხე საჩემპიონო გზაზე შეაჩერებს. საერთო ანგარიში მოსკოვის გუნდებთან 13:2. ეს პიტერის მოსკოვზე სრულ დომინირებაზე მეტყველებს. "ზენიტმა" უბრალოდ გათელა და გათხიპნა თავისი მოსკოველი ოპონენტები".