სიგიჟე პარაგვაიში - როგორ უნდა გახდე ჩემპიონი, როცა 90-ე წუთზე 10 კაცით ხარ და 0:2 მარცხდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ჩემპიონატებს თვალს იშვიათად ვადევნებთ - მაქსიმუმ, არგენტინისა და ბრაზილიის პირველობებს თუ შევხედავთ, თუმცა პარაგვაიში მომხდარმა ამბავმა სხვა გზა არ დაგვიტოვა - ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდა, 101-ე წუთზე გატანილი გოლით.

ბოლო ტურში ასეთი ვითარება იყო: პირველ ადგილზე "სერო პორტენიო" გახლდათ და მეორეზე მყოფ "გუარანის" 2 ქულით უსწრებდა. ბოლო ტურში "გუარანი" საკუთარ მოედანზე იღებდა "სეროს" და გამარჯვების შემთხვევაში კლაუსურას ჩემპიონი ხდებოდა.

სიუჟეტი მატჩის დასაწყისშივე განვითარდა - სტუმრები მე-15 წუთზე მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. წითელი ბარათი ალან ბენიტესმა მიიღო. უმრავლესობაში
მყოფმა "გუარანიმ" 36-ე და 51-ე წუთებზე 2 გოლი გაიტანა და ანგარიში დამატებით დრომდე 2:0 იყო.

შეიძლება მოვლენები შენთვის ცუდად განვითარდეს, თუ 90-ე წუთზე საკუთარ მოედანზე თამაშობ, 2:0-ს იგებ და რიცხობრივ უმრავლესობაში ხარ? თურმე შეიძლება. "გუარანის" მცველმა მცირე ტრავმა მიიღო და მოედანს გარეთ იწვა. მეკარე გასპარ სერვიომ ის მოედანზე შეათრია, რათა დრო გაეყვანა. ამის გამო კიპერმა მეორე ყვითელი მიიღო. წითელი ბარათი ტრავმირებულმა მცველმა რობერტო ფერნანდესმაც "გამოწურა" - მსაჯს უხეშად მიმართა და ვუალა, მეორე ყვითელი და გაძევება.

ასე და ამგვარად, "გუარანი" კაცნაკლული და მეკარის გარეშე დარჩა. კარში კი მცველი, მარკოს კასერესი ჩადგა, გუნდს შეცვლები დარჩენილი აღარ ჰქონდა.

მსაჯმა დამატებულ 6 წუთს კიდევ 5 მიამატა. კასერესმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, წამოწვებოდა, დროც გაჰყავდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო. "სერომ" შეუტია, ჯერ ერთი გაიტანა, შემდეგ კი კაპიტანმა ხუან პატინიომ ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.

სხვათა შორის, მსაჯმა მოედნიდან პატინიოც გააძევა, მაისურის გახდის გამო მეორე ყვითელი მიიღო, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა, "გუარანის" მოთამაშეებს დრო აღარ დარჩათ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული