რუსეთს ძვირად დაუჯდება პუტინის ავანტიურა. ამის ყველა ნიშანი უკვე სახეზეა. სპორტულით დავიწყოთ: რუსეთი სრულ სპორტულ იზოლაციაში მოექცა, მათ ნაკრებებსა და სპორტსმენებს აეკრძალათ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა, მათთან მოასპარეზე ლეგიონერებს უფლება მისცეს 7 აპრილამდე საზღვარგარეთულ
კლუბებში გადავიდნენ, თუმცა 30 ივნისს უკან უნდა დაბრუნდნენ. ცხადია, იმ დროისთვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სიტუაცია უკეთესობისაკენ არ შეიცვლება, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება და საბოლოოდ ლეგიონერებს ხელშეკრულებების გაწყვეტის უფლებას მისცემენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოთამაშეებს ელემენტარულად ვერ გადაუხდიან ხელფასებს.
ფიფა და უეფა, რომლებიც რუსეთს მუდამ უწყობდნენ ხელს (რა თქმა უნდა, არა უანგაროდ) სხვადასხვა დიდი შეჯიბრებების მათ ქვეყანაში ჩატარებასა და კენჭისყრებისას სასურველ ჯგუფებში მოხვედრაში, იძულებულნი იქნებიან სრულად მოკვეთონ. ახლა უკვე ბევრი საღად მოაზროვნე რუსი აღნიშნავს, რომ მათი პრემიერლიგა "чемпионат водокачки" (წყალსატუმბის ჩემპიონატი) გახდება. დააკვირდით როგორ დიპლომატიურ კომენტარებს აკეთებს "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი. მხოლოდ სსრკ-ის ნაკრების ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი იცემს გულში მჯიღს და ამბობს, რომ ეს ხარახურა უცხოელები არაფერში არ სჭირდებათ. სადღეისო მონაცემებით უეჭველია, ეკონომიკური კრიზისი თანდათან გაღრმავდება და შეუქცევად ხასიათს მიღებს.
ჩვენი საიტის პროფილიდან გამომდინარე, პოლიტიკაზე საუბრით თავს ზედმეტად არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. იმისათვის, რათა მივხვდეთ, თუ რა მძიმე სიტუაციაშია რუსეთი, საკმარისია კრემლის ერთ-ერთი წამყვანი პროპაგანდისტისა და რუპორის, ნირწამხდარი ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემებს მოკლე ხნით მოუსმინოთ. მემარცხენე იმპერიალისტმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, რომ პუტინი შეცდა, ხაფანგში შეიტყუეს და მის სამშობლოს დასავლეთის მხეცები დაგლეჯენ. გავიხსენოთ, რომ გერმანიის პირველმა რაიხსკანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა თანამემამულეებს დაუბარა, არ გაებედათ და რუსეთთან ომი არ დაეწყოთ და ამ სახელმწიფოს განადგურების ერთადერთი საშუალება მასთან უკრაინის გადაკიდება იქნებოდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა, ავღანეთში შეჭრის შემდეგ საბჭოთა კავშირი, ახლა კი როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის ჯერია. რუსეთის არმიამ 16 დღეში დაახლოებით იმდენი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა, რამდენიც ავღანეთში 10 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ნაცვლად იბრძვის და დასავლეთის სამხედრო დახმარება და რუსეთის მიმართ ფინანანსური სანქციები ბოლომდე საკმარისი არ არის, თუმცა მაინც ძალიან ეფექტურია. ეს ომი, ალბათ, გაჭიანურდება და უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, რომელიც თავისი მიწისა და თავისუფლებისათვის გმირულად იბრძვის.
უკრაინა არ ბომბავს როსტოვს, ლიპეცკს და ვორონეჟს.
რუსი ნაძირალა კრიმინალები ბომბავენ კიევს, ხარკოვს და მარიუპოლს.
რუსკი ჟორა, иди нах*й.
საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს და მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებს როდესაც ბომბავ, ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაული.