ევროპოლი და უეფა სპორტში კორუფციისა და გარიგებული მატჩების წინააღმდეგ

AutoSharing Option
26 აპრილს ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტოს ჰააგის ოფისმა ევროპოლისა და უეფას ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციამ პირველად მოუყარა თავი ყველა დაინტერესებული მხარის ასზე მეტ წარმომადგენელს სპორტში კორუფციასთან და გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისა და თანამშრომლობის ახალი გზების მოსაძიებლად.

კონფერენციას ონლაინ ესწრებოდა უეფას 49 წევრი ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერი ვახტანგ ბზიკაძე.

„რაც შეეხება უზარმაზარ მოგებას, რომელიც განპირობებულია „არაპროგნოზირებადის პროგნოზირებადად გადაქცევით“, ჩვენ ვხედავთ გარიგებული მატჩებისა და საეჭვო ანგარიშების შემთხვევების ზრდას. სამართალდამცველებსა და სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთში კორუფციის აღმოსაჩენად და გამოსაძიებლად, არამედ მსგავსი თაღლითური ქმედებების საწყის ეტაპზევე შესაჩერებლად“ - განაცხადა ევროპის ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის ხელმძღვანელმა ბურკარდ მულმა.

„ევროპოლისა და უეფას ეს პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლაში და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს, რომ ორივე ორგანიზაცია მზადაა, გააერთიანოს საკუთარი ძალები და გააკეთოს ყველაფერი ამ ფენომენის მინიმალიზაციისთვის“ - დასძინა უეფას სპორტული სამართლიანობისა და რეგულირების სამსახურის მმართველმა დირექტორმა ანგელოს რიგოპულოსმა.

დღის განმავლობაში ექსპერტთა საბჭომ გააანალიზა ფეხბურთში სპორტული სამართლიანობის დაცვისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის არსებული და სამომავალი საფრთხეები. ესპანეთის, იტალიისა, ირლანდიის და მოლდოვის საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, მათ ასევე განიხილეს სამართალდამცველებისა და სპორტული სამართლიანობის ოფიცერთა ოპერატიული თანამშრომლობის შესაძლებლობა საეჭვო ფსონების ადრეულ ეტაპებზე გამოსავლენად.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული