თუ ფიქრობთ, რომ უიღბლო ადამიანები ხართ, გაიხსენეთ, რომ ლიონელ მესის თამაშები გინახავთ; დღეს არგენტინელ ჯადოქარს 35 წელი შეუსრულდა

AutoSharing Option

დასაწყისი

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და 7-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი 1987 წელს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ისე, როგორც ბევრ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში, არც არგენტინაში არსებობს საშუალო ფენა, ან გიმართლებს და მაღალი ფენის საზოგადოებას ეკუთვნი, ან გიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. მესი მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

ლეოს თავიდანვე ეტყობოდა, რამხელა ნიჭის პატრონი იყო. უფროსი ძმებიც ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ და ცდილობდნენ, მისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ. 6 წლის ასაკში ლეო "ნიუელს ოლდ ბოისის" აკადემიაში ჩაირიცხა. მესიმ წარმოუდგენლად ითამაშა, 6 წელიწადში თითქმის 500 გოლი გაიტანა
და უმალვე გრანდების ყურადღება მიიპყრო. ნებისმიერ ევროპულ კლუბს შეუძლია გაგიფორმოს კონტრაქტი და იდეალური პირობები შეგიქმნას, მაგრამ ნდობა და სიყვარული მხოლოდ ერთეულების ხვედრია.

Sportall.Ge

ოქროს ისტორიის პირველი თავი

მესის 11 წლის ასაკში სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. საჭირო იყო ძვირად ღირებული მკურნალობის კურსი. ლიონელის მამა (ასევე აგენტი) "ოლდ ბოისს" შეუთანხმდა, რომ გუნდი მკურნალობის ხარჯს სრულად დაფარავდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. იმედგაცრუებული მამა ცდილობდა სხვა კლუბებთან მორიგებას, თუმცა, როდესაც დამწყებ სპორტსმენს ასეთი სერიოზული პრობლემები აქვს, მისი ნიჭი უკან გადადის და არასასურველი ხდება. 2000 წლის 17 სექტემბერს, 13 წლის ლიონელ მესი ბარსელონაში მამასთან და ორ ძმასთან ერთად გაემგზავრა, რათა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტისთვის ხელი მოეწერა. 1.48 მეტრის სიმაღლის ბიჭმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მწვრთნელები მოელოდნენ.

"ბარსა" პატარა ბიჭუნას მკურნალობის ყველანაირი ხარჯის გადახდას დათანხმდა. მესი "ბლაუგრანა B"-ს გუნდში აღმოჩნდა, თუმცა ბიუროკრატიული საკითხების გამო ფეხბურთელი მოედანზე ვერ გავიდა. ის აქ ტიტო ვილანოვას შეხვდა, რომელმაც მის კარიერაში უდიდესი როლი შეასრულა. "ალბისელესტელ ბიჭუნას" დიდებული ტალანტი უფრო და უფრო მეტად შესამჩნევი გახდა. მისი სისწრაფე, დრიბლინგი, კაცის მოტყუება, პასისა და გოლის გატანის ალღო გამოიკვეთა. ლეოს კატალონიური დებიუტი 16 ნოემბერს, ჟოზე მოურინიოს "პორტუს" წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. მაშინ არგენტინელი 16 წლის იყო.

სეზონი "ბლაუგრანას" B გუნდში დაიწყო, თუმცა ფრანკ რაიკაარდმა (მაშინდელმა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა) ლეოს პრესეზონის 3 შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება მისცა. 16 ოქტომბერს კატალონიურ დერბიში ცვლილებაზე შემოვიდა (17 წლის, 3 თვისა და 22 დღის).

Sportall.Ge

შეხვედრა მის საფეხბურთო მამასთან

18 წლის ასაკში არგენტინელმა "ბარსასთან" პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კატალონიურმა პუბლიკამ მესი ძალიან შეიყვარა. ლიონელის თამაშზე უდიდეს გავლენას კლუბის მთავარი ვარსკვლავი რონალდინიო ახდენდა. ბრაზილიელი ჯადოქარი კარგად ამჩნევდა, რომ მისი გზის გამგრძელებელი დაბალი შავთმიანი ბიჭუნა უნდა ყოფილიყო. მესი თავის გამოჩენას განაგრძობდა. ასეთ პატარა ასაკშიც კი მოახერხა და უამრავი ბავშვის კუმირად იქცა. თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერები" საკმაოდ არასტაბილურ სეზონებს ატარებდა, ძველებურად ვერც თავად რონალდინიო გამოიყურებოდა. აშკარად რაღაც იყო შესაცვლელი, ქალაქს სიახლე სჭირდებოდა. რაიკაარდმა თანამდებობა დატოვა. ჰოლანდიელი გუნდის ყოფილმა კაპიტანმა პეპ გვარდიოლამ შეცვალა. კლუბში ძირეული ცვლილებები დაიწყო...

გუნდის მთავარი ფიგურა

გვარდიოლას ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი გამოდგა. გუნდმა რონალდინიო "მილანში" გაყიდა. ამით პეპმა ყველას დაანახა, რომ მისთვის ავტორიტეტი არ არსებობს. ბრაზილიელის გუნდიდან გაშვებას წინ უძღვოდა ინფორმაციები, რომ სავარჯიშო დარბაზში ხშირად იძინებდა, მისი კლუბური ცხოვრებისა და სკანდალების შესახებ კი დღესაც ყველას კარგად მოგვეხსენება. იმ პერიოდში გვარდიოლას ახალწვეული ტიერი ანრი დახვდა. პეპს არც ფრანგთან სურდა მუშაობა, თუმცა "ტიტის" მოშორება მარტივად ვერ მოხდებოდა. მესის კითხვის ნიშნები ჰქონდა, თუ რას გადაწყვეტდა ახალი მწვრთნელი მის მომავალთან დაკავშირებით. შეხვედრამ და პასუხმაც არ დააყოვნა:

"შენ ჩემს გუნდში მთავარი ვარსკვლავი იქნები" - მიუგო ესპანელმა სპეციალისტმა.

პირველი სეზონი პეპთან ერთად

51 მატჩში 38 გოლი. ეტო'ომ, ანრიმ და მესიმ ბრწყინვალე ტრიო შექმნეს. არგენტინელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე, უფრო ზუსტად, ცრუ ცხრიანის როლს ირგებდა. საგოლე გადაცემებით კი მათ ორი ესპანელი მაესტრო, ჩავი და ინიესტა, ამარაგებდა. მთავარი კონკურენტი მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 6:2 დაამარცხეს. სეზონი წარმოუდგენლად წარმატებული გამოდგა. პირველად ესპანურმა კლუბმა შეძლო და ერთიანად კოპა დელ რეი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მესი ტრავმებისგან გათავისუფლდა და ერთ კალენდარულ წელიწადში გოლებისა და შეხვედრებში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა, თავის მხრივ კი, ამ შედეგიანობის ფონზე, "ბლაუგრანამ" ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. რა თქმა უნდა, არგენტინელმა პირველი "ოქროს ბურთიც" დაიმსახურა. მესის ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელიც 2016 წლამდე იყო გათვლილი და ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს ითვალისწინებდა.

Sportall.Ge

"მგონი, საჭირო აღარ ვარ"

ასეთი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ იმავე სიმაღლეზე დარჩენა ძალიან ძნელია. კლუბმა სამუელ ეტო'ო ზლატან იბრაჰიმოვიჩში გაცვალა, გვარდიოლა აღარც ტიერი ანრის სწყალობდა და ხშირად მატჩებს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალყურს. იაია ტურე სერხიო ბუსკეტსმა ჩაანაცვლა. ახალი გუნდის ახალი კონტურები გამოიკვეთა, თუმცა იყო ერთი პრობლემა... როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მესი მოედანზე ერთად მოქმედებდნენ, არგენტინელი არც ისე შედეგიანი იყო. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ავტობუსში ლიონელმა გვარდიოლას უთხრა:

"როგორც ჩანს, აღარ გჭირდებით"

ესპანელი დამრიგებელი არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც მოთამაშეთა ჭკუაზე დადიან, მაგრამ მესის სიტყვებმა მასზე მძაფრად იმოქმედა. ზლატანი სათადარიგო სკამზე გადაჯდა. კლუბმა კიდევ 5 ტიტული მოიგო, ვარსკვლავმა კი ხელი ორ ინდივიდუალურ ჯილდოსაც გამოჰკრა. იმდროინდელმა გუნდის კაპიტანმა ერთ კალენდარულ წელში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის თასის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტული ასწია, ლეო კი მესამე "ოქროს ბურთითა" და უეფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით დაჯილდოვდა. ამ სეზონში ჯამში შემტევმა თავი 55-ჯერ გამოიჩინა.

"ვწუხვარ მათ გამო, ვისაც მესის ეპოქაში მოუწია თამაში, მასთან წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია, ეს ბავშვი უნიკალურია" - განაცხადა პეპმა მას შემდეგ, რაც მესი 24 წლის ასაკში გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Sportall.Ge

"მესი სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს დიდი სხვაობით სჯობს, თითქოს ფლეისთეიშენის მოთამაშეს ჰგავს, რომელიც ერთი შეცდომის დაშვებასაც არ გაპატიებს" - განაცხადა არსენ ვენგერმა მას შემდეგ, რაც არგენტინელმა "არსენალს" პოკერი შეუსრულა.



ოდესღაც ყველაფერს აქვს დასასრული

გვარდიოლას "ბარსელონამ", მესის თაოსნობით, ყველაზე დომინანტური და შემტევი ფეხბურთი აჩვენა, რაც კი ვინმეს უნახავს, მაგრამ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, წარმატებულ სერიას წარუმატებლობა მოსდევს. მომდევნო სეზონი ზღაპრული გამოდგა - ერთ კალენდარულ წელში არგენტინელმა 91 გოლის გატანა მოახერხა (79 საკლუბო და 12 სანაკრებო), გამორჩეული შეხვედრა კი გერმანული "ლევერკუზენის" წინააღმდეგ ჩაატარა. ხსენებულ მატჩში არგენტინელმა მეტოქის კარში 5 გოლი გაიტანა. იმავე თვეში კლუბის ისტორიაში 1 თვეში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და სესარ როდრიგესი ჩამოიტოვა, გზად კი კიდევ ერთი "ოქროს ბურთი" და "პიჩიჩი" მოიგო.

მიუხედავად ასეთი შედეგისა, კატალონიელებმა მხოლოდ კოპა დელ რეის ტიტულის მოგება მოახერხეს... ეს კი ესპანელ სპეციალისტს არ აპატიეს და პეპ გვარდიოლა გუნდიდან წავიდა. მისი ადგილი ტიტო ვილანოვამ დაიკავა. მესის სტატისტიკაზე მწვრთნელის ცვლილებას დიდად არ უმოქმედია და იმავე ტემპში აგრძელებდა თამაშს. ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც "ოქროს ბურთი" მეოთხედ მოიგო.

ახალი ერა "ბარსელონაში"

რამდენიმე საკლუბო წარუმატებელი სეზონის შემდეგ დადგა დრო, "ბარსა" ძველ სიმაღლეებზე დაბრუნებულიყო. გუნდში ლუის ენრიკე მოვიდა, მოვიდა და "ბარსელონას" აღმასვლა ხელახლა დაიწყო. ყველაფერი დალაგდა, კატალონიელებმა ევროპის მასშტაბით დომინირება დაიწყეს - ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. მესიმ კი დიდებული პერფორმანსი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ შემოგვთავაზა, გაიტანა 2 გოლი, თანაც როგორი?! ამ წელს ლეომ 300-გოლიან ნიშნულსაც გადააბიჯა და მორიგი რეკორდები დაამყარა, თანაც აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ეს ყველაფერი 334 შეხვედრაში მოახერხა. კლუბმა ლა ლიგა სეზონის ბოლო დღეს მოიგო, გზად წილად კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასიც შეხვდა. ნეიმარი-სუარესი-მესის ტრიოს ვერცერთი დაცვის ხაზი ვერ უმკლავდებოდა, თითქოს ერთმანეთის თვალდახუჭული ესმოდათ და უბრალოდ ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებდნენ. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ლეო ნამდვილ გოლების მანქანად გადაიქცა. ამაზე კიდევ ერთი "პიჩიჩი" და "ევროპის საუკეთესო ბუცის" ჯილდოც მეტყველებს.

Sportall.Ge

2017 წელს მეტოქის კარში გატანილი 54 გოლით "ბარსელონას" მაისურით 500 გოლიც დაგროვდა. არგენტინელი, ამასთან ერთად, "ელ-კლასიკოს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიუხედავად ასეთი სეზონისა, ფეხბურთელმა და კლუბმა მხოლოდ კოპა დელ რეის მოგება მოახერხეს, ლუის ენრიკე კი ერნესტო ვალვერდეთი შეიცვალა.

ბოლო წლები და დაუსრულებელი საქმე

ლუის ენრიკეს შემდგომი ეპოქა დიდად წარმატებული არ გამოდგა. კლუბი დატოვა ნეიმარმა. მის შემცვლელად კატალონიელები დემბელეს მოიაზრებდნენ, თუმცა ფრანგის ესპანური ვოიაჟი, "სელესაოელისგან" განსხვავებით, წარუმატებელი გამოდგა. კოვიდ 19-ის გამო გამოწვეულმა პანდემიამ ყველაფერი გაართულა, ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ხელფასის თაობაზე ურთიერთობა დაიძაბა. მესის სჯეროდა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება არ შეეძლო და ეს ასეც მოხდა, პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" "ბლაუგრანა" 8:2 გაანადგურა. აგვისტოს თვეში არგენტინელმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვება სურდა, თუმცა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა არგენტინელს ამის უფლებას არ აძლევდა. განვლილი 2020 წლის შემდეგ ყველაფერი ისე მოჩანდა, თითქოსდა "ალბისელესტელ" ლეგენდასა და "ბარსელონას" შორის ყველაფერი უნდა დალაგებულიყო. პრეზიდენტობის არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა, რის შემდეგაც მესის სახეზე ძველებური ღიმილი დაუბრუნდა... რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, გუნდმა კოპა დელ რეი მოიგო, ლეომ კი - კიდევ ერთი "პიჩიჩი", თუმცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იმდენად კონკურენტუნარიანი არ ჩანდა. ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებდა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ მესი არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკის გათამაშებაში ერთვება, სადაც მისთვის სანუკვარ სანაკრებო ტიტულს იგებს. ბრაზილიიდან ფეხბურთელი უკან, ესპანეთში ბრუნდება, სადაც ემზადება, რომ მხარეებმა ყველანაირი დეტალი გაიარონ და არგენტინელმა ლეგენდამ "ბლაუგრანას" ღირსება კიდევ 4 წლით დაიცვას, თუმცა პანდემიის გამო გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა ყველაფერი გადაფარა...

Sportall.Ge

და ლეო წავიდა...

ეჭვგარეშეა, რომ მესი "ბლაუგრანას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. არგენტინელმა შეძლო და იმ სიმაღლეების დაპყრობა მოახერხა, რაც აქამდე არავის გამოსვლია. მთელი კარიერის განმავლობაში მის გარშემო კეთილისმსურველ ხალხს დაინახავდით - ყველა ცდილობდა, რომ გასაჭირში მისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ. ამ ადამიანებში მოიაზრებიან ის მწვრთნელები, რომლებიც მესის ასაკობრივ გუნდში ამზადებდნენ, რათა უახლოესი ბარიერები სულ მალე დაეძლია და თავის გამოჩენა საჯაროდ დაეწყო.

ცხოვრება "ბარსელონას" შემდგომ

მესი "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა და ფრანგული კლუბის ღირსებას იცავს. პირველი სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა. ჯამში, ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი გამართა, გაიტანა 11 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. პირველი წელი ადაპტაციას დაეთმო. ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკის მსხვერპლი ბევრჯერ გახდა, მაგრამ ბოლო ნაწილში აშკარად მოუმატა. შემდეგ წელს მესის კიდევ ერთ განმაცვიფრებელ ვერსიას უნდა ველოდოთ. ლეოს თვალებში ნაპერწკალი ისევ გაღვივდა.

სანაკრებო კარიერა

მესის პირველი სანაკრებო ფორუმი 2006 წელს შედგა, 2008 წელს კი ბეიჯინგში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა. ხშირად გვხვდება ლიონელის შედარება მეორე ლეგენდარულ არგენტინელთან. თავად მარადონას მესი ძალიან უყვარდა, მაგრამ ბევრის აზრით, ლეოს არასოდეს ჰქონია ისეთი გავლენა გუნდზე, როგორც დიეგოს.

"ეჭვგარეშეა, რომ მესი დიდებული მოთამაშეა, თუმცა მას საკმარისი ხასიათი არ გააჩნია".

ეს სიტყვები თავად მარადონას ეკუთვნის. ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა 2014 წლის მუნდიალზე ტრიუმფის შემთხვევაში. "ალბისელესტეს" ძალიან ცოტა დააკლდა, გონსალო იგუაინის გამოუყენებელი მომენტები, უიღბლობა და გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მესიმ ოცნება მაინც აისრულა და 2021 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. ფინალში არგენტინელებმა ბრაზილია 1:0 დაამარცხეს. მთელი ტურნირის განმავლობაში ლეო გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო და შემადგენლობის ყოველი წევრი განსაკუთრებული სულისკვეთებითა და მონდომებით თამაშობდა. 7 თამაშში 5 გოლი და 4 ასისტი, რა თქმა უნდა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც. ჯამში მესის ნაკრებში 162 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი აქვს 86 გოლი და შესრულებული აქვს 51 შედეგიანი გადაცემა.


ვიდეო აღებულია არგენტინის ნაკრების ქართული ფანკლუბის "ფეისბუქგვერდიდან"
მკითხველის კომენტარები / 11 /
უდიდესი ფეხბურთელია უდიდეს ფეხბურთელღა შორის, ბედნიერი ხალხი ვართ რომ მოგვიწია მესი რონალდოს ეპოქაში ცხოვრება, ეს ორნი ერთმანეთს აძლიერებდნენ თავიანთი პროგრესით მიაღწიეს უმაღლეს მწვერვალებს და გადალახეს ყველა საფეხბურთო ზღვარი. მე ორივე მიყვარს და ვაფასებ, რომ არა ერთ ეპოქაში მოღვაწეობა, ცალ ცალკე ვერ იქნებოდნენ ასეთი ძლიერები! მადლობა მესი მრავალს დაესწარი!
ირაკლი
18:33 25-06-2022
0
დღეს ჩემი მეუღლეც 36 გახდა ❤
მესიანელი
00:17 25-06-2022
0

სიახლეები პოპულარული