ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ პელეზე ისაუბრა:
"ცოცხალი ლეგენდა ეროვნებით ბრაზილიელია, მაგრამ პირადად მე პელე მიმაჩნია ზოგადსაკაცობრიო მონაპოვრად. ცნობილმა ბრაზილიელმა მწერალმა არმანდო ნოგეირამ ზუსტად თქვა - პელე რომ ადამიანად არ დაბადებულიყო, ბურთი იქნებოდაო. თუმცა, ჩვენდა სასიხარულოდ, პელე ადამიანია და ის 1940 წლის 23 ოქტომბერს მოევლინა ქვეყანიერებას მინასჟერაისის შტატში, ქალაქ ტრეს კორასოეში. დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი სპორტის მეფედ ექცია, ხოლო თავად ფეხბურთის მეფე გამხდარიყო...
პელეს სხეულში აღმოცენდა პირველყოფილი ზანგური რიტმიკა და ამის ხარჯზე მოედანზე მყოფი ყველაფერს აკეთებდა, ნებისმიერ ორიგინალურ ჩანაფიქრს რეალობად აქცევდა.
მასსა და ბურთს შორის სრული ჰარმონია სუფევდა, თითქოს ბურთი სხეულის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
პელეს დებიუტი "სანტოსში" შედგა 1956 წლის 7 სექტემბერს და პირველი გოლიც იმ დღეს გაიტანა. მას შემდეგ, მთელი ოცი წლის განმავლობაში, მას თვითმფრინავში ეძინა, რათა მსოფლიოს სტადიონებზე დაეტოვებინა წარუშლელი კვალი, ხოლო იმის ახსნა, თუ როგორ მოახერხა ამდენი გოლის გატანა, მხოლოდ ბრაზილიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონთა კაპიტნის, მაუროს სიტყვებით შეიძლება: "პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!"
წყარო: Football's Greatest