ბუქარესტის "დინამო" ეჭვობს, რომ გუნდში ის ფეხბურთელი არ გამოცხადდა, რომელსაც ზამთარში კონტრაქტი გაუფორმეს.
ჟურნალისტ დანიელ შანდრეს ცნობით, "დინამოში" თვლიან, რომ ედგარ იეს ნაცვლად გუნდში მისი ტყუპისცალი ედელინ იე იმყოფება.
30 წლის ედგარი მცველია, "ბარსელონას" სისტემაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი "ლილის", "ნანტის", "ტრაბზონსპორის" და "ფეიენოორდის" ღირსებას იცავდა. ის პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, თუმცა შემდეგ მოქალაქეობა გამოიცვალა და გვინეა-ბისაუს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ედელინი კი უმეტესად პორტუგალიის და პოლონეთის დაბალი დივიზიონის კლუბებში ასპარეზობდა.
იეს ყოველთვიური გასამრჯელო 18 ათასი ევროა და კლუბის
სპონსორისგან ავტომობილიც მოითხოვა. "დინამოს" კონტრაქტის გაწყვეტა უნდა, მაგრამ ფეხბურთელი უარზეა. კლუბმა პიროვნების დასადგენად დნმ-ის ტესტის ჩატარება გადაწყვიტა. იემ ბუქარესტულ გუნდში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თუ დამტკიცდა, რომ ის სულ სხვა ფეხბურთელია, გუნდს შეიძლება ტექნიკური წაგებები ჩაუთვალონ.