ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: სიყვარულის დღეს დიდი ფეხბურთი განახლდება

AutoSharing Option
* "პარი სენ-ჟერმენს" არასოდეს წაუგია მერვედფინალური დუელი ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონა" კი ცდილობს, მეოთხედფინალში ზედიზედ მეათედ გავიდეს.
* პსჟ და "ბარსელონა" ბოლო ხუთ სეზონში მესამედ ხვდებიან პლეი ოფის რაუნდში.
* "დორტმუნდმა" ჯგუფურ ეტაპზე 21 გოლი გაიტანა.

მაშ ასე, ორთვიანი პაუზის შემდეგ ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირი, რომლის 62-ე გათამაშებაც მიმდინარეობს, ჩემპიონთა ლიგა პირველი მერვედფინალური მატჩებით განახლდება. სტარტი პარიზსა და ლისაბონშია...

პსჟ-ბარსელონა
ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, "პარკ დე პრენსზე" გასამართავი მატჩია, რომელშიც უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენი" ლუის ენრიკეს "ბარსელონას" მასპინძლობს. ბასკ სპეციალისტს ძალიან
ბევრჯერ გაუყვანია გუნდები კატალონიური გრანდის წინააღმდეგ. ახლა იგი ამბობს, რომ პსჟ მზად არის, "ლამაზი ისტორია დაწეროს" "ბარსელონასთან" თამაშში.

პარიზელებმა გუნდის დაცვის ბურჯი ტიაგო სილვა დაკარგეს და მის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება 21 წლის პრესნელ კიმპემბეს. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ტიაგო მოტა. "ბარსას" დააკლდებიან ხავიერ მასკერანო, ალეიშ ვიდალი და არდა თურანი. სამივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის, თუმცა კატალონიელთა სასტარტო 6 შემტევი ფეხბურთელი საბრძოლო იქნება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპზე პსჟ ორჯერ გადაეყარა "ბარსელონას" და ორჯერვე დამარცხდა. 2012/13 წლების სეზონში "ბარსამ" მეოთხედფინალში ძლივს დაძლია პსჟ-ის წინააღმდეგობა. კატალონიელებს სტუმრად გატანილი მეტი გოლი დაეხმარათ - 2:2 პარიზში და 1:1 ბარსელონაში.

2014/15 წლების სეზონშიც მეოთხედფინალში ითამაშეს. ყველაფერი "ბარსას" პარიზულმა ტრიუმფმა გადაწყვიტა - 3:1. ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ნეიმარმა გაიტანა.

პრესკონფერენცია
უნაი ემერი (პსჟ): "ეს იქნება კარგი, სანახაობრივი დაპირისპირება. ყველაფერი კი გადამწყვეტ მომენტებში გაირკვევა - ვინც კარგად ითამაშებს, ვისი ტაქტიკაც მართებული აღმოჩნდება, ვინც მეტ ორთაბრძოლას მოიგებს მოედანზე, დუელსაც ის მოიგებს. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ შანსი, რადგან ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. გუნდი ძალზე მოტივირებულია. გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებიც დღითი-დღე იზრდებიან პსჟ-ში. ისინი მზად არიან, კლუბის ისტორიაში ლამაზი თავი დაწერონ".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ბოლო კვირებია, პსჟ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ჩვენი ამოცანაა, მათზე უკეთ ვითამაშოთ და მოვიგოთ. უნაის კარგად ვიცნობ, ის აუცილებლად გაგვირთულებს ცხოვრებას. ორივე გუნდს ერთი მიზანი აქვს, თუმცა ჩვენ შევეცდებით, ბურთის კონტროლი მოვიპოვოთ და რაც შეიძლება მეტი საგოლე შანსი შევქმნათ. კარგად გვახსენდება ეს სტადიონი და მეტოქე. გუნდებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. ასე რომ, საინტერესო ჯახი გარანტირებულია".

გასულ უქმეებზე
"ბარსელონამ" ბასკეთში გაივარჯიშა - 6:0 გაანადგურა "ალავესი". ექვსიდან ხუთი გოლი მისმა ვარსკვლავურმა ტრიომ შექმნა (მესი, სუარესი 2, ნეიმარი, ავტოგოლი). ეს "ბარსას" მე-12 გამარჯვება იყო ბოლო 16 ტურში.

პსჟ "ბორდოს" ესტუმრა და ცოტა მოკრძალებულად, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოუგო - 3:0. დუბლი შეასრულა ედინსონ კავანიმ, რომელიც ახლა ევროპის მთავარი ბომბარდირია (25 გოლი). ეს იყო პსჟ-ის მეათე გამარჯვება ბოლო 11 მატჩში.

Sportall.Ge

ბენფიკა-დორტმუნდი
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება პარიზისკენაა, ლისაბონის "და ლუჟზეც" შესანიშნავი დაპირისპირება გველოდება. "ბენფიკამ" ყველაზე ნაკლები ქულით გააღწია ჯგუფური ეტაპიდან, მაშინ, როცა "დორტმუნდი" ჯგუფურ ეტაპზე შეუდარებელი იყო, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ "არწივები" კარგად თამაშობენ გერმანელების წინააღმდეგ - 20 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ორი დათმეს.

ორშაბათის ვარჯიში ბრაზილიელმა ჟონასმა ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა, თუმცა "დორტმუნდის" წინააღმდეგ თამაშს ალბათ, მაინც შეძლებს. სტუმრებს მარიო გიოტცე დააკლდებათ კუნთის პრობლემის გამო; არ იქნება სვენ ბენდერიც.

პრესკონფერენცია
რუი ვიტორია (ბენფიკა): "ჟონასი გუნდშია, მაგრამ მას გაუჭირდება შემადგენლობაში მოხვედრა. ხვალ მას სპეციალურად შეამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია, რომელსაც დიდებული შემტევები ჰყავს. მათ შეუძლიათ სათამაშო სქემის შეცვლა, ისე, რომ ინტენსივობა არ დააგდონ. მნიშვნელოვანია მცირე დეტალები, რომლებიც შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. "ბენფიკა" ამბიციური გუნდია, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ საკუთარ შესაძლებლობებში. ამიტომ მეტოქეც უნდა გვიფრთხილდეს".

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "ძალიან სერიოზული მეტოქეა, უდიდესი ისტორიით, ამიტომ ჩვენი დავალებაც ძალიან ძნელია. "ბენფიკა" შინ ძალიან სახიფათოა. სწრაფად და აკურატულად უნდა ვითამაშოთ, მეტოქეს სივრცე არაფრის დიდებით არ უნდა დავუტოვოთ. რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, შემტევი სტილი გუნდის ძლიერ ხასიათს აყალიბებს".

გასულ უქმეებზე
"დორტმუნდმა", ყველასთვის მოულოდნელად, 1:2 წააგო ბოლოადგილოსან "დარმშტადტთან". ეს 26 ნოემბრის მერე პირველი მარცხი იყო ტუხელის გუნდისთვის. რაფაელ გერეირომ ბოლო ხუთ თვეში პირველი გოლი გაიტანა.
"ბენფიკამ" "აროუკას" იოლად სძლია - 3:0. კოსტას მიტროღლუმ ამ თამაშში დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ანდრე კარილიომ გაიტანა. არადა, 41-ე წუთზე "არწივებს" მეკარე ედერსონი გაუძევეს.

სამშაბათი. 14 თებერვალი
პსჟ-ბარსელონა 23:45
დისკვალიფიკაცია: ტ. მოტა -
ტრავმა: ტ. სილვა - არდა თურანი, მასკერანო, ა. ვიდალი
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, კიმპემბე, მაქსველი - ვერატი, რაბიო, მატუიდი - ლუკასი, კავანი, დრაქსლერი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ურთიერთშეხვედრები: +2=3-4 (11-16)

ბენფიკა-დორტმუნდი 23:45
დისკვალიფიკაცია: ჟივკოვიჩი -
ტრავმა: ლისანდრო ლოპესი, ჟონასი (?) - გიოტცე, ბენდერი, როდე (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედუ, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - ფეიშა, პიცი, სალვიო, კარილიო (ალმეიდა) - ჟონასი, მიტროღლუ
დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი, კასტრო, გერეირო, დემბელე, როისი - ობამეიანგი
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ურთიერთშეხვედრები: +1=0-1 (2-6)

საპასუხო მატჩები - 8 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული