ჩემპიონთა ლიგა. დორტმუნდი-ბენფიკა. გამოხმაურება: ის, რაც დიდმა მატჩმა დაჩრდილა

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანული "დორტმუნდი" ახალგაზრდა ტალანტების სამჭედლო და საბადოა. ამ ულაპარაკოდ ძალიან სიმპათიურ გუნდს უაღრესად დიდი პოტენციალი აქვს, რომლის ნაწილიც ჩვენ "ბენფიკასთან" შეხვედრაში დავინახეთ. მშვენიერი ტაქტიკოსი თომას ტუხელი მომავლის გუნდის შენების პროცესშია, მაგრამ ვინ იცის, სიურპრიზი წელსაც შემოგვთავაზოს, სწორედაც ჩემპიონთა ლიგაზე.

ბორუსიელებმა თავიანთი ფეხბურთი უფრო მეორე ტაიმში ითამაშეს. პირველ ნახევარში "არწივები" დაჭრილები კი იყვნენ, მაგრამ ყვავ-ყორნებივით შემოსეულ მეტოქეს კიდევ ეომნენ, მაგრამ ვერას გახდნენ. თუმცა არგენტინელ სერვის ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან კარგად რომ დაერტყა, ვინ იცის, საქმე როგორ წავიდოდა.

რეალურად კი, "სიგნალ იდუნა პარკზე"
უფრო ძლიერმა გუნდმა მოიგო და მოიგო დამსახურებულად (4:0). დორტმუნდელებმა თამაშით ხომ პირველ შეხვედრაშიც აჯობეს ლისაბონელებს. იქ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი ვერ გაამოიყენა და, რაც იქ ვერ შეაგდო, საპასუხო მატჩში ამოიღო ერთიანად - გაბონელმა ჰეთ თრიკი გაიფორმა.

"მატჩი კარგად ვერ დავიწყეთ, ძალიან ადრე გავუშვით. თუმცა მერე მშვენივრად ვთამაშობდით და მომენტებიც გვქონდა, სანამ მეტოქეს ორ გოლს დროის მოკლე მონაკვეთში გავატანინებდით. ეს შეცდომები ძვირად დაგვიჯდა.

ამის მერე რეაგირება გაგვიჭირდა. არადა, იქამდე ყველა დაინახავდა, რომ საქმე მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით" - აღნიშნა "ბენფიკას" გულდაწყვეტილმა მწვრთნელმა რუი ვიტორიამ.

თომას ტუხელი: "რომ ვთქვა, ასეთ შედეგს ველოდი-მეთქი, გამოვა, რომ მეტოქეს პატივს არ ვცემ. ვერ დაელოდები იმას, რომ ოთხ გოლს გაიტან ისეთი კარგი გუნდის კარში, როგორიც "ბენფიკაა". უბრალოდ, თავდაჯერებულნი ვიყავით, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარებოდა და ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.

ნამდვილი ობამეიანგიც ვნახეთ, მან შესანიშნავად ითამაშა. "ბენფიკა" დიდი და ამაყი გუნდია, რომელსაც პატივს ვცემთ, მაგრამ ორი მშვენიერი მატჩი ჩავატარეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე.

8 საუკეთესო გუნდში დავრჩით და როდესაც ეს ხდება, სურვილი გაქვს, საუკეთესო ოთხეულშიც დარჩე. უახლოესი მიზანი ეს იქნება და სწორედ მის მიღწევას შევეცდებით".

ფაქტები
* უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაასახელა.

* "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 24 გოლი გაიტანა ამ სეზონში, რითაც საკლუბო რეკორდი დაამყარა.

* ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ 3,1 გოლი გადის, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული