იუვენტუსი VS ბარსელონა - გავიტანოთ ერთით მეტი, ვიდრე "ბარსამ"

AutoSharing Option
* ეს ორი კლუბი ერთმანეთს მერვედ ხვდება. ყველაზე ცნობილი დაპირისპირება 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა, სადაც "ბარსელონამ" 3:1 იმარჯვა.

* ტურინის "იუვენტუსი" ევროთასებზე მშობლიურ არენაზე უკვე 21 თამაშია, რაც დაუმარცხებელია (12 მოგება, 9 ფრე).

* "ბარსელონა" მეოთხედფინალში მეათედ თამაშობს, რაც ლიგის რეკორდია.

პაუზის მერე ევროთასები გადამწყვეტი ეტაპებით გვიბრუნდება - დღეს "იუვენტუს არენაზე" ძალიან მაგარი მატჩი უნდა იყოს - ჩემპიონთა ლიგის 2015 წლის ფინალის რემატჩი "იუვენტუსი" "ბარსელონას" წინააღმდეგ. ექსმადრიდელი გონსალო იგუაინი "ბარსას" შეუტევს, რომლის წინააღმდეგაც ითამაშებს დანი ალვეში. მასიმილიანო ალეგრის
გუნდი ტრიპლეტზე იწევა, ლუის ენრიკეს კი ჩემპიონატში საქმე მთლად კარგად ვერ აქვს და კატალონიელებს აქცენტი ლიგაზე აქვთ გადატანილი...

"ის" ფინალი ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართა. "ბარსა" მე-4 წუთზე ივან რაკიტიჩმა დააწინაურა, მაგრამ 55-ეზე ალვარო მორატამ გაათანაბრა. 68-ე წუთზე ლუის სუარესმა ისევ წინ გაიყვანა კატალონიური გრანდი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე კი ანგარიშს წერტილი ნეიმარმა დაუსვა. ასე მოიპოვა "ბარსამ" მეხუთე ტიტული ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე.

მას მერე მასიმილიანო ალეგრიმ უფრო გადაასხვაფერა შემადგენლობა, ვიდრე ლუის ენრიკემ. "ბებერი ქალბატონის" მაშინდელი სასტარტო 11-ეულიდან "იუვეში" აღარ არიან: პოგბა, მორატა, ტევესი, პირლო, ვიდალი და ევრა. მაშინ, როცა "ბარსას" 11-ეულიდან გუნდში არ არის მხოლოდ ერთი კაცი და ის ახლა მის წინააღმდეგ ითამაშებს - დანი ალვეში.

მოწინააღმდეგე ბანაკებში
ალეგრის დღეს არ ეყოლება მარკო პიაცა, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს, თუმცა პიაცა ისედაც არ იყო სასტარტოს ფეხბურთელი, განსხვავებით მარიო მანჯუკიჩისა, რომელმაც ახლახან განაახლა ვარჯიში და მისი თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ საეჭვოა. საკადრო პრობლემები აქვს ლუის ენრიკესაც - არდა თურანი, ალეიშ ვიდალი და რაფინია კარგა ხნით დაიმტვრნენ, ხოლო სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიცირებულია. სწორედ ეს უკანასკნელი არის ძნელი შესაცვლელი, განსაკუთრებით, საგარეო შეხვედრებში.

პრესკონფერენცია
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "როცა პლეი ოფის პირველ მატჩს შინ თამაშობ, სასურველია, გოლი არ გაუშვა. მაგრამ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ბარსელონაა", კარის "მშრალად" შენახვა გაჭირდება. ამიტომაც მე ჩვენს მიზანს ასე ჩამოვაყალიბებდი: მოდი, გავუტანოთ "ბარსას" ერთით მეტი, ვიდრე ის გაგვიტანს ჩვენ. უბრალოდ, წარმოუდგენელია, "ბარსას" ორივე თამაში 0:0 ეთამაშო და მერე პენალტების სერიაში დაამარცხო.

"ბარსელონას" "ქამბექმა" წინა ტურში პსჟ-სთან მსოფლიო აალაპარაკა. ის მატჩი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფეხბურთში არაფერია გარანტირებული. განსაკუთრებით, ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ბარსელონაა". "იუვემ" 2015 წლის ფინალის შემდეგ რამდენიმე საფეხური წინ გადადგა, განსაკუთრებით, მენტალურად. ნახევარფინალში გასასვლელად ორივე მატჩში მაგრად უნდა ვითამაშოთ და თან უნდა გაგვიმართლოს".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ბერლინის ფინალი რომ გავიხსენოთ, მეტოქეს ახლა ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს. "იუვე" ისევ დიდი გუნდია, მაგრამ უბრალოდ ვერ ვიტყვი, უკეთესია ის, ვიდრე 20015 წლის ფინალში თუ უარესი. ის მატჩი ძალიან კარგად მახსენდება, მაგრამ ახლა სულ სხვა ისტორიაა. კარგია, რომ ფეხბურთელების მოტივაციისთვის არაფერია საჭირო, ეს ხომ მეოთხედფინალია, სადაც მეტოქედ "იუვენტუსი" გვყავს.

მეტოქის რამდენიმე თამაშს ვუყურე და "იუვენტუსი" მუდამ ცდილობს, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე თავისი პირობები უკარნახოს მეტოქეს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მატჩის მოსაგებად გავალთ. სერხიო ბუსკეტსი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. მარტო სტატისტიკასაც რომ გადახედოთ, ამას იოლად მიხვდებით, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი შეცვლა".

გასულ უქმეებზე
"ბარსელონამ" შესაძლოა, ლა ლიგის წამგები ტური ითამაშა - "ლა როსალედაზე" ლუის ენრიკეს კრებული "მალაგასთან" დამარცხდა - 0:2. თანაც, წითელი ბარათი მიიღო ნეიმარმა, რომელმაც შესაძლოა, ამის გამო კლასიკო გამოტოვოს. არადა, გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიელებს ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი უჩნდებოდათ. ახლა კი ყველაფერი "რეალის" სასარგებლოდაა, თუნდაც ზიდანის კრებულმა წააგოს კლასიკო.

"იუვენტუსმა" ზედიზედ 32-ედ მოიგო ჩემპიონატის მატჩი "იუვენტუს არენაზე" და კარგი განწყობა დაიბევა "ბარსასთან" თამაშის წინ. გონსალო იგუაინმა 2 გოლი გაიტანა. თითქმის 60 წლის მერე პიპიტა პირველია, ვინც "იუვეს" მაისურით პირველივე სეზონში 20 გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში.

სამშაბათი. 11 აპრილი
იუვენტუსი-ბარსელონა 22:45
დისკვალიფიკაცია: - ბუსკეტსი
ტრავმა: პიაცა, მანჯუკიჩი (?) - რაფინია, ალეიშ ვიდალი, არდა თურანი
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა - მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი
ურთიერთშეხვედრები: 7 თამაში: +2=2-3 (7:10)
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული