ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: ყველაფერი წარმავალია... [VIDEO]

AutoSharing Option
...ეტყობა, "ბარსელონამ" მორიგი ექსპერიმენტი ჩაიფიქრა. პირველი იყო პსჟ - 0:4 და 6:1. ახალი ტესტი შედარებით იოლია - საკმარისი იქნება "სულ რაღაც" 4 უპასუხო გოლი და...

ხუმრობა იქით იყოს და, ექსპერიმენტი კი არა, "კამპ ნოუზე" ახალი გუნდის მშენებლობა უნდა ჩაიფიქრონ. შეიძლება უკვე ჩაიფიქრეს და გადაწყვიტეს კიდეც. აქ მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელები, რომლებმაც ის "ბარსა" შექმნეს, თითებზე ჩამოსათვლელადღა დარჩნენ და დადგა სრულიად სხვა რეალობა...

დამთავრდა ბრწყინვალე ეპოქა, რომელმაც არაერთი სასიამოვნო მატჩი, ეპიზოდი თუ ფეხბურთელი გვაჩუქა. აბა, მაშინ როგორ წარმოვიდგენდით, რომ დადგებოდა
დრო, როცა ლეო მესისა და ანდრეს ინიესტას "ბარსელონას" დამარცხება ასე იოლი იქნებოდა, გუნდისა, რომელიც ერთ დროს ევროპას შიშის ზარს სცემდა...

მაგრამ ყველაფერი წარმავალია და ახლაც თითქმის წარმოუდგენელია, "ბლაუგრანამ" საპასუხო მატჩში ისეთივე დღე აყაროს "იუვენტუსს", როგორიც პსჟ-ს დამართა. იმიტომ, რომ... ეს "იუვენტუსია" და არა - პსჟ. სახელი, ტრადიცია და გამარჯვებულის მენტალიტეტი ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს აკლდა პსჟ-ს, თორემ მეოთხედფინალში ახლა ის იქნებოდა...

მასიმო ალეგრიმ ბრწყინვალედ მოამზადა გუნდი როგორც ტაქტიკა-სტრატეგიის, ისე ფსიქოლოგიის მხრივ. ასეთი ამბავი დააწიო გუნდს, რომელსაც ფანტასტიკური შეტევითი პოტენციალი აქვს, მტკიცე ხასიათის გარეშე - ზღაპარია...

მატჩის გმირი იყო მთლიანად "იუვე", მაგრამ განსაკუთრებით - პაულო დიბალა, ვინც პირველ ტაიმში ორი დიდოსტატური გოლი შეაგდო და მსუყე გამარჯვების წინაპირობა შექმნა. მან ჯერ კუადრადოსგან მიიღო პასი, მერე კარისკენ ზურგით მდგომი შემოტრიალდა და შორეულ დაბალ კუთხეში მოარტყა.

მერე მანჯუკიჩის პასს გაციება არ აცალა, ეგრევე დასცხო ბურთს საჯარიმოს ხაზიდან და ტერ შტეგენს ახლო კუთხეში გაუტანა.

ხოლო მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა კიელინის თავური დაარტყმევინეს და ესეც - 3:0!

ვერ ვიტყვით, რომ "ბარსა" მოედანზე არ იყო - ლუის ენრიკეს ბიჭებმაც ირბინეს, ურტყეს, აწოდეს... მაგრამ ამ ყველაფერს ჯიგარი და მარილი აკლდა. რატომ მოსდის "ბარსას" ასე ესოდენ ხშირად? იმიტომ, რომ ყველაფერი შესაცვლელია, მარტო მწვრთნელი - არა!

"იუვენტუსი" კი ბრწყინვალე მაგალითი გამოდგა საიმისოდ, ერთდროულად როგორ უნდა მოაქციო მეტოქე წნეხში, მარტივ მამრავლებად დაშალო და თან ფეხბურთიც ითამაშო! ბრავო "იუვე"! ნახევარფინალი ძალიან ახლოსაა! ალალიცაა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იუვენტუსი-ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 დიბალა (7), 2:0 დიბალა (22), 3:0 კიელინი (55)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი (89. ბარძალი), ხედირა - კუადრადო (73. ლემინა), დიბალა (81. რინკონი), მანჯუკიჩი - იგუაინი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, მატიო (46. ანდრე გომეში) - რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი.
მაყურებელი: 41 505

საპასუხო მატჩი - 19 აპრილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ გეგონოთ რომ ბარსელონას ზღაპარი დამთავრდა.
guri
10:28 12-04-2017
0
მრავალი წლის შემდეგ დადგა დრო იუვემ თასი აღმართოს.სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჯიჯი ამას იმსახურებს
0

სიახლეები პოპულარული