* ამ ორ მარცხს შორის "ბაიერნმა" შინ ზედიზედ 16 მატჩი მოიგო ლიგაზე.
* "ბაიერნმა" საერთოდ პირველად წააგო შინ (ნებისმიერ ტურნირში) 2016 წლის მარტის მერე.
* კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა.
* კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 659-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.
* "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე თავური გოლი 2014 წლის ოქტომბრის მერე პირველად გაუშვა.
ის, რომ რეკორდმაისტერს
კარლო ანჩელოტის გუნდს ბუნდესლიგაში სერიოზული წინააღმდეგობა ვერ ხვდება, გუნდი ერთი თავით სჯობს ყველას. ბოლო წლებია, სწორედ ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას გუნდისთვის ევროთასების გადამწყვეტ ეტაპებზე. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ ანჩელოტისა და მისი ყოფილი შეგირდის, ზინედინ ზიდანის "რეალის" დაპირისპირებაში დამტკიცდა - "სამეფო კლუბმა" 2:1 მოიგო (მეტიც შეეძლო) და საპასუხო მატჩის წინ ისეთივე ფავორიტია, როგორც ბუნდესლიგაში "ბაიერნი" "მაინცებისა" და "ინგოლშტადტების" წინააღმდეგაა.
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი სულ სხვანაირი იყო, მეორე - სულ სხვა. თუ ქარიმ ბენზემას უხერხულ დარტყმას არ ჩავთვლით, რომელიც ნოიერმა მოიგერია, "რეალს" არაფერი შეუქმნია, "ბაიერნმა" კი ტიაგო ალკანტარას კუთხურის მერე გაიტანა, ნაჩოს არტურო ვიდალმა თავით დაასწრო. ტაიმის მიწურულს ნიკოლა რიცოლიმ ტყუილად დანიშნა სტუმართა კარში და კარვახალიც სულ ტყუილად გააფრთხილა (მას ხელით ნამდვილად არ უთამაშია), მაგრამ "მეფე არტურომ" ამჯერად, ვეღარ ივარგა.
ამის მერე დადგა კრიშტიანო რონალდოს ჯერი, რომელმაც ჯერ კარვახალის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა და ამით საკმაოდ გრძელი "მშრალი" სერია შეწყვიტა ლიგაში, მერე ხავი მარტინესი "წამოიკიდა", მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და შემდეგ დღის გმირ ნოიერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. ეს უკვე მადეირელის საიუბილეო, მე-100 გოლი იყო ევროთასებზე (აქ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის სუპერთასიც იგულისხმება).
ამის მერე იყო უცნაური გოლი სერხიო რამოსის შესრულებით, რომელიც სამართლიანად არ ჩაითვალა და კარს მიჯაჭვული დაბნეული "ბაიერნი". ბოლო დღეებში გუნდის დანაკლისი (მატს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი დაიმტვრნენ) აუნაზღაურებელი ზარალი გამოდგა. ვარსკვლავის აჩრდილად ქცეულ თომას მიულერს, ალბათ, მხარდაზიანებული ლევანდოვსკიც კი აჯობებდა.
"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ნახევარფინალისკენ, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა და ყველაფერი არ გადაწყვეტილა. გოლის გატანა ძალიან მინდოდა, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გამარჯვებაა. დღეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დამსახურებულად დავამარცხეთ", - ეს "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის სიტყვებია.
"ერთი-ორი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა ამითაც კმაყოფილები ვართ. გარეთ ბეილი თავს კარგად ვერ გრძნობს, იმედია, სერიოზული არაფერია. კრიშტიანო გასახდელში გაბრაზებული იყო, მას კიდევ შეეძლო გოლების გატანა, თუმცა მიღწეულით, რა თქმა უნდა, ის კმაყოფილია", - თქვა ზინედინ ზიდანმა.
ბაიერნი-რეალი 1:2
გოლები: 1:0 ვიდალი (25), 1:1 რონალდო (47), 1:2 რონალდო (77)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო (64. ბერნატი), ვიდალი - რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (66. დუგლას კოშტა) - მიულერი (81. კომანი)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (91. კოვაჩიჩი), კაზემირო, კროოსი - ბეილი (59. ასენსიო), ბენზემა (83. ხამეს როდრიგესი), რონალდო
გამოუყენებელი პენალტი: ვიდალი (45+2)
გაძევება: ხავი მარტინესი (61)
მაყურებელი: 69 950
საპასუხო მატჩი - 18 აპრილს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"