მონაკო VS დორტმუნდი - ისევ შემტევი ფეხბურთი, ისევ გოლები

AutoSharing Option
* ამ სეზონში "მონაკო" ევროთასებზე შინ დაუმარცხებელია (5 მოგება, 1 ფრე).

* "დორტმუნდს" ზედიზედ ორი თამაში არ მოუგია სტუმრად ჩემპიონთა ლიგაზე.

* ამ გუნდების პირველი თამაში ერთი დღით გადაიდო ტერორისტული აქტის გამო.

"მონაკოს" თინეიჯერი კილიან მბაპეს სახელი ახლა ყველას პირზე აკერია საფეხბურთო სამყაროში. დორტმუნდში მბაპემ დუბლი შეასრულა და დაჩრდილა მასავით ნიჭიერი თინეიჯერი უსმან დემბელე დღეს მათი მეორე რაუნდია...

სტუმრებს არ ეყოლებათ მარკ ბარტრა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ტერაქტის გამო. ტუხელს არც შიურლე ეყოლება და, რა თქმა უნდა, არც - გიოტცე.
2-3 ტრავმირებული "მონაკოსაც" ჰყავს, მაგრამ გერმანელთა დანაკლისი უფრო შთამბეჭდავია.

I მატჩი
ყველას მოეხსენება, რა ცუდი ამბები უძღვოდა წინ პირველ თამაშს, "დორტმუნდის" ფეხბურთელები სტადიონზე წასვლას აპირებდნენ, როცა ავტობუსთან ბომბი აფეთქდა. მსუბუქად დაშავდა მარკ ბარტრა, რომელსაც ხელის ოპერაცია დასჭირდა, ხოლო თამაში სამშაბათის ნაცვლად ოთხშაბათს გაიმართა.

"დორტმუნდი" შოკირებული იყო, რამაც "მონაკოს" უპირატესობა მისცა. საბოლოოდ, ფრანგებმა 3:2 მოიგეს. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი შეასრულა თინეიჯერმა კილიან მბაპემ, ხოლო ერთი გოლი სვენ ბენდერმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მასპინძელთა მხრიდან გოლები უსმან დემბელემ და შინჯი კაგავამ გაიტანეს.

პრესკონფერენცია
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "მონაკო" ერთ მატჩში ვერ შეიცვლის თამაშის სტილს. შესაძლოა, ჩვენ კიდევ დაგვჭირდეს გატანა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. დარწმუნებული ვარ და ასეც ველი - "დორტმუნდი" უფრო ძლიერად ითამაშებს, ვიდრე პირველ მატჩში. მათ ნახევარდაცვაში როისი და კასტრო დაუბრუნდათ, ეს კი ორი დიდი შენამატია. 90 წუთი გვაშორებს ნახევარფინალს, მაგრამ ასეა ჩვენი მეტოქეც. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამ სეზონში ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე".

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "ხვალ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, ჩვენ საამისოდ მზად ვართ. "დორტმუნდს" ნამდვილად შეუძლია ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება. ოღონდ არ უნდა დავკარგოთ ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. "დორტმუნდი" შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, გუნდი შეუტევს და შექმნის იმდენ მომენტს, რამდენიც შესაძლებელი იქნება.

ჩვენი საფირმო მარკა გოლების გატანაა. აუცილებლად უნდა ავირიდოთ ისეთი სიტუაცია, როგორიც დორტმუნდში "მონაკოს" მესამე გოლისას შეგვექმნა. ასე იოლად ბურთის დათმობა არაფრით შეიძლება. გპირდებით, "დორტმუნდი" ხვალ პირველიდან 90-ე წუთის ჩათვლით შეუტევს".

ამ უქმეებზე
ჩემპიონატის ლიდერმა "მონაკომ" "დიჟონს" 2:1 მოუგო. მასპინძლები აგებდნენ, როცა ნაბილ დირარმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმით რადამელ ფალკაომ გაიტანა.

"დორტმუნდმა" 3:1 მოუგო "აინტრახტს". ანგარიში მარკო როისმა გახსნა, შემდეგ სოკრატის პაპასტატოპულოსმა კვლავ გაიყვანა მასპინძლები წინ. მესამე გოლი ფრანკფურტელთა კარში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.

ოთხშაბათი. 19 აპრილი
მონაკო-დორტმუნდი 22:45 (3:2)
დისკვალიფიკაცია: ფაბინიო -
ტრავმა: სიდიბე, ბოშილია, კარილიო - ბარტრა, გიოტცე, შიურლე, დურმი (?), როდე (?)
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი - ბერნარდო სილვა, ბაკაიოკო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი - ფალკაო, მბაპე
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბენდერი, შმელცერი - ვაიგლი - დემბელე, კასტრო, გერეირო, როისი - ობამეიანგი
ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში: +1=0-1 (3:2)
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული