რეალი VS ატლეტიკო - ისევ ის დერბი...

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალური ეტაპით განახლდება - უკვე კარგა ხანია, რაც ლიგაზე მადრიდულ დერბის მივეჩვიეთ, ახლაც ასეა - "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზინედინ ზიდანის "რეალი" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

"სამეფო კლუბს" ორი სერიოზული დანაკლისი აქვს - გარეთ ბეილი და პეპე არ ეყოლება. თუკი ვეტერანი პორტუგალიელი ამ სეზონში სასტარტო 11-ეულის მყარ წევრად აღარ ითვლება და უფრო სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის დუეტს მივეჩვიეთ დაცვის ცენტრში, უელსელის არყოფნა დიდი დანაკლისია.

ზინედინ ზიდანს კი საფიქრალი მოემატა - ვინ ჩაანაცვლებს შეტევის მარჯვენა ფლანგზე ბეილს. პოზიციურად ეს
ლუკას ვასკესი უფრო უნდა იყოს, თუმცა ისკო სუპერფორმაშია. არის კიდევ ხამეს როდრიგესის ვარიანტიც.

დიეგო სიმეონე დიდი ხანია, შეეგუა აუგუსტო ფერნანდესის არყოფნას. აი, ხოსე ხიმენესი კი ახლახან დაიმტვრა. ცუდი მდგომარეობაა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ხუანფრანის თამაში გამორიცხულია, ხოლო მისი ხორვატი შემცვლელის ვრსალიკოსი - თითქმის გამორიცხული. დიდი ალბათობით, ძმებ ერნანდესებიდან უფროსი - ლუკასი დაიკავებს ამ პოზიციას.

ფაქტები
* ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხე სეზონში ხვდებიან ერთმანეთს. 2014 წლის ფინალში "ატლეტიკო" ბოლო წამამდე იგებდა, მაგრამ სერხიო რამოსმა გაათანაბრა და საბოლოოდ, "რეალმა" დამატებით დროში მოიგო (4:1). 2015 წელს ისინი მეოთხედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს. "ვისენტე კალდერონზე" მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალმა" 10 კაცით დარჩენილ "ათლეტებს" 88-ე წუთზე გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა (ჩიჩარიტო). წინა სეზონში კი ისევ მადრიდული ფინალი ვნახეთ და კვლავაც სერხიო რამოსის გოლი. მართალია, ფერეირა-კარასკომ კი გაათანაბრა, მაგრამ "ატლეტიკო" პენალტებში დამარცხდა.

* მიმდინარე ლა ლიგაში "რეალმა" მეტოქეს გასვლაზე 3:0 მოუგო, ხოლო "ბერნაბეუზე" მატჩი 1:1 დასრულდა. ჩემპიონატის იქამდელ 5 დაპირისპირებაში "ატლეტიკოს" 3 მოგება და 2 ფრე ჰქონდა.

* "სამეფო კლუბს" ევროტურნირებზე ესპანურ გუნდებთან ბოლო 7 მატჩია, არ წაუგია. ბოლოს "რეალი" "ბარსელონასთან" დამარცხდა.

* "ატლეტიკოს" ევროსარბიელზე 5 ნახევარფინალი აქვს ნათამაშები და არც ერთი საშინაო თამაში არ წაუგია - 4 მოგება, 1 ფრე. "რეალთან" დაპირისპირება იქნება ბოლო ევრომატჩი "ვისენტე კალდერონზე". ახალი სეზონიდან "ათლეტები" ახალ სტადიონზე ითამაშებენ, "ვისენტე კალდერონი" კი დაინგრევა და მის ადგილას პარკი გაშენდება.

* "რეალს" თანაქალაქელი ჩემპიონთა თასზე 1958/59 წლების სეზონშიც დამარცხებული ჰყავს. სულ ევროურთიერთშეხვედრებში ასეთი შედეგი გამოგვდის - 4 მოგება "რეალს", 1 "ატლეტიკოს" და 2 ფრე. ბურთების სხვაობა - 10:5 "რეალის" სასარგებლოდ.

* "ატლეტიკოს" აქამდელი ნახევარფინალებიდან 3-ჯერ გავიდა ფინალში, 2-ჯერ კი ეს ვერ შეძლო. "რეალმა" 14-ჯერ წარმატებით დასძლია ეს ბარიერი, ხოლო 13-ჯერ ნახევარფინალიდან გავარდა.

პრესკონფერენცია
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩვენ არ ვართ ფავორიტები. ჩემი აზრით, 50/50-ზეა გუნდების შანსები. და ეს ასეა პლეი ოფის ეტაპებზე. ჩვენ და "ატლეტიკო" ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. "ატლეტიკოსთან" ჩვენი ბრძოლები სულაც არ შეცვლილა იმ დროიდან, რაც მე ფეხბურთელი ვიყავი. ეს არის ნამდვილი დერბი, დედაქალაქის დერბი. ინტენსიურობამ მოიმატა, მაგრამ ამ ორი კლუბის დაპირისპირება ისევ ისეთია.

ჩვენ გვესაჭიროება უნაკლო თამაში ხვალ. თუ ასე ვიზამთ, მაშინ ვნახოთ. ნახევარფინალში გასვლა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ხვალ ახალი გამოწვევაა.

ჩვენ პირველივე წუთებიდან შევუტევთ, რადგან პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ტრიბუნების გვეიმედება, რადგან ფანები ყოველთვის ძალიან გვეხმარებიან. ამ სეზონში გოლის გაუშვებლად იშვიათად ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენი დევიზია - გავიტანოთ ერთით მეტი, ვიდრე მეტოქემ"..

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ყოველი მატჩის წინ თავს შებოჭილად ვგრძნობ. ყველაფრისგან იზოლაცია მსურს და ამით ვიცილებ თავიდან დიდ ზეწოლას. ეს ნორმალურია. მწვრთნელს ძალზე ბევრი მოეკითხება და ეს ტვირთი სულ უფრო და უფრო იზრდება. და სულ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მეტოქე და რა დონის თამაშია.

"რეალი" შინ ყოველთვის ძლიერად თამაშობს. მათ შეუძლიათ სხვადასხვა სისტემით ითამაშონ - ჩართონ სისტემაში ისკო ან ასენსიო, ან ხამესი. ისინი შეეცდებიან, საკუთარ კედლებშივე მოგვაყენონ დიდი დარტყმა. მე კი იმედი მაქვს, რომ გუნდი გამოიყენებს იმ სივრცეებს, რომლებიც ხვალ თამაშში შეიქმნება.

ზიდანმა "რეალში" ძალზე დიდი სამუშაო გასწია, მის ხელში ყველა ფეხბურთელი ბედნიერია. მან იპოვნა ბალანსი და მიაღწია უდიდეს მიზნებს. ყველა მნიშვნელოვანი მატჩი ძნელია და არც ხვალინდელი იქნება გამონაკლისი".

გასულ უქმეებზე
მადრიდის "რეალმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და კინაღამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - "რეალი" კრიშტიანო რონალდომ დააწინაურა, თუმცა შემდეგ იმავე რონალდომ პენალტი ვერ გამოიყენა. მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი ანგარიში გათანაბრდა. აქ იყოჩაღა მარსელომ, რომელმაც 86-ე წუთზე "სამეფო კლუბს" სამი ქულა მოუტანა.

"ატლეტიკო" კანარის კუნძულებზე "ლას პალმასს" ესტუმრა და 5:0 მოუგო. კევინ გამეიროს ანგარიშზე დუბლია. თითო გოლი გაიტანეს საულ ნიგესმა, თომასმა და ფერნანდო ტორესმა.

სამშაბათი. 2 მაისი
რეალი-ატლეტიკო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეპე, ბეილი - ხუანფრანი, ხიმენესი, ფერნანდესი, ვრსალიკო (?)
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო, ბენზემა, რონალდო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ლ. ერნანდესი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, გამეირო
ურთიერთშეხვედრები: 23 თამაში: +9=6-8 (31:26)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული