"მონაკო" ამ სეზონის მთავარი სენსაციაა და ფრანგულ გუნდს გულში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ამოუჭრია. პირველად "მონაკო" ლიგის ფინალში 2004 წელს გავიდა, ახლა კი მას მეორედ ფინალისტობის შანსი აქვს.
"მონაკოს" ნახევარმცველმა ტეამიუ ბაკაიოკომ "ტულუზთან" მატჩში ცხვირი გაიტეხა, მაგრამ მისი თამაში გამორიცხული სულაც არ არის - ბაკაიოკოს სპეციალური ნიღაბი დაუმზადეს და დიდი ალბათობით, ის ითამაშებს. ბოლო დროს ბაკაიოკო "მონაკოს" შეუცვლელი
ეჭვგარეშეა, რომ დღეს "მონაკოს" ყველაზე დიდი გამოცდა ელის. უნდა გამოჩნდეს, რა შეუძლიათ ამ დონეზე მის ტალანტებს. განსაკუთრებით ეს 18 წლის კილიან მბაპეზე ითქმის, რომელიც ახლა ყოველ გრანდს თავისთან სურს. მბაპეს საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი და მალე თუ კიდევ ერთს გაიტანს, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება 21-ე საუკუნეში, ვინც ევროპის ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთში 15 გოლი გაიტანა. კილიანმა შესანიშნავი დუეტი ჩამოაყალიბა გამოცოცხლებულ კოლუმბიელ რადამელ ფალკაოსთან ერთად. მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი და საერთოდ, 2017 წელს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში.
აქამდე "მონაკოს" უმართლებდა, რომ უფრო შემტევ გუნდებს ხვდებოდა. ახლა კი მეტოქე "იუვენტუსია", რომელსაც დაცვაში ბონუჩი და კიელინი ჰყავს, კარში კი – ლეგენდარული ბუფონი.
ტურინელთა მთავარი დანაკლისი გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირაა, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. დანარჩენი ყველა წამყვანი ფეხბურთელი ბრძოლისთვის მზად არის.
ფაქტები
* ეს კლუბები ერთმანეთს 1997/98 წლების სეზონის ნახევარფინალშიც გადაეყარნენ და "იუვენტუსმა" ორი მატჩის ჯამში 6:4 მოიგო (4:1, 2:3). იმ შეხვედრებში ალესანდრო დელ პიერომ გაიბრწყინა. მერე კი ტურინელები ფინალში მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ, შეხვედრის ერთადერთი გოლი პრედრაგ მიატოვიჩმა შეაგდო. მაშინ მადრიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "იუვეს" ფეხბურთელი გახლდათ.* "იუვეს" ჩემპიონთა ლიგა/თასი ორჯერ აქვს მოგებული - 1985 და 1996 წლებში. საინტერესოა, რომ ტურინელებმა ორივე შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი დაამარცხეს ნახევარფინალში - 1985 წელს "ბორდო", ხოლო 1996 წელს "ნანტი".
* "იუვენტუსს" ნახევარფინალში 11-ჯერ აქვს ნათამაშები და აქედან 9 შემთხვევაში ტურინელებმა საშინაო მატჩი მოიგეს, საგარეო კი მხოლოდ ერთხელ.
* "მონაკო" ევროტურნირების ნახევარფინალებში იტალიურ გუნდებს 4-ჯერ გადაეყარა და ოთხივეჯერ დამარცხდა.
* ტურინელებისა და მონეგასკების გზები 2014/15 წლების სეზონშიც გადაიკვეთა. "იუვემ" მეოთხედფინალურ სტადიაზე ორი მატჩის ჯამში 1:0 იმარჯვა, არტურო ვიდალის პენალტით, მაშინაც ფინალში გავიდა და მეორე ესპანურ გრანდთან, "ბარსელონასთან" დამარცხდა.
* შესაბამისად, 4 ურთიერთშეხვედრიდან იტალიურ გუნდს 2 აქვს მოგებული, "ლუი მეორის ბინადრებს" - 1, ერთხელ კი ისინი დაზავდნენ - ბურთების სხვაობა 7:4 "იუვენტუსის" სასარგებლოდ.
* ნახევარფინალურ ეტაპზე "მონაკომ" ერთხელ მოახერხა წარმატების მიღწევა და ფინალში გავიდა (ფინალი წააგო "პორტუსთან), ხოლო ორჯერ დამარცხდა. "იუვენტუსი" ნახევარფინალში სულ 11-ჯერ იყო და აქედან 8-ჯერ ფინალში გასვლა მოახერხა (მხოლოდ 2 ფინალი მოიგო და 6 დათმო).
პრესკონფერენცია
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ტურინის "იუვენტუსს" გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მეტოქე ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ძლიერია დაცვაში. ამასთან, იტალიელები შეტევაშიც ძალიან ძლიერები არიან. "იუვეს" ორი მომენტი სჭირდება საშუალოდ, რომ ერთი გოლი გაიტანოს. გარდა ამისა, "იუვე" სტანდარტული მდგომარეობებისას ძალზე სახიფათოა. ერთობ ძნელია მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში. როგორც ბუფონს, მეც მჯერა, რომ ტურინშიც შევძლებთ გოლის გატანას.
ჩვენ დორტმუნდში სამი გოლი გავიტანეთ, სამი გავიტანეთ მანჩესტერშიც, მაგრამ "იუვენტუსი" "სიტის" და "დორტმუნდს" არ ჰგავს. ეს გუნდები უფრო შემტევი ფეხბურთის მიმდევრები არიან. მათი დაცვის ხაზი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც იტალიური გრანდის. ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს იმ ეპიზოდებში, როცა მეტოქე დაცვიდან შეტევაზე გადადის. ამის გარდა, ბურთი უფრო სწრაფად უნდა გავათამაშოთ და, რა თქმა უნდა, შევუტიოთ. წარმატება ისევ მეტოქის კართან უნდა ვეძიოთ".
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი გუნდი გავხდებით, ვინც ამ სეზონში "მონაკოს" ჩემპიონთა ლიგაზე, ამ სტადიონზე დაამარცხებს. "მონაკო" შემტევ, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელიც "იუვეს" ორი წლის წინათ შეხვდა.
2015 წლის "მონაკო" ძლიერი იყო დაცვაში, ახლა კი "მონაკო" უფრო შემტევი გუნდია. "მონაკოს" ბევრი გოლი გააქვს, განსაკუთრებით, მატჩების მიწურულს. იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ, ორი ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ".
გასულ უქმეებზე
"მონაკო" "ტულუზთან" მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, 3:1 იმარჯვა. 49-ე წუთზე კამილ გლიკმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 64-ე წუთზე კილიან მბაპემ მონეგასკები წინ გაიყვანა. ანგარიშს წერტილი თომა ლემარმა დაუსვა. ტურინის "იუვენტუსი" ბერგამოში "ატალანტას" 2:2 დაუზავდა. მასპინძელთა მცველებმა ჯერ ტურინელთა, შემდეგ კი საკუთარ კარში გაიტანეს. 83-ე წუთზე დანი ალვეშმა ლიდერი დააწინაურა, მაგრამ ჯიჯი ბუფონმა ბოლოსწინა წუთზე გაუშვა გოლი.
ოთხშაბათი. 3 მაისი
მონაკო-იუვენტუსი 22:45
დისკვალიფიკაცია: - ხედირა
ტრავმა: ბოშილია, კარილიო, სიდიბე (?), ბაკაიოკო (?) - პიაცა, რუგანი
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - მენდი, ჟემერსონი, გლიკი, ტურე - ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი - მბაპე, ფალკაო
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, მარკიზიო - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
ურთიერთშეხვედრები: 4 თამაში: +1=1-2 (4:7)
მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"