* კრიშტიანო რონალდომ პირველმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ თრიკის შესრულება.
* კრიშტიანო რონალდომ ნახევარფინალებში ყველაზე მეტი, 12 გოლი გაიტანა.
* კრიშტიანო რონალდომ პირველმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 50 გოლის გატანა.
კიდევ ერთი მადრიდული დუელი ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" უპირატესობით დაიწყო. ზინედინ ზიდანის გუნდმა "არაზიდანურად" დაიწყო, ანუ აგრესიულად და აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა. არადა, ზიზუს პოსტზე მისვლის მერე მივეჩვიეთ, რომ მისი გუნდი დინჯად თამაშობს ხოლმე, თანაც, ნებისმიერ სიტუაციაში.
"სამეფო კლუბს" გარეთ ბეილი (ასევე პეპე) არ ჰყავდა. უელსელის ნაცვლად, ძირითადში ფორმაში შესული და ზიდანის ფავორიტი ისკო მოხვდა. დიეგო სიმეონეს კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჰქონდა სერიოზული პრობლემა. მან ხუანფრანი და ვრსალიკო ტრავმების გამო დაკარგა. იქ სავიჩის დაყენებამ არ გაამართლა და ბოლოს ამ პოზიციაზე ხიმენესი გაამწესა, ვინც ჩემპიონატის მატჩში დაშავდა და გუნდს ასევე გამოაკლდა. "ჩოლომ" მარჯვენა ფლანგზე ახალგაზრდა ლუკას ერნანდესი დააყენა.
უცნაურია, მაგრამ "რეალის" შეტევების უმეტესობა და უფრო მწვავე იერიშები არა ერნანდესის მიმართ, არამედ საპირისპირო ფლანგზე მიდიოდა და ზეწოლა ფილიპე ლუიშზე ხორციელდებოდა. პირველი შანსი ქარიმ ბენზემას მიეცა, რომელიც ფრანგმა ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებისას კრიშტიანო რონალდო თამაშგარეში იყო და პასიც ალბათ მისკენ მიდიოდა, მაგრამ ლაინსმენს ალამი არ აღუმართავს, პასიურ ოფსაიდში ჩათვალა.
ამ მომენტს აუცილებლად მოჰყვება გარჩევები, ბურთი კი პორტუგალიელამდე სავიჩმა არ მიუშვა, რომელმაც ცუდად მოიგერია, ბურთი კაზემიროსკენ წავიდა, რომელიც აშკარად დარტყმას ცდილობდა, მაგრამ პასი გამოუვიდა და სწორედაც რონალდომ თავისი მორიგი გოლი შეაგდო და "რეალი" დააწინაურა. სწრაფი გოლი მაინც შედგა.
მალევე, ასევე თავური დარტყმით რაფაელ ვარანს შეეძლო გატანა, მაგრამ იან ობლაკმა ურთულესი ბურთი აიღო. "ატლეტიკომ" პირველ ტაიმში მეტოქეს კარში ზუსტად ვერ დაურტყა. "ატლეტიკოს" ერთადერთი დარტყმა კარისკენ დიეგო გოდინისაა, როდესაც პასიურმა იანიკ ფერეირა-კარასკომ ჯარიმა გამოიმუშავა. ყველა დარტყმას ელოდა, მაგრამ ანტუან გრიზმანმა ეშმაკურად ჩააგდო საჯარიმოსა და ვარდნაში. გოდინმა, რომელიც მეტოქის მცველებს გაექცა, ზუსტად ვერ დაარტყა. ტაიმის ბოლოს "რეალმა" ტრავმის გამო დანი კარვახალი დაკარგა, რომელსაც ძალიან შთამბეჭდავი სეზონი აქვს.
კარვახალის ნაცვლად მეორე ტაიმი ნაჩომ დაიწყო. შედეგად, ფილიპე ლუიშმა ცოტა ამოისუნთქა.
"ათლეტებმა" მეორე ნახევარი უფრო ყოჩაღად დაიწყეს, მაგრამ მომენტების შექმნა ისევ არ გამოსდიოდათ. "რეალი" კი უფრო მშვიდი გახდა, დინჯი, "ზიდანური" და მომლოდინე რეჟიმზე გადაერთო. სანახაობრივმა მხარემაც მოიკლო. 73-ე წუთზე ბენზემამ ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო, წონასწორობა შეინარჩუნა და რონალდოსკენ გააგორა ბურთი და პორტუგალიელმაც მცველსა და მეკარეს აჯობა.
კრიშტიანო ამით არ დაკმაყოფილდა და 86-ე წუთზე ჰეთ თრიკი გაიფორმა - შეცვლაზე შესულმა ლუკას ვასკესმა ბურთს მიუსწრო, რონალდომ კი ოსტატურად გაიტანა. რონალდოს მონაგარი - ორი მატჩის ჯამში ხუთი გოლი "ბაიერნის" კარში და სამი ერთ ნახევარფინალურ შეხვედრაში - როგორია?
მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ და რეალობას გავუსწოროთ თვალი, თამამად ვთქვათ, რომ "ატლეტიკოში" დიეგო სიმეონეს დიდი ეპოქა დასრულდა. ჩოლო, შესაძლოა, ამ სეზონის მერე წავიდეს, მას დიდი გეგმები აქვს. "ატლეტიკო" ახალ სტადიონზე გადადის და ახალი ისტორიის წერას იწყებს. "რეალი" კი მე-12 ტიტულისკენ სვლას აგრძელებს და დიდი შანსი აქვს, პირველ კლუბად იქცეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მიჯრით ორჯერ მოიგებს.
რეალი-ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (10), 2:0 რონალდო (73), 3:0 რონალდო (86)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი (46. ნაჩო), რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (68. ასენსიო), რონალდო, ბენზემა (86. ლუკას ვასკესი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ლ. ერნანდესი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, საული (58. გაიტანი), კოკე, ფერეირა-კარასკო (68. ა. კორეა) - გამეირო (57. ფ. ტორესი), გრიზმანი
მაყურებელი: 77 609
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"