* ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჯერ არავის აღმოუფხვრია ორ გოლში ჩამორჩენა საშინაო მატჩის შემდეგ.
* ევროთასების ნახევარფინალებში "იუვენტუსმა" შინ 11 მატჩი ითამაშა და აქედან 9 მოიგო და 2 წააგო.
* "მონაკომ" ევროთასების ნახევარფინალებში სამჯერ ითამაშა საგარეო მატჩი და ვერც ერთი ვერ მოიგო.
* "იუვენტუსმა" მოიგო 11-ვე 2-მატჩიანი დაპირისპირება ევროთასებზე ფრანგულ გუნდებთან, მათ შორის, "მონაკოსთან" 1997/98 წლების სეზონში ლიგის ნახევარფინალში და 2014/15 წლების სეზონში ლიგის მეოთხედფინალში.
დღეს ჩვენ
"მონაკო" ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა - გუნდი ბრწყინვალედ თამაშობს, ახლოსაა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულთან, სადაც თვით "პარი სენ-ჟერმენს" სჯობნის, ითამაშა ორი ადგილობრივი ფინალი (საფრანგეთის თასი და ლიგის თასი), გაიტანა უამრავი გოლი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
"მონაკოს" ჰყავს ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელი, პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმი და ჰყავს მსოფლიოში ყველაზე სასურველი ახალგაზრდა ფეხბურთელი კილიან მბაპე, ვინც დღე-დღეზე მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდის საკუთრება უნდა გახდეს სარეკორდო თანხად. ასე რომ, ეჭვიც არავის გაუჩნდეს - საფრანგეთის სახელით მოთამაშე ჯუჯა-სახელმწიფოს გუნდი უბრძოლველად არაფერს დათმობს. სხვა საქმეა, რას მოუტანს ეს ბრძოლა ჟარდიმის გუნდს "იუვენტუს არენაზე".
ისტორია და სტატისტიკა ვახსენეთ და მართლაც, ჯერ არ მომხდარა ლიგის ნახევარფინალში, რომ ვინმეს ორგოლიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრას. მეტიც, "მონაკოს" ნახევარფინალურ ეტაპზე სტუმრად საერთოდ არ მოუგია და ამ გუნდს არასოდეს უმარჯვია იტალიაში - 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი არ წააგო (ფრედ ითამაშა). აი, როგორც ხედავთ, "მონაკო" თითქოს, უშანსოდ ჩანს.
"მონაკოს" დავალება მართლაც მძიმე ჩანს - მან უნდა გაუტანოს სულ მცირე, 2 გოლი სტუმრად გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მთელ სეზონში 2 გოლზე მეტი არ გაუშვა, თან, თავის კარში არ უნდა მიიღოს არც ერთი გოლი. "მონაკოს" შემტევი პოტენციალი მთელმა ევროპამ აღიარა, მაგრამ ასეთი ძლიერი შეტევის ხაზისთვისაც კი ძნელად შესასრულებელი ამოცანა გვგონია ის, რაც "მონაკოს" ფინალში გაიყვანს. თან გავიხსენოთ, რომ ამ სტადიონზე მასპინძელ გუნდს ევროპაში უკვე 4 წელზე მეტია არ წაუგია.
საკადრო პრობლემები არც ერთ გუნდს არ აქვს, დიდი ხანია, რაც "მონაკოს" ბოშილია აკლია და მის გარეშე თამაშს მიჩვეულია, ხოლო პიაცა და რუგანი "იუვენტუსში" ისედაც არ ირიცხებოდნენ სასტარტო შემადგენლობის წევრებად. ჯიჯი ბუფონი ევროთასებზე 101-ე მატჩს ატარებს და ის არც ამჯერად აპირებს თინეიჯერი კილიან მბაპესგან გოლის გაშვებას. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ბუფონმა მაისურა გაუცვალა სწორედ მბაპეს.
I მატჩში
გავიხსენოთ "ლუი მეორეზე" გამართული მატჩის პერიპეტიები - ალბათ, არ ვიქნებით მტყუანები, თუ ვიტყვით, რომ "იუვენტუსმა" მეტოქეს ფეხი არ გაანძრევინა. თავად კი მეთოდურად შეუდგა საქმეს, რაც გონსალო იგუაინის დუბლში აისახა - 2:0.
პრესკონფერენცია
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მონაკოს" დასაკარგავი არაფერი აქვს. მეტოქე ალბათ, თავისუფლად ითამაშებს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და მომენტებსაც შექმნის, რადგან გუნდში ბევრი ტალანტი ირიცხება. განსაკუთრებით ეს მათ შემტევ ხაზზე ითქმის. "იუვენტუსმა" ამას აგრესიული თამაშით უნდა უპასუხოს და აუცილებლად დაისახოს თამაშში გამარჯვება და არა მიღწეულის შენარჩუნება. ჩემი აზრით, უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე მონაკოში, რადგან იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვით, რაც აღარ უნდა გავიმეოროთ. პირველი მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამ დუელის სულ მცირე, 90 წუთი ჯერ კიდევ წინაა. კიდევ 90 წუთი გვაშორებს კარდიფს, სადაც ლიგის ფინალი გაიმართება". ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "უნდა შევუტიოთ და არ უნდა ვიფიქროთ არაფერზე, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამით კიდევ უფრო დავზარალდებით. პირველ მატჩში ჩვენც იმდენჯერ დავარტყით კარში, რამდენჯერაც "იუვენტუსმა", მაგრამ ხომ ხედავთ, მათი დარტყმები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, "იუვე" უფრო დაღვინებული გუნდია, ვიდრე "მონაკო", მაგრამ პირველი მატჩი წავაგეთ იმიტომ, რომ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ.
გვსურს, რაც შეიძლება დიდხანს დაგვრჩეს იმედი ფინალში გასვლის. იმისთვის, რომ ოცნება ავისრულოთ, დიდებულად უნდა ვითამაშოთ. ისე კი, მნიშვნელობა არა აქვს სამშაბათის მატჩის შედეგს, მე ჩემი ფეხბურთელების თამაშით ამ სეზონში უკვე ძალიან ამაყი ვარ".
გასულ უქმეებზე
ტურინის "იუვენტუსს" მძიმე მატჩი ჰქონდა შინ - ტურინული დერბი და... წაგებას გადაურჩა. ადემ ლიაიჩის საჯარიმოს წყალობით "ტორინო" იმარჯვებდა, მაგრამ 92-ე წუთზე გონსალო იგუაინი "ბებერ ქალბატონს" მხსნელად მოევლინა - 1:1. ასეა თუ ისე, "იუვემ" ჩემპიონატში გამარჯვებათა შესანიშნავი სერია მაინც შეწყვიტა, არადა, ეს სერია 2015 წლის სექტემბრიდან გრძელდებოდა.
"მონაკო" სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნანსის" შეხვდა და 3:0 მოუგო. ამით ჟარდიმის გუნდი ძალზე მიუახლოვდა ტიტულს. პირველ ტაიმში მასპინძელთა ავტოგოლს ბერნანდო სილვას თავური მოჰყვა. მეორე ტაიმში კი თავი თომა ლემარმა გამოიჩინა.
სამშაბათი. 9 მაისი
იუვენტუსი-მონაკო 22:45 (2:0)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიაცა, რუგანი - ბოშილია
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა - დანი ალვეში, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - მენდი, ჟემერსონი, გლიკი, სიდიბე - ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი - მბაპე, ფალკაო
ურთიერთშეხვედრები: 5 თამაში: +3=1-1 (9:4)
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"