ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. ატლეტიკო-რეალი: და მაინც, საოცნებო ფინალი... [VIDEO]

AutoSharing Option
* 3 ივნისს კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან.

* "ვისენტე კალდერონმა" უკანასკნელად უმასპინძლა ევროთასების მატჩს.

* მადრიდის "რეალი" ევროთასებზე მე-19 ფინალს ითამაშებს. ეს ახალი რეკორდია. "სამეფო კლუბმა" "ბარსელონას" გაუსწრო - 18 ფინალი.

* მადრიდის "რეალმა" "ბაიერნის" რეკორდი გაიმეორა - ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 61-მატჩში შეძლო გოლების გატანა.

თამაში "ატლეტიკოსა" და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის იდეალურად დაიწყო - მასპინძლებმა სწრაფ გოლზე ითამაშეს და არათუ ერთი, ერთბაშად ორი გოლი შეაგდეს - მატჩის მე-12 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ატლეტიკომ" კუთხური ჩააწოდა,
საულმა კი ბურთს თავი დაჰკრა და ბადეში გაახვია - 1:0. ამ ეპიზოდიდან 4 წუთი იყო გასული, როდესაც ფერნანდო ტორესმა თერთმეტმეტრიანი მოინადირა, ანტუან გრიზმანმა კი უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად აქცია და "ატლეტიკო" ორი ბურთით დააწინაურა.

ასეთ დასაწყისს "ატლეტიკოს" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივრებიც ვერ წარმოიდგენდნენ - ორი მატჩის ჯამში, ანგარიში 3:2 გახდა და დიეგო სიმეონეს გუნდს ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა...

თუ პირველ 20 წუთში "ატლეტიკო" დიდი ძალებით უტევდა და შესაბამისად, დაცვაში ზომები მოშიშვლებული ჰქონდა, ორი გატანილი გოლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა - მასპინძლებმა სწრაფი გოლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს და, რა გასაკვირია, რომ შემდეგ დაცვა გაამაგრეს - სიმეონეს გუნდისთვის მეორე ნომრად თამაში კომფორტულია და როდესაც წინ მთელი 70 წუთია, კონტრშეტევებითაც შეიძლება ერთი და მეტი გოლის გატანაც...

მოკლედ, "ატლეტიკოსთვის" ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ თამაშს გასდევდა ფონი, რომ "რეალის" ერთი გოლი და ყველაფერი სრულდებოდა - "რეალის" ერთი გოლი და ასე მოულოდნელად გაჩენილი ინტრიგა ისევ გაქრებოდა. "რეალი" კი ის გუნდია, უგოლოდ რომ მოედანს არ ტოვებს...

მოსახდენი 42-ე წუთზე მოხდა - ქარიმ ბენზემამ მარცხენა ფრთაზე გაინავარდა, ერთი მეტრის დისტანციაზე სამი მცველი საოცრად "მოტეხა" და მახვილი კუთხიდან კარს მიუახლოვდა, შემდეგ კი უზუსტესი პასით ტონი კროოსი მოძებნა - გერმანელის ძლიერი დარტყმის შემდეგ ობლაკმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და მოიგერია ბურთი, თუმცა დამატებაზე ისკომ ივარგა და ბურთი კარში შეაგდო - 2:1. ამ ეპიზოდში სრულად ჩავარდა "ატლეტიკოს" დაცვა - ჯერ იყო და ბენზემამ გააბითურა სამი მცველი და შემდეგ ისკომ დაასწრო ასევე სამ მეტოქეს. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" დაცვაში ასე ცუდად იშვიათად თამაშობს - ეს იყო შეცდომა, რომელიც გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდა და ეს იყო შეცდომა, რომელმაც ორმატჩიან დუელში "რეალს" გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მოედანზე ემოციები დუღდა და გადმოდუღდა - ფეხბურთელებს შორის არაერთხელ დაიძაბა ვითარება, მსაჯმა კი 6-ჯერ ამოიღო ჯიბიდან ყვითელი ბარათი. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეორე ნახევარში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდებოდა, მაგრამ "რეალის" გოლმა და შესვენებამ ვნებები შედარებით დააცხრო...

მეორე ნახევარში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა უფრო მწვავედ "ატლეტიკო" უტევდა - მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ გოლის გატანა, ერთ ეპიზოდში კი "რეალი" კეილორ ნავასმა იხსნა აშკარა გოლისგან - კოსტარიკელმა მეკარემ ჯერ კარასკოს აუღო ურთულესი დარტყმა, შემდეგ კი გამეიროს არ მისცა დამატებაზე გატანის საშუალება; ეს იყო ბოლო შანსი, რომ "ატლეტიკო" კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო თამაშში, თუმცა ეს შანსი მეტოქეს ნავასმა მოუსპო. დარჩენილ დროში კიდევ შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა ნათელი იყო რომ "რეალი" საბოლოო გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდა.

"სამეფო გუნდი" კიდევ ერთხელ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და აქვს შანსი, რომ აქამდე არნახულ შედეგს მიაღწიოს და პირველად ისტორიაში, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორჯერ ერთმა გუნდმა მოიგოს.

წინ დიდი მატჩი გველოდება: 3 ივნისს, კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან - ერთ მხრივ, გუნდი, რომელიც გოლის გარეშე მოედანს არ ტოვებს და მეორე მხრივ, გუნდი, რომლის კარშიც გოლის გატანა ურთულესი საქმეა - წინ გრანდიოზული ჯახია...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-რეალი 2:1 (0:3)
გოლები: 1:0 საულ ნიგესი (12), 2:0 გრიზმანი (16-პენ), 2:1 ისკო (42)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხიმენესი (57. თომასი), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო, გაბი, საულ ნიგესი, კოკე (76. ა. კორეა) - გრიზმანი, ფ. ტორესი (56. გამეირო)
რეალი (4-3-1-2): ნავასი - დანილო, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (77. ლ. ვასკესი), კროოსი - ისკო (88. მორატა) - რონალდო, ბენზემა (77. ასენსიო)
მაყურებელი: 53 422

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ბინძურური თამაშით ატლეტიკო ცდილობდა ფონს გასვლას. 3-ჯერ იყვნენ გასაგდები მათი ფეხბურთელები.
კიკა
11:36 11-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული