ბაიერნი-მანჩესტერ სიტი
„ბაიერნს“ საქმეები იდეალურად მისდის. „ლევერკუზენთან“ 3:0 რეკორდმაისტერისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო. ლაზარეთიდან დაბრუნებული რობენის გოლმა მიუნხენელი ქომაგების გემრიელ ვახშამს მარილიც მოაყარა და ერთადერთი ამბავი, რის გამოც იმ საღამოს მიუნხენური გრანდისთვის მთლად სრულყოფილს ვერ დავარქმევთ, ბრენოს ეჭვმიტანილობაა. მიუხედავად ამისა: „მას მერე, რაც „ბაიერნში“ ვთამაშობ, ეს გუნდი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა!“ - თქვა ფრანკ რიბერიმ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფის უმთავრეს კონკურენტ „მანჩესტერ სიტის“ სწორედ საუკეთესო დროს მასპინძლობს. ამასთან, არც რობერტო
აღსანიშნავია, რომ „სიტის“ ფორმით ძალიან კარგად გამოიყურებიან სილვა და ნასრიც. „ბაიერნის“ მცველ ჟერომ ბოატენგისთვის დღევანდელი მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის რეკორდმაისტერში სწორედ „სიტიდან“ გადავიდა. სხვათა შორის, თავის დროზე „სიტიში“ თამაშობდა „ბაიერნის“ მეორე მცველი დანიელ ვან ბუიტენიც.
ნაპოლი-ვილიარეალი
„ნაპოლიმ“ პირველ ტურში მანჩესტერიდან ქულა წაიღო, რამაც სამხრეთ იტალიელები მაგრად გაახარა, მაგრამ სერია A-ში ბოლო ორი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულის აღება (წაგება „კიევოსთან“, ფრე „ფიორენტინასთან“) ვალტერ მაძარის ნამდვილად არ გაახარებდა. აკი, ამბობს კიდეც „ნაპოლის“ თავკაცი, ჩემპიონთა ლიგის დატვირთვა იტალიის ჩემპიონატში მინიმუმ ათ ქულას წაგვართმევსო.
დღეს „სან პაოლოზე“ ჩემპიონთა თასის მატჩი 21-წლიანი (!) პაუზის შემდეგ ჩატარდება - ნეაპოლელები ჩემპიონთა თასისთვის ბოლოს დიეგო მარადონასთან ერთად იბრძოდნენ. მეტოქე „ვილიარეალთან“ კი „ნაპოლის“ შარშანდელი ანგარიში აქვს გასასწორებელი - წინა სეზონში ნეაპოლელები ევროპის ლიგიდან სწორედ ვილიარეალელებმა დაიფრინეს.
B ჯგუფი
ცსკა-ინტერი
„ინტერს“ მწვრთნელის შეცვლამ უშველა: გაგდებული გასპერინის ნაცვლად დანიშნული რანიერის ხელში „ნერაძურიმ“ ამ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა - 3:1 „ბოლონიასთან“. „ინტერს“ ახლა ჩემპიონთა ლიგაში აქვს მდგომარეობა გამოსასწორებელი, რადგან გასპერინის დროს გუნდმა პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე „ტრაბზონსპორთან“ წააგო (0:1). შესაბამისად, მილანური გრანდისთვის მოსკოვის ცსკა-სთან გასვლით მატჩში მინიმუმ წაგება დაუშვებელია. არადა, ჩემპიონთა ლიგიოს 2010 წლის გამარჯვებულს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს: ტრავმირებულები, სნეიდერი და სტანკოვიჩი რუსეთში არც წასულან.
ტრაბზონსპორი-ლილი
„ლილმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში ისევ ქულები დაკარგა (1:1 ლორიანთან) და ზედიზედ მეოთხე ოფიციალური მატჩი დაასრულა ფრედ. ფრანგებს დღეს ტრაბზონში სერიოზული გამოცდა ელით: მილანიდან სამი ქულის წაღების გამო გადარეული ტრაბზონელები ეიფორიაში არიან და ფაქტია, რომ სტადიონზე გრანდიოზული საფეხბურთო ატსმოსფერო იქნება. აღსანიშნავია, რომ „ტრაბზონსპორს“ წამყვანი თავდამსხმელი რობერტ ვიტეკი აკლია.
c ჯგუფი
მანჩესტერ იუნაიტედი-ბაზელი
სერ ალექს ფერგიუსონმა ისევ როტაციას უნდა მიმართოს, რადგან რუნი ნაღდად ვერ ითამაშებს, ჩიჩარიტოს ასპარეზობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. რადგან „სტოკთან“ ოუენი და ბერბატოვი მაგრად დაიტვირთნენ, გამორიცხული არაა, რომ ფერგიმ სასტარტოში ახალგაზრდა ველბეკი ათამაშოს. მით უმეტეს, რომ „ბაზელი“ „იუნაიტედისთვის“ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს - თანაც, ცუდ ფორმაში მყოფი ბაზელი: ტორსტენ ფინკის შეგირდები შვეიცარიის ჩემპიონატში ლიდერ „ლუცერნს“ უკვე 10 ქულით ჩამორჩებიან.
ოცელული-ბენფიკა
დორინელ მუნტეანუ და ლისაბონის „ბენფიკას“ დიდი მონდომებით ელიან - „ოცელულისთვის“ ეს ჩემპიონთა ლიგაში პირველი საშინაო მატჩია. „ბენფიკამ“ გასულ უქმეებზე „პორტუსთან“ მძიმე ბრძოლა (2:2) გადაიტანა.
D ჯგუფი
რეალი-აიაქსი
„რეალისა“ და „აიაქსის“ დაპირისპირება, მიუხედავად ამ უკანასკნელის აშკარა სისუსტისა, მაინც „ჰაილაითია“ - მადრიდელებს ჩემპიონთა თასი 9-ჯერ აქვთ მოგებული, ამსტერდამელებს კი - 4-ჯერ. მოურინიოს შეგირდები ბოლო დროს ვერ დგანან მოწოდების სიმაღლეზე და „რაიო ვალეკანოსთანაც“ (6:2) მოსალოდნელზე დიდხანს ინერვიულეს. ჟოზეს კი მადრიდში უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებენ. გასულ სეზონში „რეალმა“ „აიაქსს“ ჯგუფში ორივე თამაში მოუგო.
ლიონი-დინამო (ზ)
„ლიონი“ საფრანგეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და ცხრილს პსჟ-სთან ერთად ლიდერობს. გოლეადორი გომისი კი შესანიშნავ ფორმაშია და 6 გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. ასე რომ, ლიონელებს ზაგრების „დინამოსთან“ სამი ქულის აღება აქვთ დაგეგმილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"