ჩემპიონთა ლიგის განცდები და რეაქციები სამშაბათის მატჩების მიმოხილვაში:
A ჯგუფი
ბაიერნი-მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 გომესი (38), 2:0 გომესი (45)
ბურთის ფლობა: 54%:46%; დარტყმები: 21:10; კუთხურები: 3:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
აუცილებელი სულაც არაა, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე ბრწყინავდე იმისათვის, რომ
გომესის პირველ გოლამდე კი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები უფრო აქტიურობდნენ და მსაჯი "სიტის" მიმართ ოდნავ მეტი სიმპატიებით რომ ყოფილიყო განმსჭვალული, რობერტო მანჩინის გუნდი ორ პენალტს დაარტყამდა: ჟერომ ბოატენგი ჯერ სილვასთან, მერე კი რიჩარდსთან ორთაბრძოლებში არღვევდა წესებს.
მიუხედავად გომესის დუბლისა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ფრანკ რიბერი გახლდათ, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და ზემოთ სულ სხვა კონტექსტში ხსენებულ რიჩარდსს სიცოცხლე გაუმწარა.
"თავიდან ცოტას ვნერვიულობდით, არადა სანერვიულო მართლა არაფერი იყო. არ ვიცი და ვერაფრით ავხსნი, რატომ დავიწყეთ თამაში ასე ცუდად. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენი მწვრთნელი ისევ ლუის ვან გაალი რომ ყოფილიყო, შესვენებამდე შემცვლიდა და გოლებს ვეღარ გავიტანდი. იუპ ჰაინკესმა კი მოედანზე დამტოვა და შედეგიც სახეზეა," - თქვა მატჩის შემდეგ გომესმა.
ნაპოლი-ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ჰამშიკი (15), 2:0 კავანი (17-პენ)
ბურთის ფლობა: 48%:52%; დარტყმები: 9:19; კუთხურები: 2:5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ესეკილ ლავეცი (ნაპოლი)
ნეაპოლში დიდი ფეხბურთი უდიდესი ზეიმით დაბრუნდა: "ნაპოლიმ" სამი ქულა აიღო. "ვილიარეალი" კი, ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილზეა, თანაც, 0 ქულით. არადა, ესპანელებს "სან პაოლოზე" ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ნილმარმა, როსიმ და კამუნიასმა მორგან დე სანკტისს გოლები ვერაფრით გაუტანეს.
ვალტერ მაძარის შეგირდები კი მომენტების გამოყენების თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ: ჯერ მარეკ ჰამშიკმა გაიტანა, რადგან "ვილიარეალის" დაცვის ხაზს ჩაეძინა, მერე კი ედინსონ კავანიმ გარდასახა პენალტი, რომელიც გონსალოს ბრალეულობით დაინიშნა. ტაბლოზე 2:0 მე-17 წუთიდან ენთო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვილიარეალს" თამაშის გადასარჩენად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, მაგრამ ესპანელები გადამწყვეტ მომენტში სცოდავდნენ.
"ეს საოცარი სტადიონია, ნეაპოლელი ხალხი კი განსაკუთრებულია. ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ თავში არ უნდა აგვივარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ," - ეს ჰამშიკის სიტყვებია.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 4-0 6
2. ნაპოლი 2 1 1 0 3-1 4
3. მანჩესტერ სიტი 2 0 1 1 1-3 1
4. ვილიარეალი 2 0 0 2 0-4 0
B ჯგუფი
ცსკა-ინტერი 2:3
გოლები: 0:1 ლუსიო (6), 0:2 პაცინი (23), 1:2 ძაგოევი (45), 2:2 ვაგნერ ლავი (77), 2:3 სარატე (79)
ბურთის ფლობა: 57%:43%; დარტყმები: 13:14; კუთხურები: 7:6
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუსიო (ინტერი)
როცა ლუსიო გოლს იტანს, რანიერი თამაშს იგებს! გასულ უქმეებზე, "ინტერის" ახალი მწვრთნელისთვის სადებიუტო მატჩშიც ბრაზილიელმა მცველმა იხეირა და "ნერაძურიმ" "ბოლონიას" 3:1 მოუგო, ახლა კი, ლუსიომ მოსკოვშიც გაიტანა და "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაში პირველი სამი ქულა აიღო, რაც "ტრაბზონსპორთან" საკუთარ მოედანზ განცდილი კრახის (0:1) შემდეგ იტალიური გრანდისთვის სავალდებულოზე მეტი იყო.
ცსკა-ს, ისევე, როგორც "ლილთან", პირველ ტაიმში ამჯერადაც ეძინა, რითაც მილანელებმა ძალიან კარგად ისარგებლეს და 2:0-ს იგებდნენ. სამაგიეროდ, ისევე, როგორც "ლილთან", სეიდუ დუმბიამ და კომპანიამ მეორე ტაიმში მოინდიომეს და შედეგიც მოიმკეს: ჯერ ძაგოევმა, მერე კი ვაგნერ ლავმა მოსკოველები თამაშში დააბრუნეს და ბევრი იფიქრებდა, რომ "ლილთან" მატჩის ისტორია მეორდებოდა.
ის, რომ "ინტერმა" თამაში მაინც მოიგო და თანაც, ცოტა არ იყოს, იღბლიანად, მაურო სარატეს დამსახურებაა, რომელმაც "ნერაძურის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა და "ტრაბზონსპორთან" შერცხვენილ მილანურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაში პირველი სამი ქულა მოუტანა, ცსკა კი ერთი ქულის ამარა დატოვა.
ლუსიო (ინტერი): "ინტერის" ფორმით ზედიზედ ორ მატჩში გოლი აქამდე არასდროს გამიტანია. მას მერე, რაც გერმანიიდან წამოვედი, ეს პირველად მოვახერხე. მოსკოვში ძალიან კარგად ვითამაშეთ და დავამტკიცეთ, რომ პირველ ტურში განცდილი კრახი ალოგიკური იყო."
ტრაბზონსპორი-ლილი 1:1
გოლები: 0:1 სოუ (30), 1:1 კოლმანი (75-პენ)
ბურთის ფლობა: 55%:45%; დარტყმები: 6:7; კუთხურები: 2:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გუსტავო კოლმანი (ტრაბზონსპორი)
"ტრაბზონსპორის" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საშინაო მატჩი ამ გუნდისთვის და მისი ქომაგებისთვის უდიდესი ზეიმი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც - ერთი ეგაა, რომ თურქულმა კლუბმა "ლილს" ტრაბზონში სამი ქულა ვერ დაატოვებინა, თორემ სხვამხრივ ზეიმი შედგა. მეტიც: თურქები სასურველ უპირატესობას ვერ ფლობდნენ. მართალია, ბურთს უმეტესად ტრაბზონელები აკონტროლებდნენ, მაგრამ "ლილის" კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იყო. თურქები კი ფრანგებს უხეშობებით პასუხობდნენ. ანგარიში სოუმ ედენ ჰაზარდის ბრწყინვალე პასით გახსნა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა სირბილსაც უმატეს და უხეშობებსაც, გოლი კი მხოლოდ იმიტომ გაიტანეს, რომ მატიო დებუშის არ სცოდნია, ბურთის ხელზე შემთხვევით მოხვედრის დროსაც რომ ინიშნება ხოლმე პენალტები. თერთმეტმეტრიანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა გუსტავო კოლმანმა გოლად აქცია, რის შემდეგაც თურქებს კიდევ მიეცათ გოლის გატანისა და თამაშის მოგების შანსი, მაგრამ საბოლოოდ ქულას დაყაბულდნენ. თუმცა ორი ტურის შემდეგ თურქული კლუბი ცხრილში მაინც პირველ ადგილზეა...
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტრაბზონი 2 1 1 0 2-1 4
2. ინტერი 2 1 0 1 3-3 3
3. ლილი 2 0 2 0 3-3 2
4. ცსკა 2 0 1 1 4-5 1
C ჯგუფი
მანჩესტერ იუნაიტედი-ბაზელი 3:3
გოლები: 1:0 უილბეკი (16), 2:0 უილბეკი (17), 2:1 ფ. ფრაი (58), 2:2 ა. ფრაი (60), 2:3 ა. ფრაი (76-პენ), 3:3 იანგი (90)
ბურთის ფლობა: 50%:50%; დარტყმები: 14:14; კუთხურები: 3:3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფაბიან ფრაი (ბაზელი)
"ოლდ ტრეფორდი" ახდენილი ოცნებების სტადიონი კინაღამ "ბაზელისთვის" გახდა, თუმცა ის, რაც გუშინწინ მანჩესტერში მოხდა, შვეიცარიული კლუბისთვის მაინც ახდენილი ოცნებაა. "ბაზელის" ფეხბურთელები მანჩესტერში იმ იმედით ჩავიდნენ, რომ კარგად ითამაშებდნენ და დიდი ანგარიშით არ წააგებდნენ და უდიდეს სენსაციამდე წამები დააკლდათ!
მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით: პირველ ტაიმში შეხვედრის ფავორიტი აშკარად დომინირებდა, მანკუნიანელები სწრაფი გარემარბების, ეშლი იანგისა და ანტონიო ვალენსიას წყალობით "ბაზელის" დაცვის ფლანგებს აწიოკებდნენ. მე-16 და მე-17 წუთებზე რუნის შემცვლელმა უილბეკმა გოლებიც გაიტანა და ერთი სიტყვით, "იუნაიტედის" გამარჯვება, თანაც სოლიდური ანგარიშით ეჭვს არ იწვევდა. მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ფერგიუსონის ბიჭებმა აღარ მოინდომეს და მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ფიქრი, მაგრამ ფაქტია, რომ შეტევაში დიდად აღარ იკბინებოდნენ.
სწორედ მაშინ იგრძნეს შვეიცარიელებმა, რომ თამაში წაგებული არ იყო. მეორე ტაიმში განსაკუთრებით ალექსანდერ და ფაბიან ფრაიებმა მოუმატეს, რასაც შედეგიც მოჰყვა: "ბაზელმა" ხსენებული მოგვარეების გოლებით ანგარიში 2 წუთში გაათანაბრა.
71-ე წუთზე კი ალექს ფრაიმ სულაც მესამედ აიღო "მანჩესტერის" კარი და "ოლდ ტრეფორდზე" უდიდესი სენსაციის სუნი დადგა. ცხადია, მანკუნიანელები შვეიცარიელთა საჯარიმოს გადარეულებივით მიაწყდნენ და საბოლოოდ ქულა მაინც გადაარჩინეს, მაგრამ: 2 ქულა 2 ტურის შემდეგ - ფაქტია, რომ ფერგიუსონს ყველაფერი ასე არ ჰქონდა დაგეგმილი.
"მეორე ტაიმში ზედმეტად მშვიდად ვიყავით, კონცენტრაციის დაკარგვა კი კინაღამ ძვირად დაგვიჯდა. მეტიც: მეორე ტაიმში ყველაფერი ფეხებზე დავიკიდეთ, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი ეს არ ეკადრება. საბოლოოდ, ერთი ქულისთვისაც კი დაუნდობელი ბრძოლა მოგვიხდა. კარგი მხოლოდ ის არის, რომ ასეთი რამ ახლა დაგვემართა და ეს მატჩი ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. ჩემპიონთა ლიგაში კონცენტრაცია არათუ მთელი 40 წუთით, არამედ ერთი წუთითაც არ უნდა დაკარგო," - განრისხებული იყო მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" თავკაცი.
ოცელული-ბენფიკა 0:1
გოლი: 0:1 ბრუნო სეზარი (40)
ბურთის ფლობა: 35%:65%; დარტყმები: 7:16; კუთხურები: 1:8
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბრუნო სეზარი (ბენფიკა)
რუმინელები, რომლებიც ევროტურნირზე 23-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობენ, ამ ჯგუფში აუტსაიდერები არიან და სამწუხაროდ, ზუსტად ისე თამაშობენ, როგორც აუტსაიდერს ეკადრება.
მართალია, "ოცელული" თავის მშობლიურ ქალაქში, გალაცში არ თამაშობდა (ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ბუქარესტში უნდა მიიღოს), ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მთელი რუმინეთი ამ გუნდს ქომაგობდა, მაგრამ დორინელ მუნტეანუს შეგირდებმა მაინც თავის ნახევარზე ჩაკეტვა გადაწყვიტეს 0:0-იან ქულაზე ოცნებობდნენ.
"ბენფიკას" ბურთის ფლობისა და კონტროლის უფლება მიეცა, თუმცა ლისაბონელებმა "ოცელულს" ერთზე მეტი მაინც ვერ გაუტანეს. ამრიგად, ამ ჯგუფში დაძაბულ ბრძოლას "ბენფიკასა" და "ბაზელს" შორის ველით და აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიელებმა შეიძლება ინანონ, "ოცელულთან" გასვლით მატჩში 1:0-ზე უკეთესი სხვაობა რომ ვერ დააფიქსირეს.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაზელი 2 1 1 0 5-4 4
2. ბენფიკა 2 1 1 0 2-1 4
3. მანჩესტერ იუნაიტედი 2 0 2 0 4-4 2
4. ოცელული 2 0 0 2 1-3 0
D ჯგუფი
ლიონი-დინამო (ზ) 2:0
გოლები: 1:0 გომისი (23), 2:0 ბაკარი კონე (42)
ბურთის ფლობა: 54%:46%; დარტყმები: 18:9; კუთხურები: 5:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კლემენ გრენიე (ლიონი)
"ლიონის" ფეხბურთელებმა ყურადღება პირველ რიგში იმის გამო მიიქციეს, რომ ახალი, ვარდისფერი ფორმები ეცვათ. რაც შეეხება თამაშს: თამამად უნდა ვთქვათ, რომ ფრანგებმა ხორვატებს მოედანზე არაფერი გააბედინეს.
"ლიონი" თავიდანვე დომინირებდა, პირველივე ტაიმი დამაჯერებლად მოიგო და მეორე ნახევარში ანგარიში ისე შეინარჩუნა, ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებს ერთხელაც არ გაუჩნდებოდათ იმის იმედი, რომ ქულას მაინც გადაარჩენდნენ. მოკლედ, "ლიონმა" "დინამოსთან" მოგებით საშინაო დავალება უნაკლოდ შეასრულა.
რეალი-აიაქსი 3:0
გოლები: რონალდო (25), 2:0 კაკა (41), 3:0 ბენზემა (49)
ბურთის ფლობა: 48%:52%; დარტყმები: 12:11; კუთხურები: 1:6
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კაკა (რეალი)
ჟოზე მოურინიო წინა სეზონიდან გადმოყოლილი დისკვალიფიკაციის გამო "რეალის" თამაშს ისევ ვერ დაესწრო (სხვათა შორის, ამ მატჩით დისკვალიფიკაცია ამოეწურა კიდეც), მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჟოზემ ტელევიზორთანაც მაგრად ისიამოვნა.
ჯერ ერთი, "სამეფო გუნდმა" მორიგი სამი ქულა აიღო და მადრიდელებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ (ნერვიულობა არც ადრე ეტყობოდათ, მაგრამ მაინც) და მეორე მხრივ, "რეალის" ორმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ მოედანზე ერთად ყოფნის დროს ერთმანეთს ხელს კი არ უშლიან, პირიქით, ჰარმონიულად კომბინირებენ.
საუბარია კაკასა და მესუთ იოზილზე. ბრაზილიელმა და გერმანელმა ერთად მიხედეს ფლეიმეიქინგს და კრიშტიანო რონალდოსთანაც მშვენიერ კომბინაციებს ათამაშებდნენ. "აიაქსი" თავიდან მართლა ნორმალურად თამაშობდა, ახალგაზრდა კრისტიანმა ერიკსენმა დაამტკიცა, რომ მართლა ნიჭიერი ფეხბურთელია და შეუძლია, დიდი ვარსკვლავი გახდეს, მაგრამ მეტი არც არაფერი: საბოლოო ჯამში "რეალმა" მარტივად მოიგო.
მეორე ტაიმში ჩასანიშნი ბევრი აღარაფერი მომხდარა:ცხადია, უნდა აღინიშნოს ქარიმ ბენზემას გოლი და ამასთან ერთად ის, რომ "რეალში" ჰამით ალთინთოფის დებიუტი შედგა. ამ უკანასკნელს მადრიდელთა რიგებში მანამდე ამხანაგურ მატჩშიც კი არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რადგან "ბაიერნიდან" მადრიდში გადასვლის შემდეგ, ტრავმირებული იყო. ახლა კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ცოტა ირბინა და ამითაც მაგრად გაიხარა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 4-0 6
2. ლიონი 2 1 1 0 2-0 4
3. აიაქსი 2 0 1 1 0-3 1
4. დინამო (ზ) 2 0 0 2 0-3 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"