რემი გარდი: ერთზე მეტი გოლი ვერ გავიტანეთ და იმედია, ამას საპასუხო მატჩში არ ვინანებთ

AutoSharing Option
ნიქოზიის აპოელ-ი საფეხბურთო ევროპის გაოცებას განაგრძობს. მხოლოდ 0:1 "სტად ჟერლანზე" და მეოთხედფინალში გასვლის მართლა რეალური შანსი " კვიპროსელები აპლოდისმენტებს იმსახურებენ.

"ლიონი" მეტოქეს სჯობდა და ცოტა მეტი იღბლიანობა რემი გარდის გუნდს მეოთხედფინალის საგზურს პირველივე მატჩის შემდეგ გაუნაღდებდა, მაგრამ საქმე სწორედ ცოტაოდენ უიღბლობაშია. 1:0 კი ის ანგარიშია, რომელიც "ლიონის" ფეხბურთელებს საპასუხო მატჩის წინა ღამეს მშვიდად ვერ დააძინებს.

ერთადერთი გოლის ავტორი ლაკაზეტია, რომელმაც კრისის პასით 58-ე წუთზე იხეირა და მასვე კიდევ ორჯერ შეეძლო ქიოტისის კარის
დალაშქვრა. "ლიონმა" აპოელ-ი პირველ ტაიმშიც საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და სცენარი არც შეხვედრის მეორე ნახევარში შეცვლილა, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ფრანგები უფრო დიდი ანგარიშით მოგებას ნამდვილად იმსახურებდნენ.

რემი გარდი (ლიონის მწვრთნელი): "სამწუხაროდ, ერთზე მეტი გოლი ვერ გავიტანეთ და იმედია, ამას საპასუხო მატჩში არ ვინანებთ. ნიქოზიაში როლებს გავცვლით: მეტოქე იძულებული იქნება, შემოგვიტიოს, ჩვენ კი კონტრშეტევებზეც შეგვიძლია გოლების გატანა."

ივან იოვანოვიჩი (აპოელ-ის მწვრთნელი): "ჩემმა ბიჭებმა დღეს მაქსიმუმი გაიღეს და მაგრად იბრძოლეს " მადლობა მათ. წინ საპასუხო შეხვედრაა, რომელშიც კიდევ ერთხელ უნდა მოვიკრიბოთ ძალები და თავდაუზოგავად უნდა ვიბრძოლოთ. "ლიონი" ფავორიტია, მაგრამ ჩვენი შანსი იმაშია, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული