ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მილანმა" "არსენალი" განაიარაღა! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ეს იყო ბრწყინვალე, თითქმის იდეალური "მილანი", რომელმაც "არსენალი" სასტიკად დაჩაგრა. მასიმილიანო ალეგრის ბიჭები პირველიდან ბოლო წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ლონდონელებს აბსოლუტურად არაფერი გააბედვინეს.

შეუდარებელი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით, მაგრამ იბრამ ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა (თანაც, რა პასები?!), ხშირად მოედნის სიღრმიდან მოქმედებდა და არაერთხელ მოგვევლინა უზადო ფლეიმეიქერის როლში. ყველაფერი კი კევინ-პრინს ბოატენგის ზღაპრული გოლით დაიწყო.

არ შეიძლება, არ შევაქოთ "როსონერის" მეკარე კრისტიან აბიატიც. რომ არა ის, "არსენალი" ორ გოლს გაიტანდა და საპასუხო
მატჩსაც აზრი შერჩებოდა, აბიატიმ კი რობინ ვან პერსის ორი "მკვდარი ბურთი" აუღო და ეს 4:0 მისი დამსახურებაცაა. ბრავო!

კომენტარები მატჩის შემდეგ:
მასიმილიანო ალეგრი: "არსენალისთვის" 6:0 უნდა მოგვეგო, რომ მისი იმედები საბოლოოდ დაგვემსხვრია

არსენ ვენგერი: "ეს კოშმარული საღამო არასდროს დამავიწყდება"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მიხარია, რომ რობინიომ დუბლი შეასრულა"

ფილიპ მექსესი: ლონდონის "არსენალისთვის" ოთხი გოლის გატანა ფანტასტიკაა

* * *
მანამდე კი იყო "ზენიტისა" და "ბენფიკას" დაპირისპირება. სანკტ პეტერბურგის ყინვამ "ბენფიკას" ხელი ვერ შეუშალა - მართალია, ლისაბონელები დამარცხდნენ, მაგრამ "ზენიტს" სტუმრად ორი გოლი გაუტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიური გრანდი საპასუხო მატჩისთვის საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში იქნება.

მიუხედავად ყინვისა და მოედნის საფარის საშინელი მდგომარეობისა, მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და რაც მთავარია, უხვგოლიანი გამოვიდა. შეხვედრის დასაწყისში მაქსი პერეირამ პეტერბურგელთა სათადარიგო მეკარის, ჟევნოვის შეცდომით ისარგებლა და ლისაბონელები დააწინაურა. თუმცა რუსებმა წონასწორობა ზუსტად 6 წუთში აღადგინეს - ეს რომან შიროკოვმა ერთობ ეფექტური გოლით გააკეთა.

ვინც იფიქრა, რომ მეორე ტაიმში გუნდები უფრო ფრთხილად იქნებოდნენ, სასტიკად შეცდა: 71-ე წუთზე სერგეი სემაკმა მასპინძლები წინ გაიყვანა და თითქოს "ზენიტს" ეს ანგარიში უპრობლემოდ უნდა შეენარჩუნებინა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე, კარდოსომ "პეტროვსკიზე" შეკრებილი ქომაგები დაადუმა. თუმცა ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ლისაბონელებს მაინც გაუტანეს - შიროკოვმა 89-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და "ზენიტს" მოაგებინა, მაგრამ 3:2 არ არის ისეთი გამარჯვება, რომელიც რუსულ კლუბს საპასუხო მატჩისთვის მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები
ზენიტი-ბენფიკა 3:2
ზენიტი (4-2-3-1): ჟევნოვი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ლომბერტსი, ჰუბოკანი - დენისოვი, შიროკოვი - ზირიანოვი (46. სემაკი), კანუნიკოვი (66. ბისტროვი), ფაიზულინი (92. როზინა) - კერჟაკოვი.
ბენფიკა (4-2-3-1): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - მატიჩი, ვიტსელი - გაიტანი (90. მიგელი), კარდოსო, ბრუნო სესარი (77. ნოლიტო) - როდრიგო (30 აიმარი).
გოლები: 0:1 მაქსი პერეირა (20), 1:1 შიროკოვი (27), 2:1 სემაკი (71), 2:2 კარდოსო (87), 3:2 შიროკოვი (88)
გაფრთხილება: ბრუნო ალვეში, ანიუკოვი - ლუიზაო, ბრუნო სესარიმ აიმარი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 12(5)-12(7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 21 000

მილანი-არსენალი 4:0
მილანი (4-1-2-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, ანტონინი - ვან ბომელი - ნოჩრინო, ზეედორფი (12. ემანუელსონი) - კ. პ. ბოატენგი (70. ამბროზინი) - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო (84. პატო).
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი (44. ჯურუ), ვერმაელენი, გიბსი (66. ჩემბერლეინი) - სონგი, როსიცკი - უოლკოტი (46. ანრი), რემსი, არტეტა - ვან პერსი.
გოლები: 1:0 კ. პ. ბოატენგი (15), 2:0 რობინიო (38), 3:0 რობინიო (49), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (79-პენ)
გაფრთხილება: ანტონინი, მექსე, ამბროზინი - სონგი, ჯურუ
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 18(5)-8(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 64 462

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული