ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. სამშაბათის მატჩის მიმოხილვა: მადრიდის "რეალის" საჩუქარი მოსკოვს

AutoSharing Option
ცსკა-მ "რეალს" ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ არც წააგო - ეს უკვე დიდი მიღწევაა. თუმცა მოსკოველებმა ისე ითამაშეს, რომ მეოთხედფინალზე ოცნება აკრძალული აქვთ - ასეთი ფეხბურთით "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხეირის ნახვა გამორიცხულია.

რეაქციები

ჟოზე მოურინიო (რეალის მწვრთნელი): "მეორე გოლი უნდა გაგვეტანა... კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ეს შედეგი არც დრამაა. შარშან, ლიონშიც 1:1 ვითამაშეთ და მერე მეოთხედფინალში გავედით. სანამ მოსკოველები ანგარიშს გაათანაბრებდნენ, რონალდოსთან თამაშის წესები დაირღვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემს გარდა ეს ვერავინ დაინახა."

პონტუს ვერნბლუმი (ცსკა): "თუ მატჩს მთლიანობაში განვსჯით, ჩვენ ბედნიერები უნდა
ვიყოთ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გოლის გატანა გვჭირდება, რაც ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების და ვიცით, რომ შეუძლებელი არაფერია."

TOP ფეხბურთელი
კრიშტიანო რონალდო (რეალი)

"რეალის" ფორმით ჩატარებულ 124-ე შეხვედრაში პორტუგალიელმა 122-ე გოლი გაიტანა და მადრიდულ გრანდს მეოთხედფინალის კარი გაუღო. კრიშტიანო "რეალის" ყველა სახიფათო იერიშში მონაწილეობდა და იმ ხარისხის ნომერ პირველი ინდიკატორი გახლდათ, რაც "სამეფო გუნდმა" "ლუჟნიკებზე" აჩვენა. მასთან ერთად კარგი იყო ჩაბი ალონსოც, რომელმაც მოედნის ცენტრში მოსკოველებს ფაქტობრივად არაფერი გააბედვინა.

FLOP ფეხბურთელი
აჰმედ მუსა (ცსკა)

სლუცკიმ ამ ფეხბურთელს მარჯვენა ფრთაზე აქტიურობა დაავალა, რასაც მუსამ თავი ვერ გაართვა. ნიგერიელმა ვერაფერი გააწყო კოენტრაუს წინააღმდეგ. მოგვიანებით, სეკოუმ დაგვიმტკიცა, რომ ამ პოზიციაზე რაღაც მაინც იყო შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მუსასთან ერთად, აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა დუმბიასაც.

ტაქტიკა-სტრატეგია
მოსკოველებს და მადრიდელებს იდენტური სქემები ჰქონდათ - 4-2-3-1. ცსკა-ს წინა ხაზზე, დუმბიას უკნიდან ძაგოევი უნდა მიხმარებოდა, ფლანგებიდან კი ტოშიჩი და მუსა. საყრდენებად ვერნბლუმი და ალდონინი ვიხილეთ.

ჟოზე მოურინიომ იგუაინი, კაკა და მარსელო სათადარიგოთა სკამზე დასვა. ამათგან, განსაკუთრებით კაკას თამაშგარეთ დატოვება გაგვიკვირდა - ჟოზემ ტრავმირებული დი მარიას ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ბრაზილიელს კალეხონი ამჯობინა.

ანალიზი
პირველი ათი წუთის განმავლობაში "რეალი" თვლემდა, ცსკა კი აქტიური იყო. მადრიდელებს თავიდან განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრში უჭირდათ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მადრიდელები გამოფხიზლდნენ და თამაში გააუმჯობესეს, თუმცა შეტევაში ხეირიანს მაინც ვერაფერს ქმნიდნენ. ამ დროისთვის ქარიმ ბენზემა მოედანზე უკვე აღარ იყო - ფრანგი დაშავდა და იგუაინით შეიცვალა. თუმცა საბედისწერო არაფერი მომხდარა მანამ, სანამ რონალდომ არ გაიბრწყინა და ტოშიჩის შეცდომა არ გამოიყენა.

რუსები უტევდნენ, მაგრამ ძალიან უაზროდ და უიდეოდ. დაკვირვებული თვალი მიხვდებოდა, რომ ცსკა გოლის გატანას მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით თუ მოახერხებდა. არადა, "რეალის" დაცვა არ გავდა გადაულახავ ზღუდეს. თუმცა მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში კასილიასს ერთი დარტყმაც კი არ მოუგერიებია.

მეორე ნახევარში "რეალმა" კიდევ ერთი საფეხურით მოუმატა, მოსკოველები კი წინა ხაზზე უკვე საერთოდ ვეღარაფერს სთავაზობდნენ მეტოქეს.

მეტიც: ცსკა-ს მოედნის ცენტრში ბურთის უჯარიმოდ მოპოვებაც კი ძალიან უჭირდა. სლუცკის გუნდს არ ჰყოფნიდა არც ვაჟკაცობა და არც კლასი.

მართალია, არც მადრიდელებს უფრენიათ, მაგრამ ფაქტია, რომ მოურინიოს შეგირდები მოედნის ბატონ-პატრონები იყვნენ და თამაშს აკონტროლებდნენ. ცხადად ჩანდა, რომ ჟოზემ მათ მეორე გოლის გატანა დაავალა, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში "რეალს" სიმძაფრე აკლდა. ბოლოს მადრიდელები შეეგუენ იმას, რომ მეორე გოლს ვერ გაიტანდნენ და პრინციპში, 1:0-იც საკმაოდ კომფორტული ანგარიში იყო. სწორედ ამ დროს, ბოლო წუთებზე ჩათვლიმა "რეალმა" და კლასობრივად გაცილებით დაბალი რანგის კლუბისგან დაისაჯა.

დასკვნა
"რეალმა" მოგება გააჩუქა, რუსებს კი არაფერი გაუკეთებიათ და ანგარიში შემთხვევით გაათანაბრეს. მიუხედავად ამისა: თუკი ცსკა-ს საპასუხო მატჩში რაღაც უკეთესი უნდა, მინიმუმ ორჯერ უკეთ უნდა ითამაშოს და თან იღბალის იმედად უნდა იყოს. მიუხედავად "რეალთან" 1:1-ისა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოსკოველები თუნდაც მერვედფინალში ყოფნას იმსახურებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული