ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ოთხშაბათის მატჩის მიმოხილვა: გვჯერა, "ბაზელო", გვჯერა!

AutoSharing Option
ბაზელი-ბაიერნი 1:0
"სტ. იაკობ პარკზე" დაფიქსირებული 0:1 "ბაიერნისთვის" ერთობ ცუდი ანგარიშია. "ბაზელი" კარგი გუნდია, რაც ამ სეზონში პირველად ოთხშაბათს ნამდვილად არ დამტკიცებულმა - ეს ჯერ კიდევ მაშინ დამტკიცდა, როცა შვეიცარიელებმა "ოლდ ტრეფორდზე" 3:3 ითამაშეს და მერე "მანჩესტერ იუნაიტედი" სულაც ჯგუფში ჩატოვეს.

ასეთები კი შემთხვევით არ ხდება. ჰოდა, იმის თქმა გვინდა, რომ ბავარიელთა ოცნებას, გავიდნენ ფინალში, რომელიც მათ საკუთარ "ალიანს არენაზე" გაიმართება, წყალი შეუდგა. ამას პირველ რიგში ის გვაფიქრებინებს, რომ შეცვლაზე შესული ვალენტინ შტოკერის გოლამდე, "ბაზელმა" ორჯერ მოარტყა ბურთი ძელს (დრაგოვიჩი მე-16
წუთზე და ალექს ფრაი მე-19 წუთზე). ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, საფინალო სასტვენის შემდეგ "ბაიერნის" გასახდელიდან არასასიამოვნო ხმები გამოდიოდაო - როგორც ირკვევა, რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა ერთმანეთს დაცხეს და ამ წაგებს ერთიმეორეს აბრალებდნენ...

რეაქციები
ჰაიკო ფოგელი (ბაზელის მწვრთნელი): "ჩემმა შეგირდებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც თამაშის წინ ვთქვით და ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიცით, რომ წინ საპასუხო მატჩია და თუ მიუნხენშიც კარგად არ ვითამაშებთ, დღევანდელ გამარჯვებას ფასი დაეკარგება."

იუპ ჰაინკესი (ბაიერნის მწვრთნელი): "ჩემი აზრით, ეს მატჩი 0:0 უნდა დამთავრებულიყო, რაც ჩვენთვის საკმაოდ კარგი შედეგიკ იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩემი შეგირდები ვერ ახერხებენ იმას, რომ ფეხბურთი მშვიდი მიდგომით
ითამაშონ და ტაქტიკურად დისციპლინირებულები იყვნენ. შესაბამისად, გვიჭირს."

ული ჰიონესი (ბაიერნის პრეზიდენტი): "პირდაპირ ამ მატჩის შემდეგ წაგების მიზეზების ძიებას აზრი არ აქვს, წინ უნდა გავიხედოთ. მთავარი ის არის, რომ მეოთხედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ჩვენს ტექნიკურ ფეხბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა გაუჭირდათ. არ ვნერვიულობ და მჯერა, რომ მეოთხედფინალში გავალთ."

მანუელ ნოიერი (ბაიერნი): "რეკორდმაისტერი ასე არ უნდა თამაშობდეს. ამ დღეებში ჩვენ ყველამ გულახდილად უნდა დავილაპარაკოთ, რატომ ვუშვებთ ამდენ შეცდომას, რა არ არის წესრიგში."

TOP ფეხბურთელი
იან ზომერი (ბაზელი)

შვეიცარიელთა მეკარემ მატჩის დასაწყისში ფრანკ რიბერის გოლი ორჯერ არ გაატანინა და ამით "ბაზელი" თამაშში დატოვა, საერთო ჯამში კი რვა დარტყმა მოიგერია. ზომერი პოზიციურადაც კარგად გამოიყურებოდა და საჯარიმოსაც იდეალურად ფლობდა. 23 წლის მეკარე უჩვეულოდ მშვიდი და თავდაჯერებულიც გახლდათ. შედეგიც სახეზეა: ოტმარ ჰიტცფელდმა იანი შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა.

FLOP ფეხბურთელი
ტონი კროოსი (ბაიერნი)

"ბაიერნის" გამთამაშებელი პირველ ტაიმში საერთოდ არ ჩანდა, რაც მისი ასაკის კვალობაზე ჯერ კიდევ დასაშვებია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ "ბაიერნისთვის" ეს არაა ადვილი ასატანი. შეტევების ორგანიზებისას კროოსს საყრდენ ნახევარმცველებთან ან გარემარბებთან "სამკუთხედები" არ გამოსდიოდა, "კედლის გათამაშებაზე" ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

მოკლედ, "ბაზელთან" "ბაიერნს" ფლეიმეიკერი არ უვარგოდა. მართალია, ტონი მეორე ტაიმში უფრო მონდომებული ჩანდა, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა და შეუმჩნეველი დარჩა მანამ, სანამ ჰაინკესმა ივიცა ოლიჩით არ შეცვალა. ეს კი ზედმეტად გვიან, მხოლოდ 89-ე წუთზეღა მოხდა.

ტაქტიკა-სტრატეგია
ფოგელმა თავისი საყვარელი ტაქტიკა, კლასიკური 4-4-2 აირჩია და ძირითადი შემადგენლობა ზუსტად ისე დაალაგა, როგორც "იანგ ბოიზთან" (2:2) შეხვედრაში. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ისტორიულ 2:1-თან შედარებით, შვეიცარიულ გრანდში მხოლოდ ერთი ცვლილება ვიხილეთ: კაბრალის ნაცვლად ჰუგელი თამაშობდა.

ჰაინკესმაც "ბაიერნისთვის" ჩვეული 4-2-3-1 აირჩია და "ფრაიბურგთან" მატჩისგან განსხვავებით (0:0), რობენი და ტიმოშჩუკი სასტარტოში გაამწესა, მიულერი და ლუის გუსტავო კი სკამზე დატოვა. სხვათა შორის, სათადარიგოებს შორის იყო ახალგაზრდა ჩანიც.

ანალიზი
მიუნხენელებმა თამაში ორგანიზებულად დაიწყეს, მაგრამ შეტევაში ბოლო პასის გაკეთება უჭირდათ. არიენ რობენს ყოველთვის ორი ბაზელელი მეურვეობდა და ჰოლანდიელს ვერც თანაფლანგელმა რაფინიამ უშველა, რადგან ბრაზილიელი მეტწილად ძალიან უგულოდ მოქმედებდა.

ამიტომაც იყო, ბავარიელებმა ორივე რეალური მომენტი სხვა ფლანგიდან რომ შექმნეს, მაგრამ რიბერის ორივეჯერ ზომერმა აჯობა.

სადღაც მე-10 წუთიდან "ბაზელი" "ბაიერნს" შეუთამამდა: შვეიცარიელებმა ნოიერის კარის წინ კომბინირება დაიწყეს და თამამაც უნდა ვთქვათ, რომ უმთავრეს ინიციატორებად მოგვევლინენ. "ბაზელის" ფლანგის მცველები პარკი და შტაინჰიოფერი შეტევაში ძალიან მწარედ იკბინებოდნენ და ერთი მხრივ ფლანგის ნახევარმცველებს მშვენივრად ეხმარებოდნენ, მეორემხრივ კი რიცხვობრივ უპირატესობას ქმნიდნენ, რითაც "ბაიერნის" ფლანგის მცველები ლამი და რაფინია მუდმივად დაწნეხილები იყვნენ. შესაბამისად, "ბაზელმაც" შექმნა მომენტები, ბურთი ნოიერის კარის ძელს ორჯერ მოხვდა და წესით, 20 წუთის შემდეგ ანგარიში 2:2 უნდა ყოფილიყო.

"ბაიერნმა" კი ვერა და ვერ შეძლო თამაშზე კონტროლის დამყარება. ჰაინკესის გუნდი მეტწილად უგულოდ მოქმედებდა, კროოსი "იმალებოდა", რობენი დაკეტილი იყო და რა გასაკვირია, რომ ბურთი მარიო გომესამდე არ აღწევდა. ლამი შეტევაში ნაღდად დიდი მონდომებით აქტიურობდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კარგად გახსნილი თანაგუნდელის პოვნა უჭირდა.

დაიწყო მეორე ტაიმი და "ბაზელის" დაცვის ხაზი ძველებურად კარგად ორგანიზებული დარჩა. შვეიცარიული გრანდი თავს ორი ხაზით იცავდა: ბავარიელებს ჯერ ოთხი ნახევარმცველი ებრძოდა, მერე კი ოთხი მცველი. "ბაიერნს" უჭირდა ამ ზღუდის გადალახვა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ 0:0 გარდაუვალი იყო, მაგრამ მერე შეცვლაზე შესულმა ზუამ გაინავარდა და შტოკერი მოძებნა, რომელმაც ნოიერს გაუტანა!

დასკვნა
მითი კი არა, რეალობა ყოფილა ის, რომ "ბაიერნს" შეტევაში უკვე აშკარად აღარ ულხინს - მიუნხენელებმა ეს მარცხი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. საპასუხო მატჩისთვის ფინალზე მეოცნებე რეკორდმაისტერი რთულ მდგომარეობაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული