ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა

AutoSharing Option
"არსენალი" მეომარი სულის, მეომრების გუნდია და ცხადი იყო, რომ მიუხედავად "სან სიროზე" 0:4 განადგურებისა, მედგრად იბრძოლებდა, მაგრამ ლონდონურ კლუბს მაინც სჭირდებოდა ის, რაზეც არსენ ვენგერი მატჩის წინ საუბრობდა და რაც "მეთოფეებმა" მოახერხეს კიდეც - სწრაფი გოლი! ვენგერმა ფეხბურთის ღმერთს ცოტაოდენი იღბალიც სთხოვა და ესეც მიიღო: 26-ე წუთზე ტომაშ როსიცკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

პირველივე ტაიმში ანგარიში 3:0 რომ გახდა (ვან პერსის პენალტით), "ემირეითსზე" სასწაულის სუნი დატრიალდა - "არსენალი" ძალიან ახლოს იყო ზღაპრულ მოვლენასთან. ტაბლოზე 3:0, წინ კი მთელი მეორე ტაიმი, მაგრამ...

2007 წლის შემდეგ "მილანი" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც პირველ შეხვედრაში მარკ ვან ბომელს მოისაკლისებს - ჰოლანდიელმა გუშინწინ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

რეაქციები
არსენ ვენგერი ("არსენალის" მწვრთნელი): "რამდენიმე წუთის წინ ბიჭებს მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ უნდა იამაყონ იმით, რაც დღეს მოხდა. მეორე ტაიმში აშკარად დავიღალეთ, მეტი ნახევარმცველი კი აღარ მყავდა; მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ მინიმუმ ერთ გოლს კიდევ გავიტანდი. აბიატი ფანტასტიკური მეკარეა - ვერ ვიჯერებ, როგორ მოახერხა და როგორ აუღო ვან პერსის ის დარტყმა.

რობინმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, როცა აბიატისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ "მილანის" მეკარემ როგორღაც მაინც შეძლო ამ ბურთის აღება. საერთო ჯამში, "არსენალმა" დღეს მაგრად იბრძოლა და ჩვენ ღირსეულად ვტოვებთ ჩემპიონთა ლიგას. პირველ მატჩში იმდენად ცუდად ვითამაშეთ, რომ კომპენსირება რეალურად შეუძლებელი იყო, მაგრამ მიზანთან მაინც ახლოს ვიყავით. ამიტომაც ვამაყობ ჩემი გუნდით.

მსაჯობით კი უკმაყოფილო ვარ: ჯერ ერთი, არბიტრმა ბევრი სადავო ჯარიმა დანიშნა "მილანის" სასარგებლოდ, ბოლოს კი თამაშს მხოლოდ სამი წუთი დაამატა."

მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მწვრთნელი): "ეს მარცხი კარგად უნდა გავაანალიზოთ. რაკი მთელი ნახევარდაცვა ტრავმირებული მყავს, იძულებული ვიყავი, სამი თავდამსხმელით მეთამაშა და ვიცოდი, რომ ამის გამო დაცვას გაუჭირდებოდა. წაგებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ რაც მთავარია, მეოთხედფინალში ვართ. ახლა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაგვიბრუნდება და ცხადია, მერე უკეთ ვითამაშებთ. ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს გვეშინოდა. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, ისე ითამაშეთ, თითქოს ტაბლოზე 0:0 წერია-მეთქი, რადგან აღარ შეგვეძლო იმის შეცვლა, რაც პირველ ტაიმში მოხდა."

TOP-ფეხბურთელი
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი)

18 წლის ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ დიდი ნიჭის პატრონია. ჯერ იყო და, პირველი გოლი მშვენიერი პასით უზრუნველყო, მერე კი პენალტი მოიპოვა, რომლითაც ვან პერსიმ სხვაობა სამამდე გაზარდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედნის ცენტრში უაღრესად თავდაჯერებული გახლდათ და ორთაბრძოლებშიც მხნედ გამოიყურებოდა.

FLOP-ფეხბურთელი
ჯამელ მესბა (მილანი)

ანტონინის არყოფნაში "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში 27 წლის მესბას ნაძალადევი დებიუტი შედგა და მას მთელი მატჩის განმავლობაში ეტყობოდა, რომ ასეთი პასუხისმგებლობა მისთვის ნამეტანი იყო. პენალტი მისი ბრალია და ზოგადად, მესბას კარგი ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია.

ტაქტიკა-სტრატეგია
როგორც მოსალოდნელი იყო, ვენგერმა უაღრესად შემტევი სტრატეგია აირჩია და სქემაც შესაბამისი შეარჩია - 4-3-3. "ლივერპულთან" მატჩისგან (2:1) განსხვავებით, სასტარტოში არტეტასა და ბენაიუნის ნაცვლად ჩემბერლენი და ჟერვინიო ვიხილეთ. მერტეზაკერი, სკილაჩი, ანდრე სანტოსი, დიაბი, რემსი, უილშირი და კოკელინი კი ტრავმირებულები იყვნენ.

ცვლილებები იყო "მილანშიც". "პალერმოსთან" 4:0-ის შემდეგ ალეგრიმ ძირითადი თერთმეტეული 4 პოზიციაზე შეცვალა: ბონერას (სკამზე), ანტონინის (ტრავმა), ამბროზინის (დისკვალიფიკაცია) და მუნტარის (თამაშის უფლება არ აქვს) ნაცვლად, მოედანზე მექსე, მესბა, ვან ბომელი და ელ შაარავი ვიხილეთ. ზეედორფი, ბოატენგი, მაქსი ლოპესი, პატო, ნესტა, მერკელი, ფლამინი და გატუზო ტრავმირებულები არიან.

ცოტათი გასაკვირი იყო ის, რომ ალეგრიმ რობინიოსა და იბრაჰიმოვიჩთან ერთად, ძირითადში მესამე შემტევი, ელ შაარავიც გაამწესა - ამით მან უარი თქვა ფრთხილ ტაქტიკაზე და "მილანი" რომ გავარდნილიყო, ეს პირველ რიგში მხოლოდ მწვრთნელის ბრალი იქნებოდა. მართალია, ალეგრის დიდი არჩევანი არ ჰქონდა, მაგრამ შეეძლო, თამაში აკვილანით დაეწყო. კურიოზი: ამელიასა და რომას სახით "როსონერის" სკამზე ორი მეკარე ჰყავდა...

ანალიზი
"მილანმა" თამაში ბურთის ფლობის მხრივ საკმაო უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ "როსონერის" ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ, რომ საქმეს არასათანადო ყურადღებით ეკიდებოდნენ.

შესაბამისად, ლოგიკური იყო ის დერეფნები, ლონდონელებს მილანელთა საჯარიმოს მისადგომებთან, ცენტრიდან რომ უთავისუფლდებოდათ. ვან ბომელი ხშირად ორ არსენალელთან რჩებოდა და რა გასაკვირია, უმეტესად დაჩაგრული რომ გამოდიოდა. თანაც, "მილანის" ჰოლანდიელმა საყრდენმა მალევე მიიღო ყვითელი ბარათი და იძულებული გახდა, მერე გაცილებით ფრთხილად ყოფილიყო. "არსენალის" წისქვილზე ამ ფაქტორმაც დაასხა წყალი.

ვენგერმა კი იყნოსა, რომ იმ დღეს "მილანის" მთავარი გასაღები მესბას სისუსტე იყო და თავის შეგირდებს მარჯვენა ფლანგის დაწნეხვა დაავალა - "არსენალის" თავკაცი ცამდე მართალი გახლდათ, რაც მერე არაერთხელ დამტკიცდა. ემანუელსონი და რობინიო ბურთს ზედმეტად ხშირად კარგავდნენ და შესაბამისად, იბრაჰიმოვიჩიც მარტოკაცად რჩებოდა. ერთი სიტყვით, წინა ხაზზე "მილანს" ფაქტობრივად არაფერი გამოსდიოდა და ლოგიკურია ის, რომ შესვენებამდე "როსონერის" მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, რომელიც ელ შაარავიმ ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება "არსენალს": გარდა იმისა, რომ ლონდონელებმა პირველ ტაიმში ხუთი შანსიდან სამი უპრობლემოდ გამოიყენეს და შესვენებაზე საოცნებო, სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, აუცილებლად უნდა შევაქოთ ვენგერის გუნდის შუა ხაზი, სადაც როსიცკიმ, სონგმა და ჩემბერლეინმა საჭირო წესრიგი დაამყარეს.

ალბათ, ბევრს გაუკვირდა, მეორე ტაიმში ვენგერმა ტაქტიკურ გადაადგილებებს რომ მიმართა, მაგრამ ამით მან ალეგრის მორიგი სიურპრიზი შესთავაზა. როსიცკი ნახევრად მემარჯვენე ნახევარმცველი გახდა, სონგი ნახევრად მემარცხენე, ცენტრი კი მთლიანად ჩემბერლეინმა ჩაიბარა.

თუმცა ჭკვიანურად მოიქცა ალეგრიც, რომელმაც გვიან, მაგრამ მაინც შენიშნა, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე მხოლოდ მესბას იმედად ყოფნა კატასტროფას მოასწავებდა და მას ელ შაარავი მიახმარა. ამ გადაადგილებამ შედეგი აშკარად გამოიღო: ლონდონელები შეტევის მარჯვენა ფლანგზე იმდენს ვეღარ ბედავდნენ, რამდენიც პირველ ტაიმში გაბედეს. ამასთან, მილანელები საქმეს გაცილებით სერიოზულად მოეკიდნენ და ორთაბრძოლების მოგებაც დაიწყეს.

მიუხედავად ამისა და ესეც ლოგიკურია, "არსენალს" მაინც მიეცა მეოთხე გოლის გატანის შანსი და ვან პერსისთვის აბიატის რომ არ ეჯობნა, თამამად ვიტყვით, "მილანს" ალბათ შავი დღე დაადგებოდა. მაგრამ ვენგერს და მის შეგირდებს ბოლომდე არ გაუმართლათ. სხვამხრივ კი ბევრი ვეღარაფერი მოახერხეს.

დასკვნა
შესანიშნავი პირველი ტაიმის შემდეგ "არსენალი" ძალიან ახლოს იყო სასწაულთან, "მილანი" კი ჩემპიონთა ლიგაში ჩალურჯებული თვალით გავიდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული