რეაქცია
ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი): "კრიშტიანო რონალდო გენიალური ფეხბურთელია! შარშანდელი შედეგების შემდეგ მეგონა, რომ იმაზე უკეთესად ვეღარ ითამაშებდა, მაგრამ წელს დამარწმუნა, რომ უფრო მეტიც შესძლებია.
ამბობდნენ, "რეალს" იოლი მატჩი ელისო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მაქსიმალური კონცენტრაციის გარეშე შეიძლებოდა, საქმე გართულებულიყო. ფანტასტიკური ფეხბურთი არ გვითამაშია, მაგრამ რაც მთავარია, მეოთხედფინალში თავის ტკივილის გარეშე გავედით."
ლეონიდ სლუცკი (ცსკა-ს მწვრთნელი): "იმისათვის, რომ შემდეგ
TOP-ფეხბურთელი
სამი ხედირა (რეალი)
საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორ კრიშტიანო რონალდოს დასახელება ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამჯერად ის ფეხბურთელი გამოვარჩიოთ, რომელიც "რეალში" "შავ საქმეს" აკეთებს ხოლმე - მით უმეტეს, რომ გერმანელმა საყრდენმა თავისი საქმე მართლაც იდეალურად გააკეთა. ხედირა კარგად გრძნობდა თამაშს და მონდომება არც ორთაბრძოლებში აკლდა. გარდა ამისა, გონსალო იგუაინმა პირველი სწორედ მისი პასით გაიტანა. მასთან ერთად, ძალიან კარგი იყო "რეალის" მეორე საყრდენი ნახევარმცველი ჩაბი ალონსოც.
FLOP-ფეხბურთელი
გეორგი შჩენნიკოვი (ცსკა)
ეს ნამდვილად არ იყო მოსკოველთა ახალგაზრდა მარცხენა მცველის დღე - რაც დააპირა, არაფერი გამოუვიდა! ორი არაზუსტი პასის შემდეგ ბურთი ორივე შემთხვევაში მადრიდელებს რომ ჩააბარა, შჩენნიკოვს თავდაჯერების ნატამალიც კი აღარ შერჩა და მას მერე მეტოქის ნახევარზე გადასვლა, ფაქტობრივად, აღარც გაუბედია.
ტაქტიკა-სტრატეგია
როგორც მოსალოდნელი იყო, "რეალის" ნახევარდაცვაში უკან ხედირა-ჩაბი ალონსოს დუეტი, წინ კი იოზილი-კაკა-რონალდოს ტრიო ვიხილეთ. ჟოზე მოურინიომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ამჯერად იგუაინი გაამწესა, ბენზემა კი სკამზე დატოვა.
რუსებს თავიანთი ლიდერი კეისუკე ჰონდა მაინც გამოაკლდათ. მატჩამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ იაპონელი თამაშს შეძლებდა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზეც კი არ გამოჩენილა.
ანალიზი
"რეალი" სათამაშო უპირატესობას, რა თქმა უნდა, თავიდანვე დაეუფლა, მაგრამ პირველ წუთებში მადრიდელებს მოედნის ბოლო მესამედში აშკარად უჭირდათ, რადგან მოსკოველები დაცვაში კომპაქტურად იდგნენ და ყურადღებით თამაშობდნენ.
კაკა, იოზილი და რონალდო ბევრს მოძრაობდნენ და ერთმანეთს ადგილებს უცვლიდნენ. იგუაინიც ხშირად იხევდა უკან, რათა ცსკა-ს მცველთა მარწუხებისგან გათავისუფლებულიყო, მაგრამ "რეალს" აკლდა ტემპი, მეტოქის დაწნეხვის სურვილი ფლანგებიდან და სიმსუბუქე "ერთი-ერთზე სიტუაციებში". შესაბამისად, რუსების კართან სერიოზული საგოლე მომენტი დიდხანს არ შეიქმნა. ცსკა-ს მიზანი კი, ცხადია, ხეირის კონტრშეტევებზე ძებნა გახლდათ - განსაკუთრებით მუსა აქტიურობდა მარჯვენა ფლანგზე.
სადღაც მე-20 წუთიდან "რეალმა" ტემპს მოუმატა. მადრიდელებმა უფრო მოინდომეს და შესაბამისად, უფრო ვარირებადნი და თავდაჯერებულნი გახდნენ, რასაც მოჰყვა კიდეც იგუაინის გოლი და "სამეფო გუნდმა" შესვენებამდე 1:0 იკმარა.
მეორე ტაიმიც ისე დაიწყო, როგორც პირველი, ოღონდ მოსკოველებს მეტი დაძაბულობა ეტყობოდათ. შესაბამისად, "რეალის" მეორე გოლი ლოგიკური იყო. ამის შემდეგ უკვე მხოლოდ "რეალი" თამაშობდა, ქარიმ ბენზემამ კი მოედანზე გამოჩენიდან ბურთთან მეორე შეხება გოლით დააგვირგვინა. თამაშს ადრენალინი (ისიც მცირე დოზით) ცსკა-ს მოულოდნელმა გოლმა შემატა, მაგრამ მადრიდელებმა საქმე უპრობლემოდ მოათავეს.
დასკვნა
ვერ ვიტყვით, რომ "რეალმა" ბრწყინვალე თამაში აჩვენა, მაგრამ ცხადია, მეტი არც იყო საჭირო. ცსკა მადრიდულ სუპერგრანდთან ხომ თავიდანვე უშანსოდ იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"