მიუხედავად იმისა, რომ აპოელ-მა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, კვიპროსული კლუბი მეოთხედფინალში მაინც ყველასათვის სასურველი მეტოქე გახლდათ და ეს "ლუკმა" მადრიდის "რეალს" ერგო.
გაუმართლა მიუნხენის "ბაიერნსაც" - რეკორდმაისტერი მეოთხედფინალში მარსელის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდება. "ჩელსის" კი "ბენფიკასთან" ექნება საქმე.
მეოთხედფინალის ოთხი წყვილიდან, ერთმანეთში
შეგახსენებთ, რომ "მილანი" და "ბარსა" ჯგუფში ერთად იყვნენ: "ნოუ კამპზე" გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა ("მილანმა" ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა), "სან სიროზე" კი დაძაბულ ბრძოლაში, "ბარსელონამ" 3:2 მოიგო.
ალეგრი: არ გაგვიმართლა, მაგრამ ვიფიქროთ პოზიტიურად!
"ყველაზე მეტად ჩვენ არ გაგვიმართა, - წუხდა წილისყრის შემდეგ "მილანის" მთავარი მწვრთნელი, 44 წლის მასიმილიანო ალეგრი, - მაგრამ მოდით, ამას პოზიტიურად შევხედოთ. თუ შევძლებთ და "ბარსას" ბარიერს გადავლახავთ, ფინალში გასვლის და მისი მოგების ბრწყინვალე შანსი გაგვიჩნდება, რადგან "ბარსელონა" უკვე გავარდნილი იქნება.
ამ სეზონში "ბარსას" ორჯერ შევხვდით: "ნოუ კამპზე" თავს კარგად ვიცავდით და "სან სიროზეც" - მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით - მშვენივრად ვითამაშეთ.
"ბარსელონა" მსოფლიოს უძლიერესი კლუბია, მაგრამ უშანსოდ არ ვართ. კატალონიელებთან მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მონდომება და თავდაჯერება.
გაიხსენეთ: ასეთ მატჩებში "მილანი" ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას ხოლმე და საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს".
"მილანი" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, - ეს "ბარსას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებია, - თუ პირველობა გვინდა, საუკეთესოები უნდა დავამარცხოთ. ნახევარფინალზე ჯერ არ ვფიქრობ და მხოლოდ ის ვიცი, რომ "მილანთან" მძიმე ბრძოლები გველის".
მეოთხედფინალში სულ ორი ისეთი გუნდია, რომლებსაც ჩემპიონთა თასი არასდროს მოუგიათ: აპოელ და "ჩელსი". ლონდონურ კლუბს "ბენფიკასთან" მოუწევს პაექრობა და რობერტო დი მატეოს შეგირდებს ამ წყვილში აშკარა ფავორიტებად ვერ შევრაცხავთ - რაც უნდა იყოს, პორტუგალიურმა გრანდმა ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩატოვა, მერვედფინალში კი, სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" სახით არცისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა.
ბარსა-რეალი მხოლოდ ფინალში შეიძლება
"ბაიერნისა" და "მარსელის" დუელში განსაკუთრებული ინტრიგა ფრანკ რიბერის ფაქტორია, რომელიც ადრე სწორედ ველოდრომელთა ღირსებას იცავდა.
"მარსელში ორი წელი ვითამაშე და მინდა ჩემი თანაგუნდელები გავაფრთხილო: "ოლიმპიკთან" ძალიან რთული მატჩები გველის. "ველოდრომზე" წარმატების მიღწევა ურთულესია და თანაც, "მარსელი" საკმაოდ აგრესიული გუნდია", - განაცხადა რიბერიმ.
მოგეხსენებათ, ფინალი მიუნხენში უნა გაიმართოს, რაც "ბაიერნისთვის" განსაკუთრებული შანსია, გახდეს მესამე გუნდი ჩემპიონთა თასის ისტორიაში, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ჯილდოს საკუთარ არენაზე მოიგებს. აქამდე ეს მხოლოდ ორმა გუნდმა, "რეალმა" (1956/57 წლების სეზონში) და "ინტერმა" (1964/65) მოახერხეს.
აქვე აღვნიშნოთ, რომ "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს ფინალამდე ვერ შეხვდებიან. თუ მეოთხედფინალმა სენსაციების გარეშე ჩაიარა, ნახევარფინალში ერთი მხრივ "რეალისა" და "ბაიერნის" დუელს ვნახავთ, მეორე მხრივ კი "ჩელსი"-"ბარსელონას" ან "ჩელსი"-"მილანს".
ჩემპიონთა ლიგა
1/4 ფინალი
თარიღი მატჩი
27 მარტი აპოელ-რეალი
27 მარტი ბენფიკა-ჩელსი
28 მარტი მარსელი-ბაიერნი
28 მარტი მილანი-ბარსელონა
3 აპრილი ბაიერნი-მარსელი
3 აპრილი ბარსელონა-მილანი
4 აპრილი რეალი-აპოელ
4 აპრილი ჩელსი-ბენფიკა
1/2 ფინალი
თარიღი მატჩი
17 აპრილი მარსელი/ბაიერნი-აპოელ/რეალი
18 აპრილი ბენფიკა/ჩელსი-მილანი/ბარსელონა
24 აპრილი მილანი/ბარსელონა-ბენფიკა/ჩელსი
25 აპრილი აპოელ/რეალი-მარსელი/ბაიერნი
ფინალი
19 მაისი, მიუნხენი, "ალიანს არენა"
ევროპალიგა
1/4 ფინალი
თარიღი მატჩი
29 მარტი ალკმაარი-ვალენსია
29 მარტი შალკე-ბილბაო
29 მარტი სპორტინგი-მეტალისტი
29 მარტი ატლეტიკო-ჰანოვერი
5 აპრილი ვალენსია-ალკმაარი
5 აპრილი ბილბაო-შალკე
5 აპრილი მეტალისტი-სპორტინგი
5 აპრილი ჰანოვერი-ატლეტიკო
1/2 ფინალი
19 აპრილი ატლეტიკო/ჰანოვერი-ალკმაარი/ვალენსია
19 აპრილი სპორტინგი/მეტალისტი-შალკე/ბილბაო
26 აპრილი ალკმაარი/ვალენსია-ატლეტიკო/ჰანოვერი
26 აპრილი შალკე/ბილბაო-სპორტინგი/მეტალისტი
ფინალი
9 მაისი, ბუქარესტი, ეროვნული სტადიონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"